8 ივნისს ვლადიმირ პუტინი მეუღლესთან ერთად კრემლის სახელმწიფო სასახლეში ბალეტ "ესმერალდას" დაესწრო. სპექტაკლის დასრულების შემდეგ წყვილმა განქორწინების შესახებ გააკეთა განცხადება.
"ჩემი და ლუდმილა ალექსანდროვნას ქორწინება დასრულდა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. იმ დღეს ვლადიმირ პუტინი დიდი ხნის პაუზის შემდეგ მეუღლესთან ერთად საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა. ხმები იმის შესახებ, რომ მეუღლეები ერთად არ ცხოვრობდნენ, დიდი ხნის წინ გავრცელდა, შემდეგ ეს ამბავი თავად სახელმწიფოს მეთაურმა დაადასტურა. რუსეთის პრეზიდენტმა განქორწინების შესახებ პროგრამა "Вести 24"-ის ეთერში ხმამაღლა განაცხადა.
ამის შემდეგ კი რუსეთის პირველი ლედი გულახდილად ალაპარაკდა თავის ქორწინებაზე, ქმარსა და შვილებზე.
ლუდმილა ალექსანდრეს ასულმა პუტინამ, რომლის ქალიშვილობის გვარი შკრებნევაა, 1986 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგ-რომანისტის სპეციალობით. 1986-1990 წლებში ქმართან ერთად გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშაობდა. 1990-1994 წლებში კი - ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა დახელოვნების კათედრაზე გერმანული ენის პედაგოგად.
ვლადიმირ და ლუდმილა პუტინებმა განქორწინების შესახებ გაკეთებული განცხადებით მრავალწლიან ქორწინებას საბოლოოდ დაუსვეს წერტილი. პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შორის რთული ურთიერთობის შესახებ პირველად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც გამოქვეყნდა მწერალ ოლეგ ბლოცკის წიგნი "ვლადიმირ პუტინი. ცხოვრების ამბავი", რომელშიც პრეზიდენტის მეუღლემ მკითხველს მათი გაცნობისა და თანაცხოვრების მომდევნო წლების ღირსშესანიშნავი მომენტების მოგონებები გაუზიარა.
ლუდმილა პუტინა იხსენებს, რომ მისი მეუღლის ცხოვრების სტილი, ჩაკეტილობა (ცოლმა მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ გაიგო, რომ მეუღლე "სუკის" ოფიცერი იყო), მუდმივად სამსახურში ყოფნა, არ შეესაბამებოდა ლუდმილას წარმოდგენას ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შესახებ. ეს არ იყო ერთი ნახვით შეყვარება, მას ქმარი თანდათან, უფრო და უფრო მეტად უყვარდებოდა. დღეს ლუდმილას სიტყვები საპრეზიდენტო წყვილის ქორწინების ისტორიის უკეთ გარკვევაში გვეხმარება:
"მე და ვალოდია ერთად ვმუშაობდით, კარგად მახსოვს ვალოდიასთან პირველი შეხვედრა... ახალი ნაყიდი ჰქონდა იმ დროს მოდური სტერეოსისტემა "როსია" და ამის აღსანიშნავად მე და ორი მეგობარი ბიჭი შინ მიგვიპატიჟა, ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდა.