იურისტმა ლევან ალაფიშვილმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. კერძოდ, მისი თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა, კონსტიტუციის საშემოდგომო მოდელი არასოდეს ამოქმედდება.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები იზრდება, მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების დღიდან. იურისტის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა, აღნიშნული ნორმა დარჩება ქაღალდზე და არ ამოქმედდება. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა 1-ელ აგვისტომდე უნდა გამოაცხადოს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, თუმცა შეუძლია 1-ელ აგვისტომდე გადადგეს. ალაფიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში, საზოგადოების მიერ არჩეულ მომდევნო პრეზიდენტს იგივე უფლებამოსილება ექნება, როგორიც დღევანდელ პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს. სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, კოალიციის შიგნით დაიწყოს მსჯელობა ახალ საპრეზიდენტო კანდიდატზე, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს გაუჭირდება იყოს წარმატებული.
ალაფიშვილის განცხადებით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, მოქალაქეობის საკითხის დარეგულირების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა და კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. ამავე დროს, ალაფიშვილი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადადგომა ოპტიმალურ პირობებში ჩააყენებს, რადგან ასაკიდან გამომდინარე, სამომავლოდ მას რჩება შანსი, რომ პოლიტიკაში დარჩეს. იურისტის განცხადება სხვა მხრივაც საყურადღებოა: არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის საკითხი სერიოზულად განიხილებოდა. თუ ალაფაშვილი არ ცდება და კანონმდებლობაში მართლაც არის მსგავსი სქემა ჩადებული, არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა თავისი გადადგომით ივანიშვილს ბოლო დარტყმა მიაყენოს. მაგალითად, შესაძლოა, სააკაშვილი იმედოვნებდეს, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში "ქართული ოცნების" ბანაკში დაბნეულობა დაისადგურებს, ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს შეცვლის ან თავად იყრის კენჭს ქვეყნის პირველი პირის პოსტზე. თუმცა, ასეც რომ იყოს, პრემიერისთვის ეს არ იქნება ისეთი დარტყმა, რომ ამან რაიმე სერიოზულ პროცესებს ჩაუყაროს საფუძველი. ჯერ ერთი, ნაკლებად სავარაუდოა, პრემიერმა პრეზიდენტის პოსტზე მარგველაშვილის კანდიდატურა შეცვალოს - ეს არ იქნება ლოგიკური. მარგველაშვილი ივანიშვილის ნდობით სარგებლობს და პრემიერის ფიგურიდან და რეიტინგიდან გამომდინარე, საფრთხე, რომ მარგველაშვილმა "დამოუკიდებელი თამაში" დაიწყოს და "საქმეს თავი ვერ გაართვას", არ არსებობს. მეორეც - მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში შეიძლება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და ქვეყანა მაინც გადავა ახალ მოდელზე. ასე რომ, თუ სააკაშვილმა 1-ელ აგვისტომდე გადადგომა გადაწყვიტა, ამით პროცესი მხოლოდ გაჭიანურდება, არსებითად კი არაფერი შეიცვლება. თუ მოქმედ პრეზიდენტს სურს, თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლით სამომავლოდ ქულები დაიწეროს, ეს მისი საქმეა. ვნახოთ, გამოეთხოვება თუ არა სააკაშვილი ვადაზე ადრე საპრეზიდენტო კომფორტს. ტოტალიზატორზე ამაზე ფსონები რომ იდებოდეს, ალბათ, ასიდან მხოლოდ ერთი შანსი იქნებოდა.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)