ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება.
"პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენ თვითონ მივანიჭეთ ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეას მნიშვნელობა, რომელიც მას არ გააჩნია და ძალიან დიდ დროს და ყურადღებას ვუთმობთ... მაგრამ ამავე დროს ვუბრუნდები ჩემ უკვე მერამდენე თვიან შენიშნვას: არ შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ (რომელიც არჩეულ იქნა ლობისტების მიერ გაპიარებულ ხელისუფლების შემდეგ) თავისი თავი არ გააცნოს მსოფლიოს, თავის მიზნებიანად, თავისი გზა პრობლემების დაძლევის და ახსნას ზოგიერთი ზომების აუცილებლობა და საფუძველი... ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა იგნორირებას ვერ გავუკეთებთ მსოფლიოს... გვინდა არ გვინდა, მოგვწონს არ მოგვწონს, ვართ საერთაშორიო თანამეგობრობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენ თუ არ მივუტანთ ჩვენ სიმართლეს, მაშინ ნუ გვიკვირს, რომ "ნაცმოძრაობა", რომელსაც ამისი დიდი პრაკტიკა გააჩნია და დღეს სხვა საქმე არაა აქვს, აქტიურად აგრძელებდეს თავის მავნებლურ საქმიანობას... ვიკითხოთ ჩვენ, სადა ვართ და ქვეყნის იმიჯს, ამ ქვეყანაში სამართლიანობის და დემოკრატიის აღდგენის აუცილებლობას რატომ არ ვამცნობთ და ვუხსნით არგუმენტირებულად მსოფლიოს! დრო გადის, მკვვიდრდება ჩვენს მიმართ არასწორი მოსაზრებები, რისი შემდეგ გამოსწორება ბევრად ძნელია.... "ვერ" მიგვაქვს ჩვენი სიმართლე სხვებთან თუ "არ" მიგვაქვს? და რატომ? სხვათა შორის იგივე კითხვა ისმის შიგნით: საქართველოს მოსახლეობა მეტის ღირსია და უნდა აეხსნას ქვეყნის პრიორიტეტები, სირთულეები და შემდეგი ნაბიჯები დ სტრარტეგიები... დრო დადგა, რომ საზოგადოება მიჩნეულ იქნას თავისი ხელისუფლებისგან როგორც სრულყოფილი სუბიექტი და თანაბარი პარტნიორი.... სხვა გზა ამ საზოგადოების ზრდის და ფეხზე დადგომის არ არსებობს!", - წერს ზურაბიშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, "თუ რჩევა ასეთია, რომ ვანო მერაბიშვილს ვაპატიოთ, მაშინ გვჭირდება მეორე რჩევაც, რას ნიშნავს სამართლიანობა".
ამის შესახებ უსუფაშვილმა ევროპარლამენტის წევრ კრისტოფ ლიზეკის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, "უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრ იულია ტიმოშენკოს ციხეში უკეთესი პირობები აქვს, ვიდრე - საქართველოს ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს".
"ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ქართველ ხალხს, რომელიც იყო მსხვერპლი; თუ რჩევა ასეთია, რომ ვაპატიოთ, მაშინ გვჭირდება მეორე რჩევაც, რას ნიშნავს სამართლიანობა. ვანო მერაბიშვილი 8 წელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რამდენიმე თვეა უკავია პარტიის გენმდივნის პოსტი; ის იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად მთავარ მმართველ ძალას წარმოადგენდა ქვეყანაში. თუ ვინმემ ამის შესახებ არ იცის, შემიძლია ვუთხრა, რომ დღევანდელი დისკუსიიდან ერთი რამე ვისწავლე, ეს არის შერჩევითი პოლიტიკური სამართალი, შერჩევითი სამართალი არ შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოში და თუ ეს ასეა, მე ვიღებ ამას, როგორც გაკვეთილს და ვურჩევ ჩემს კოლეგებს, ის არასოდეს გამოიყენონ", - განაცხადა უსუფაშვილმა.