ის საზოგადოებამ გაიცნო, როგორც მომღერალი, მხატვარი. წლების წინ, საკუთარი ძალები საკანონმდებლო ორგანოშიც მოსინჯა, ახლა მსახიობობით არის დაკავებული - ნუგზარ ერგემლიძე სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მთავარი გმირის - კატო კირვალიძის მამის როლშია. ამბობს, რომ თავის გმირთან საერთო თვისებებს პოულობს. მაგალითად, გოგის მსგავსად, შვილი თავადაც გვიან იპოვა.
- პროფესიით მსახიობი არ ხართ. სერიალში თამაში არ გიჭირთ?
- სერიალის შემქმნელებს გოგი კირვალიძე როგორიც წარმოედგინათ, იმ ტიპაჟს მოვერგე და ცხადია, როლი შემომთავაზეს. საინტერესო სამუშაოა. მთავარია, ტექსტი იცოდე, დიალოგში დროზე ჩაერთო, ტემპი არ დააგდო. უწყვეტი გადაღებებია და ერთ მსახიობს რაიმე რომ შეეშალოს, ყველანი ვჩერდებით, მუშაობას თავიდან ვიწყებთ. შინაგანად სულ ვნერვიულობ, - რამე არ შემეშალოს-მეთქი. ხომ იცით, ყველას სადღაც ეჩქარება, სხვა საქმეებიც აქვთ მოსაგვარებელი.
- თქვენთვის ეს როლი იქნებ იმიტომაც არის საინტერესო, რომ გოგი კირვალიძის მსგავსად, შვილთან ურთიერთობა წლების შემდეგ აღადგინეთ.
- მარტო ეგ არ არის. სადღაც შვილი უამრავ ქართველ მამაკაცს ჰყავს. მთავარია, გმირის ადგილზე საკუთარი თავი წარმოიდგინო.
- თქვენს შვილთან - ირაკლისთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ერთმანეთს ვურეკავთ, მაგრამ ხშირი ურთიერთობა არ გვაქვს.
- საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს?
- შესაძლოა, ჩამოვიდეს კიდეც. ირაკლი გერმანიაში ცხოვრობს, პროფესიით რეჟისორია და საკუთარი სტუდია აქვს.
- სერიალში თქვენი თამაში ნანახი აქვს? როგორ გაფასებთ?
- მოსწონს. ჩემი კლიპიც ნახა და მითხრა, - მე რომ გადაგიღებ, უფრო კარგი გამოვაო. გამგზავრებას ვაპირებ, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული.
- ახლა გთხოვთ, ჩემ მიერ შემოთავაზებული წინადადებები დაასრულოთ. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...გემის კაპიტანი, მსახიობი, მფრინავი, მხატვარი, ფეხბურთელი... ბევრი რამ ჩამოვთვალე, არა? ჰო, მეც ვდარდობდი, გემის კაპიტნობას რომ ვაპირებ, მხატვარი როგორღა ვიქნები-მეთქი? მამამ მითხრა, - შეიძლება იყო კაპიტანი, რომელიც ხატავსო.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...მინისტრი. ძალიან კარგი კულტურის მინისტრი ვიქნებოდი, რადგან ხელოვნების ბევრ დარგში ვარ ჩახედული. ტელევიზიასაც ვუხელმძღვანელებდი და კარგი პროდიუსერიც ვიქნებოდი, მაგრამ ასეთი თანამდებობა არასდროს არავის შემოუთავაზებია ჩემთვის.
- პოლიტიკიდან წამოვედი, რადგან...
- ...საპარლამენტო ვადა ამომეწურა. მე აქტიური პოლიტიკოსი მაშინაც არ ვიყავი, ახლა კი "მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავართ, რომლის ხელმძღვანელები სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია არიან. სურვილიც არ მაქვს, პოლიტიკაში აქტიურად ჩავერთო. პარლამენტში იმიტომ ვიყავი, რომ ხელოვან ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დავხმარებოდი.
- ჩემზე ამბობენ, რომ...
- ...სხვადასხვა რამეს ამბობენ: ზოგი ამბობს, როგორ ყველაფერს მიედ-მოედებაო, ზოგი - ნიჭიერიაო, მაგრამ მთავარია, წლების შემდეგ რას იტყვიან.
- ამბობენ, ზურაბ ადეიშვილის დეიდაშვილიაო...
- ...ეს ვინ გითხრათ? ტყუილია! ჩემი დეიდაშვილი არის მანანა მითაიშვილი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. სოსო შატბერაშვილის მეგობარი, მისი შვილის ნათლია ვარ და პოლიტიკაში ლეიბორისტული პარტიიდან მოვხვდი. გამოჩენილი კაცი ვარ და სიაში ამიტომაც ჩამსვეს. ან საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი დეიდაშვილი ვარ? მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ძმა ძმის პოლიტიკურ წარსულზე პასუხს არ აგებს.
- ვიბნევი, როცა...
- ...საერთოდ არ ვიბნევი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...რობერტ ბარძიმაშვილს.
- ბედნიერი ვარ, როცა...
- ...მეუბნებიან, - თქვენი ნახატი მოგვეწონაო; კიდევ, როცა ლექსს მიბეჭდავენ, როცა გადაცემაში მიწვევენ, როცა კონცერტზე ტაშს მიკრავენ. ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეუღლე, შვილები...
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ზარმაცი არ ვარ. არასდროს არც ერთი კონცერტი, გადაღება არ ჩამიგდია. პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. როცა ადამიანს რაიმეს დავპირდები, აუცილებლად შევუსრულებ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს...
- ..."ნაგლი" არ ვარ და ეს თან მომწონს, თან - არა.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...ჭკუა. ჭკუა და ნიჭი განსხვავებული რამ არის. მიმნდობი ადამიანი ვარ.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...აღარაფერი ეშველება. შეცდომებზე ხშირად არ ვფიქრობ.
- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...
- ...მთლად ასეც არ არის. ბებია ამბობდა ხოლმე: დილით სახლიდან რომ გადიხარ, აუცილებლად მარჯვენა ფეხი უნდა გადადგაო; კარგი ენის იყავი, თორემ კოსმოსში ცუდ სიტყვებს თუ გაუშვებ, უკანვე დაგიბრუნდებაო.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ვწუხვარ, რომ ცხოვრება სიკეთისკენ ძალიან ნელა მიდის. მთელ ერს ისევ ერთმანეთის ქიშპობაში გვეკარგება დრო, ენერგია, ნერვები...
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...საკუთარ თავსაც დავეხმარებოდი და ხალხსაც. ვინმეს ფულს კი არ ვაჩუქებდი, საქმეს გავუჩენდი და ლუკმაპურს საკუთარი შრომით მოვაპოვებინებდი; ხელოვანებს ხელს შევუწყობდი და კინოსაც გადავიღებდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...მტკვარში ვერ გადავხტები.
- სიყვარული ეს...
- ...სასიამოვნო გრძნობაა, მით უმეტეს - მაშინ, როცა საშუალება გაქვს, შენი რჩეული ნაყინზე დაპატიჟო, კინოში წაიყვანო.
- მაკვირვებს...
- ...ვერ გავიგე, აქამდე ფეხზე რატომ ვერ დავდექით? ხალხს არჩევნების წინ ისევე, როგორც ქალს გათხოვებისას, ბევრ რამეს ჰპირდებიან, მერე კი დაპირებები არ სრულდება.
- ცხოვრებაში რისკზე...
- ...იშვიათად მივდივარ, მით უმეტეს - სულელური რისკები ნაკლებად მიზიდავს. ბანკში ბინას არ ჩავდებ იმის გამო, რომ საქმე წამოვიწყო. 3-ოთახიანი ბინა მაქვს და 2 შვილი მყავს, ასე რომ, არ მაქვს იმის ფუფუნება, სულელური იდეის გამო საცხოვრებელი დავკარგო. მინიმალისტი ვარ და ავტომანქანაც ეკონომიური მყავს - 100 კილომეტრზე მხოლოდ 7 ლიტრ საწვავს ხარჯავს. სახელის მოხვეჭა მირჩევნია "ყოველსა მოსახვეჭელსა".
- არ მრცხვენია...
- ...ჩემი ხელოვნების, საკუთარი წარსულის. ადამიანი არ გამიწბილებია, არ გამიუბედურებია, ბოროტება არ ჩამიდენია და პარლამენტში რომ შევედი, მაგის თუ უნდა მრცხვენოდეს, მაშინ გეტყვით, რომ მრცხვენია.
- მეშინია...
- ...სიკვდილის. არ ვიცი, რა იწყება გარდაცვალების შემდეგ და ამიტომაც მეშინია.
- ვერ დავიჯერებ, რომ...
- ...ყველაფერს დავიჯერებ.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...მამა მეუბნებოდა: შენ ხელოვანი კაცი უნდა გამოხვიდე, მხატვრობას უნდა გაჰყვეო. ჰოდა, სამხატვრო აკადემიაში ამიტომაც ჩავაბარე.
- დაბოლოს, გეტყვით, რომ...
- ყველა ადამიანს თავისი ბედი აქვს, თავისი ვარსკვლავი. როცა ვიღაცას უმართლებს, მე არ ვნერვიულობ. ყველას ვურჩევ, სხვის წარმატებაზე არ დაიბოღმონ. ყველამ დაიმახსოვრეთ: თბილი სიტყვა წამალია!
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)