"სკანდალი" კერი ვაშინგტონის მონაწილეობით ტელეეკრანებზე 2012 წლის 5 აპრილს გამოჩნდა. ეს გახლავთ ამერიკული დრამატული ტელესერიალი, რომელიც შონდა რაიმსმა შექმნა და შავკანიანი ლამაზმანი, კერი ვაშინგტონი დააკავა მთავარ როლზე. შეგახსენებთ, კერიმ ამას წინათ შესანიშნავ ამერიკელ რეჟისორთან, კვენტინ ტარანტინოსთან იმუშავა და "ჯანგოში" ერთ-ერთი პერსონაჟი განასახიერა. კერი ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონად მიიჩნევა ჰოლივუდის სამყაროში.
სერიალის მთავარი გმირი ანტიკრიზისული სიტუაციების მენეჯერი, პიარის სპეციალისტი ოლივია პოუპია, რომელიც თავის ჯგუფთან ერთად მდიდარი კლიენტების ურთულეს პრობლემებს წყვეტს. მის კლიენტებს შორის ისეთი გავლენიანი ადამიანებიც არიან, რომელთაც თეთრ სახლთან პირდაპირი კავშირი აქვთ. ოლივიას ვინაობა მათთვის საიდუმლო იმიტომ არ არის, რომ პოუპი თავის დროზე სწორედ პრეზიდენტთან მუშაობდა და მის პიარს უზრუნველყოფდა. "სკანდალის" დასაწყისში არ ჩანს, რატომ დატოვა სამსახური მთავარმა გმირმა და რატომ ვერ იგრძნო თავი კომფორტულად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანის გვერდით. თავიდან, როდესაც პირველ სერიას უყურებ, გგონია, რომ ეს არის უბრალოდ ძალიან მოხერხებული და ჭკვიანი ქალბატონის ამბავი, ის ყველას უგვარებს ერთი შეხედვით მოუგვარებელ საქმეებს; თუმცა მერე და მერე, შემდეგ სერიებში, წინა პლანზე პრეზიდენტი გამოდის და ირკვევა, რომ ოლივიას მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები არ აკავშირებდა.