თეა წულუკიანი - უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავს

თეა წულუკიანი - უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავს

რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა სახის უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავს, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე.

მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ითვალისწინებს, უკვე მომზადებულია.

"ჩვენ შევხვდით რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ და სხვა სახის უმცირესობის წარმომადგენლებს. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება უფლებრივი თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მათ უფლებებს დაცვა სჭირდება, ამ მიზნით ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებისთვის არჩევნებამდე მიცემულ პირობას და უკვე დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ემსახურება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას, რათა უზრუნველვყოთ კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, მიუხედავად იმისა თუ რა მოსაზრებები აქვთ მათ, რომელ რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ მინისტრებთან და სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა და ქვეყანაში ამგავრი კანონის არსებობას ყველა მიესალმება.

"ახლა მთავარია კანონპროექტის გაუმჯობესების მიზნით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები ვაწარმოოთ, ასევე ბატონმა თომას ჰამერბერგმა გვირჩია, რომ კონსულტაციები გავიაროთ შვედ ექსპერტთან, ამის შემდეგ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შევა", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ