მომღერალი და რადიოწამყვანი - დიტო ქისიშვილი ბავშვობაში ფრინველების ჭერით, მტრედების მოვლით იყო გატაცებული და ცხოველებიც განსაკუთრებულად უყვარდა. თუმცა, ბოლო დროს, გარკვეული მიზეზები გამო, მათ არ სწყალობს...
- სახლში ცხოველები და ფრინველები აღარ მყავს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სვანეთის უბნიდან საცხოვრებლად ვაკეში გადავედი, ბინაში კი მათი მოვლა ადვილი არ იქნება. სხვათა შორის, მამამ ჩემს მეუღლეს - რუსკას მატისის ჯიშის ლეკვი მოუყვანა. მაშინ რუსკა ორსულად იყო და გავიკითხე: სახლში ძაღლის გაჩერება რაიმეს ხომ არ ავნებს-მეთქი? მითხრეს, - ვინაიდან დაბალბეწვიანია, შეგიძლია, დაიტოვოო. ლეკვი ცოტა ხანი გვყავდა, მაგრამ როცა შპალერის ჭამა დაიწყო, ყურებში მოვკიდე ხელი და გავაჩუქე.
- თინეიჯერობის ასაკი როგორ გახსენდება?
- საოცარი ბავშვობა მქონდა. დავამთავრე 31-ე საშუალო (ახლა უკვე საჯარო) სკოლა... ერთი გიჟი, გადარეული ბავშვი ვიყავი. მოგეხსენებათ, ბიჭებს ძალიან უყვართ ველოსიპედი და ამ მხრივ, გამონაკლისი არც მე ვიყავი, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ყველა ჩემი ველოსიპედი "უტორმუზო" იყო - მათ მალევე ვაფუჭებდი. სვანეთის უბანში, ჩვენს სახლთან თავდაღმართი იყო და ამ დაღმართზე დაშვებისას, მუხრუჭების გაუმართაობის გამო, ბევრჯერ მიმიღია ტრავმა: არაერთგზის მაქვს ხელი ამოვარდნილი, მაჯაში მოტეხილი და ბევრი დაბეჟილობაც მიმიღია.
- სვანეთის უბანი რატომღაც, "ძველბიჭობასთან" ასოცირდება...
- გარკვეული დოზით, მეც გავიარე "ქუჩის აკადემია". ვფიქრობ, ეს გზა ყველა ბიჭმა უნდა გაიაროს. ქუჩის ცხოვრების გემო უნდა იცოდე, რათა მომავალში რაღაცებში არ ჩაიჭრა. "სახლში გაზრდილი" ჭაბუკი მაინც, სუსტ ადამიანად მიმაჩნია, რადგან მას სათანადო ცხოვრებისეული გამოცდილება ვერ ექნება.
- დააკონკრეტე, რა ტიპის გამოცდილებაზე ლაპარაკობ?
- თბილისი არის ურთიერთობების ქალაქი, დღევანდელი ურთიერთობა კი ხვალ აუცილებლად გამოგადგება. პირადად მე, მხოლოდ თბილისში კი არა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მყავს ერთი ნაცნობი მაინც. სადმე მივარდნილ ადგილას მანქანა რომ გამიფუჭდეს, შანსი არ არის, იქ ისეთი ნაცნობი არ ვიპოვო, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება...
- იქნებ ეს ყველაფერი შენი პოპულარობით არის განპირობებული და არა იმით, რომ ბავშვობაში "ქუჩის აკადემია" გაიარე და რაღაცებში არ იჭრები?
- არა, ასე არ არის. მერწმუნე, დიტო ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობამდეც ძალიან მაგრად ცხოვრობდა! მე მანამდეც უამრავ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა... ისე არ გამიგოთ, თითქოს ჩემი ბავშვობა მხოლოდ ვარდებითა და იებით იყო მოფენილი. მე მახსოვს უშუქობის, უგაზობის პერიოდი. იმ დროს მახათას ტყე იჩეხებოდა და ჩვენ, სვანეთის უბნელები და კუკიელები ძირითადად, შეშის ღუმლით ვთბებოდით. ეს პერიოდი მახსენდება ლამაზად და ნაწილობრივ, მტკივნეულად. მახსოვს, პატარა ბიჭი რამდენიმე მორს მოვიკიდებდი ხოლმე ზურგზე და სახლში ჩამომქონდა. კარგად მახსოვს ისიც, რომ შინ დაბრუნებულს ხშირად, ბებიის მოხარშული და შეკაზმული ლობიო მხვდებოდა, მე კი ამ კერძზე ვგიჟდებოდი.
- იმ პერიოდში რაზე ოცნებობდი?
- დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა ძმაკაცის მამამ "მოსკვიჩი" მოიგო. იმდენად მიყვარდა (და დღემდე ვგიჟდები) ავტომობილები, რომ ღამეს ვათენებდი მის სახლში, უფრო სწორედ - "გარაჟში"; იმდენად ვიყავი შეყვარებული მანქანაზე, რომ ამ კაცს ვთხოვდი ხოლმე: გეხვეწები, დაქოქე, ძრავის ხმა მომასმენინე-მეთქი და ისიც, სურვილს მისრულებდა. ჰოდა, ბიჭები ვოცნებობდით: როდის დადგებოდა ის ბედნიერი დღე, როცა მანქანა გვეყოლებოდა (იღიმის).
- ერთხელ ინტერვიუს დროს მითხარი: ბავშვობაში თეთრკოსტუმიანი კაცი მამღერებდა ხოლმეო...
- (მაწყვეტინებს) ჰო, ის კაცი ვალიკო გახლდათ, ჩემი ძმაკაცის ბიძა. კანონიერი ქურდი არ იყო, მაგრამ სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობდა. თავისი ძმისშვილი - ომო ცხადია, მაგრად უყვარდა (ომარ ბაკოიანი ახლა საფრანგეთშია), მაგრამ ჩემზეც გიჟდებოდა. დამინახავდა თუ არა, მეუბნებოდა: დიტოჯან, სერ ჭავე მრა ჰატი (შენს თვალებს ვენაცვალე), მოდიო. მერე ჩამისვამდა კალთაში და მამაღერებდა. მეც თავგამოდებით ვმღეროდი: "ტაშკენტიდან მოდის ქარავანი/ და თან მოაქვს ანაშა და პლანიიი..."
- ქუჩაში "ბირჟაობის" შემდეგ ბევრი უხვევს სწორი გზიდან...
- მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ვიყავი შემოქმედი, ხელოვანი. თანაც, ისეთი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე (მაგალითად თუნდაც, ვალიკოს მოვიყვან), რომლებმაც სიგარეტის მოწევის გამოც კი გამკიცხეს, სხვანაირ მაიმუნობებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. მე ჩემი საქმე კარგად ვიცოდი; ანსამბლში კარგ მომღერალ ბიჭად მიმიჩნევდნენ და უნბანშიც ის ვიყავი, ვინც უნდა ვყოფილიყავი. საერთოდ, ადამიანი მიზანს თუ დაისახავს, მის მიღწევაში ვერაფერი შეუშლის ხელს... სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იყო კონსერვატორია, ექსპერიმენტალური სამუსიკო სკოლა, თეატრალური უნივერსიტეტი, სადაც მრავალი ადამიანი აღმოჩნდა ჩემს გულთან ახლოს; მერე ცოლი მოვიყვანე, ახლა შვილიც მყავს და მე ამ ყველაფრით ვამაყობ!
- ბოლო დროს მსმენელებს ახალი სიმღერით აღარ ანებივრებ...
- მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ოდესმე, როგორც მომღერალი, ჩემს სათქმელს კიდევ ვიტყვი და ყველას შევახსენებ, რომ ამ ქალაქში დადის ბიჭი, სახელად - დიტო, რომელსაც რაღაცები ძალიან სტკივა და რაღაცები უხარია.
(გამოდის ხუთშაბათობით)