სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები მსოფლიოში ყოველწლიურად მატულობს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. გვესაუბრება ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ციტოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი დალი თუშიშვილი:
- ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში. ბოლოდროინდელი მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადება გაახალგაზრდავდა. თუ ადრე ამ პრობლემით 45-50 წლის ქალბატონები გვაკითხავდნენ, დღეს ის 30-35 წლის ქალებშიც გვხვდება. ადრინდელი მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები გასათხოვარ, არანამშობიარებ ქალებში მეტი იყო, ვიდრე გათხოვილებში, მაგრამ ეს სურათიც შეიცვალა. დაავადება თანაბრად არის გავრცელებული, როგორც გასათხოვარ, ასევე გათხოვილ ქალბატონებში და უკვე თითქმის ყველა ასაკში ვლინდება.
- რა არის ამის მიზეზი?
- დაზუსტებით ვერავინ იტყვის. თუმცა, მეცნიერები ძირითად ფაქტორებად მაინც მომატებულ რადიაციულ ფონს, ინსოლაციას, დაბინძურებულ გარემოს, არაჯანსაღ ცხოვრების წესსა და სტრესებს მიიჩნევენ. მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც და მოსახლეობის გათვითცნობიერებას ამ საკითხში.
- გათვითცნობიერებაში რას გულისხმობთ?
- ქალმა უნდა იცოდეს, როგორ მიხედოს თავს ონკოლოგიური დაავადების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია ხშირი გამოკვლევები და დაკვირვება, ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური და მამოგრაფიული გამოკვლევები და, თუ საჭირო გახდა, ციტოლოგიური გამოკვლევაც. საბედნიეროდ, უკვე გახსნილია ბევრი სკრინინგცენტრი, სადაც ქალებს, ხშირ შემთხვევაში უფასოდაც კი, საჭირო გამოკვლევის ჩატარება შეუძლიათ. საკმაოდ რთულია, მაგრამ მაინც უნდა ახსოვდეთ, რომ სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენისას, პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ, არ არის აუცილებელი, რომ ეს წარმონაქმნი ავთვისებიანი იყოს. ავთვისებიანი პროცესების გარდა, ქალებში უამრავი კეთილთვისებიანი დაავადება გვხდება, ესენია - სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომები, კისტები, პაპილომები და სხვა. ასევე შესაძლებელია, რომ მკერდში ანთებითი პროცესები მიმდინარეობდეს, რომლებიც კლინიკურად ავთვისებიან სიმსივნეს წააგავს. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს მკერდის ნებისმიერი დაავადების დიფერენცირება. ხშირია პაციენტის შეცდომაში შეყვანა და არასწორი დიაგნოსტირება, ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებს როგორც პაციენტს, ასევე ექიმსაც.
- რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ქალმა ყურადღება?
- მკერდის გამკვრივება, გაწითლება, გამონადენი დვრილიდან, ასიმეტრიული მკერდი, დვრილის ჩაბრუნება. ასეთი სიმპტომების აღმოჩენისას აუცილებელია მივმართოთ ექიმს. საჭიროების შემთხვევაში კეთდება ციტოლოგიური გამოკვლევა, რომლის შედეგადაც ხდება წარმონაქმნის დიფერენცირება, დგინდება წარმონაქმნი ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი. მხოლოდ ამის შედეგად დგინდება მკურნალობის ტაქტიკა, ოპერაციის მასშტაბი და საერთოდ ოპერაციის საჭიროება. ამიტომ ციტოლოგიურ კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ციტოლოგიური კვლევისა, როგორც უკვე გითხარით, არსებობს მრავალი ეფექტური ექოსკოპიური გამოკვლევა და მამოგრაფია.
- სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები მამაკაცებშიც ხშირია?
- საკმაოდ ხშირია. მამაკაცებშიც გვხვდება კეთილთვისებიანი სიმსივნეები - ფიბროადენომები, დისჰარმონიული დაავადებები, ეს არის გინეკომასტიები. ასევე გავრცელებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები. მკურნალობის მეთოდები დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ქალბატონებში, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ როგორ არის გავრცელებული სიმსივნური პროცესი. საბოლოო დასკვნა ენიჭება მორფოლოგიურ კვლევას, რომლის შედეგადაც დგინდება სიმსივნური წარმონაქმნის ინვაზიის, ინფილტრაციის ხარისხი, სწორედ ამ კვლევის მიხედვით დგინდება ოპერაციის შემდგომი მკურნალობა.
- რას ურჩევდით ქალბატონებს?
- ქალბატონებს ვურჩევდი ხშირ კონტროლს, როგორც თვითგასინჯვას, აგრეთვე ექვს თვეში ერთხელ ექიმთან ვიზიტს, პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩატარებას. არსებობს თვითმასწავლებელი (სახელმძღვანელო), რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა გაისინჯოს ქალმა მკერდი. კარგი იქნება, თუ ყველა ქალს ეცოდინება თვითგასინჯვის ტექნიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დროულად აღმოჩენილი და სწორად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში ავადმყოფები მრავალი წლის განმავლობაში სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ თავს. ამის უამრავი შემთხვევა არსებობს.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)