კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატსა და განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს არც დაცვა ჰყავს და არც პირადი მძღოლი ემსახურება. ამის შესახებ kvirispalitra.ge-სთან ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა საუბრობს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
"გიორგი მარგველაშვილი არის ძალიან თავმდაბალი და უბრალო ადამიანი. მას არ ჰყავს არც დაცვა და არ ემსახურება მძღოლი. ცხოვრობს რაიონში და იქიდან დადის თბილისში. დაახლოებით ერთი თვის წინ მის სახლთან ერთ ადამიანს დაუჯდა აკუმულატორი და გვთხოვა დახმარება და გიორგი საკუთარი ხელით ეხმარებოდა ამ ადამიანს. ჩვენ საკმაოდ ახლო მეგობრები ვართ. გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად გახდება პრეზიდენტი. რაც შეეხება იმას, მის გუნდში ვიქნები თუ არა, ალბათ დეგენერატი უნდა ვიყო, რომ ვთქვა, მისი გუნდის წევრად არ მოვიაზრები-მეთქი", - აღნიშნა სიგუამ.
პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 11 მაისს წარადგინა. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.