თუ ასე გაგრძელდა, მალე შესაძლოა უმი დეპუტატები სანატრელი გაგვიხდეს. საკანონმდებლო ორგანო კი შესაძლოა საუნად გადააკეთონ. საქმე იმაში გახლავთ, რომ პარლამენტის შენობაში ტემპერატურამ გუშინ 53 გრადუსს მიაღწია. ახლა გულებს ნუ შეიწუხებთ. ეს ტემპერატურა იმ ადგილებშია, სადაც ჰაერის კონდენცირება არ ხდება. დეპუტატებს ამის ბედნიერება აქვთ და კი არიან გრილად. მაგრამ დერეფანში გავლა-გამოვლა ხომ უნდათ. ჰოდა, ამ გავლა-გამოვლისას შესაძლოა დაისიცხონ.
არადა, ცხელი თავებით გადაწყვეტილებების მიღება ერს ნამდვილად არ წაადგება. სხვა თუ არაფერი, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა ისედაც მაღალია. კიდევ კარგი, ცოტათი კოჰაბიტაციის სიო უბერავს.
კოჰაბიტაციის სიომ, განათლების კომიტეტის სხდომაზე ვერ შეაღწია, სადაც ერთი პატარა ინციდენტი მოხდა, რომელმაც ერი გაამხიარულა. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ დაპირისპირება ტექნიკურ საკითხზე მოხდა. არადა, კომიტეტი საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდა.
განათლების კომიტეტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს იხილავდა. საკომიტეტო სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს შორის მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მიკროფონი გახდა. შუღლის მარცვალი დეპუტატმა სერგო რატიანმა ჩამოაგდო.
სერგო რატიანი ზაზა პაპუაშვილს:
- ზაზა არ ისმის, ეთერში არ ისმის.
ჩიორა თაქთაქიშვილი ზაზა პაპუაშვილს:
- მიკროფონი ჩართეთ.
ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს:
- კორექტული იყავით და მე თქვენთან დიალოგში არ შემოვდივარ. მიკროფონს ჩავრთავ თუ სხვა რამე იქნება ამის შესახებ შენიშვნას სხვა მომცემს.
სერგო რატიანი ზაზა პაპუაშვილს:
- ამ შემთხვევაში ეს არის მოწოდება, რადგანაც თქვენი ხმა არ იწერება.
ზაზა პაპუაშვილი:
- გასაგებია, მაგრამ მე კატეგორიულად ვეუბნები (თაქთაქიშვილს) ნუ მომმართავს.
ჩიორა თაქთაქიშვილი:
- ხელების გაშვერა ეს არ არის პარლამენტში დამკვიდრებული წესი ურთიერთობის.
ზაზა პაპუაშვილი:
- მთელ მსოფლიოს როგორ ასწავლით ზრდილობას. რა პასუხი გინდა მიიღო ახლა? დაგვეხსენი რა.
ჩიორა თაქთაქიშვილი:
- შენობით ნუ მომართავთ, ძალიან გთხოვთ.
ზაზა პაპუაშვილი:
- ტოლი ნახე, კოჭი გააგორე.
ჩიორა თაქთაქიშვილი:
- ყოჩაღ, ყოჩაღ. ბატონ თავმჯდომარეს ვთხოვ, რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები გამოიყენოს ბატონის წინააღმდეგ.
ზაზა პაპუაშვილი:
- ნუ მერევა, მიკროფონის ჩართვა პრობლემა არ არის. თქვენი ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს. ნუ მოაბეზრეთ ხალხს თავი.
შორენა მარსაგიშვილი
გაზეთი "ახალი თაობა"
ასევე იხილეთ: "ჩიტი-ჩიორამ ხომ არ უნდა შეგვჭამოს?!" - ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს ერჩის