თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო კურიოზების ქვეყანაა - ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს თავი ძლივს გააქვს, ნაწილი უცხოეთში საშოვარზეა გადაკარგული, ამ ქვეყნის პრეზიდენტი კი ნიუ-იორკის საუკეთესო კლინიკაში ბოტოქსის ძვირადღირებულ ოპერაციებს იკეთებს და მისი ნაოჭების გასწორება ბიუჯეტს ათასობით დოლარი უჯდება. ეს ინფორმაცია თავდაპირველად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა გაახმაურა, შემდეგ კი ქართულ პრესაშიც დაიბეჭდა. არც ისე დიდი ხნის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კიდევ ერთი კურიოზული დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა, რომელზეც 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, უხარისხოდ, კანონდარღვევით და ვალებით არის აგებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობა აიგო უნებართვოდ, რომ არ ჩატარებულა მისი სავალდებულო საექსპერტო შეფასება. საგანგაშო დასკვნა დაიდო პარლამენტის გვერდით არსებულ სამთავრობო შენობაზეც - როგორც ჩანს, ეს ნაგებობა არ არის მყარი და პარლამენტის შენობის მსგავსად, შესაძლოა მისი დემონტაჟიც გახდეს საჭირო. ლაპარაკია არამიზნობრივ ხარჯვაზეც, თუმცა ამას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სასტიკად უარყოფენ.
"ყოველდღე რისკის ქვეშ ვართ" - ჩივიან ქართველი პარლამენტარები, მათ შორის არის ათობით საინტერესო გამოგონების ავტორი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე, რომელმაც ჩვენთან საუბრისას თქვა:
- პროფესიით ინჟინერი ვარ და შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული. შენობის გარშემო დაგებული ფილებიც კი დამტვრეულია. ეს ხუთსანტიმეტრიანი ფილები ასე ადვილად არ უნდა დამსხვრეულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ცემენტიც არ არის ნორმალურად დასხმული, მარტო თავში და ბოლოშია, შუაში კი სიცარიელეა, ეტყობა, მასალა მოიპარეს. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა მასალები უნდა გამოეყენებინათ მშენებლობის პროცესში და რა გამოიყენეს. შენობის შიგნითაც ყველაფერი უხარისხოდ არის ნაშენები, არ არის დაცული ტექნოლოგიები. თუმცა დემონტაჟის საკითხს სერიოზული შესწავლა სჭირდება, ჯერ უნდა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა ეს ნაგებობა უსაფრთხოების ნორმებსა და მოთხოვნებს. რაც შეეხება მთავრობის სახლს, როგორც ვიცი, ის აშენებულია ჭაობიან ადგილზე, ამიტომ საძირკველში წყალი შედის და მუდმივად ტუმბოს ჩართვაა საჭირო, რომ ეს წყალი ამოტუმბონ. ბუნებრივია, როდესაც კონსტრუქციის საძირკველი არ დგას მყარ ნიადაგზე, ეს მას საფრთხეს უქმნის. ასეთი შენობა საიმედო და მყარი ვერ იქნება. ვისაც უნდა, მოვიდეს და ნახევარ საათში რამდენიმე ასეულ ხარვეზს ვაჩვენებ, ამგვარი მტკიცებულებების მოძებნა ჩვენი პარლამენტის შენობაში პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ახლა რაც შეეხება საფრთხეს - საფრთხე ბევრი მიზეზის გამო გვემუქრება: მე მაგალითად, რაც პარლამენტის წევრი გავხდი, თავის ტკივილები დამეწყო და მუდმივად დაღლილობის შეგრძნება მაქვს, რაც არასოდეს მქონია, ვეჭვობ, რომ ეს ჟანგბადის უკმარისობით არის გამოწვეული. მეუღლე და ოჯახის წევრები უკვე მირჩევენ, რომ ექიმთან მივიდე და ანალიზები ავიღო. ასე რომ, სერიოზული პრობლემები გვაქვს. საბედნიეროდ, პარლამენტის ჭერიდან ჯერჯეობით პატარ-პატარა რაღაცები ცვივა, თუმცა ამას წინათ პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის ახლოს ჭაღიც ჩამოვარდა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ უფრო მსხვილი საგნებიც ჩამოცვივდეს (!)
"ქუთაისის პარლამენტის შენობა სულაც არ არის ერთადერთი და გამორჩეული" - ამბობს რუსთაველის პრემიის ლაურეატი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ვახტანგ დავითაია:
- "ვარდების რევოლუციის" ეპოქაში უცხოელი არქიტექტორების მიერ აგებული თითქმის ყველა შენობა უნებართვოდ არის აშენებული. არა მარტო ამ შენობის, ძალიანაც რომ მოინდომოთ, ბევრი სხვა შენობის დოკუმენტაციასაც ვერ მოიძიებთ. რაც მაშინ ხდებოდა, ეს იყო სრული თვითნებობა - არ არსებობდა პროექტი, არ არსებობდა ექსპერტთა დასკვნები, არქიტექტურა ჩამოართვეს არქიტექტორებს, ანუ ნამდვილ, ბიოლოგიურ დედას და გადასცეს დედინაცვალს, რომელსაც მის მიმართ არავითარი გრძნობა არა აქვს. გადამწყვეტი იყო პრეზიდენტის ნება - მისი ნათქვამი "კი ან არა"! სწორედ ამიტომ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ აგებული ზოგიერთი "შედევრი" შეურაცხმყოფელია ჩვენი ეროვნული ღირსებისა და ქართული არქიტექტურისათვის. ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რაც მესტიაში მოხდა. ეს არის ნამდვილი კატასტროფა, სრული უგულებელყოფა ისტორიული მემკვიდრეობისა!.. რაც შეეხება ქუთაისის პარლამენტის შენობას, ეს არის აბსოლუტური გაუგებრობა, ყოვლად უსახური, პასიური შენობა, რომელიც თავდაცვით ნაგებობას უფრო ჰგავს, ეს არის კუს ალეგორია - ჯავშანი. საერთოდ, შეიძლება პროექტი ძალიან კარგი იყოს, მაგრამ უხარისხოდ იყოს ნაშენები, ამ შემთხვევაში კი ორივე ნაკლოვანება ერთად იყრის თავს.
- ბატონო ვახტანგ, პარლამენტარები ჩივიან, რომ პარლამენტის შენობაში არ არის ნორმალური გარემო და ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა.
- ეს იმიტომ, რომ იქ ყველაფერი ჰერმეტულია. ხელოვნური მიკროკლიმატის შექმნა კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არცთუ ისე სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისავის. როცა ადამიანს საათობით უწევს ხელოვნური კლიმატის პირობებში ყოფნა, ეს ძალიან ცუდია.
მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)