მიხეილ სააკაშვილი - "ახლა ხდება ჩვენი სისტემის რესოვიეტიზაცია"

მიხეილ სააკაშვილი - "ახლა ხდება ჩვენი სისტემის რესოვიეტიზაცია"

სახელმწიფო დღეს გვეუბნება - ვისაც სადოქტორო დაცული აქვს ხუთი ბოთლი კონიაკით, რუსეთში, მას აქვს უფლება ასწავლოს და ვისაც დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა, როგორც მე, მას - არა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი წესების შესაბამისად ამგვარი სიტუაცია იქმნება.

"რექტორებს დანიშნავს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ხალხი, რომელსაც არ აქვს პროფესორის ხარისხი, პრაქტიკულად უნდა ჩამოშორდეს სწავლებას. მე პროფესორების ოჯახიდან ვარ. დედაჩემმა სადოქტორო რომ დაიცვა, იყო 35 წლის, რაც მაშინ წარმოუდგენელი მოვლენა იყო, თუმცა იქამდე დღე და ღამე მუშაობდა. ასეთი პროფესორები საქართველოში ბევრია, ვინც ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია, მაგრამ არის ისეთი ხალხიც, ვინც კონიაკები ჩაიტანა კრასნოიარსკში და დაიცვა სადოქტორო, ან დაამთავრა მეცნიერული კომუნიზმის ფაკულტეტი ყაზანში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი კონიაკის სანაცვლოდ მიღებული დოქტორის ხარისხით კონკურენციას უწევს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრს, ეს დისკრიმინაციაა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არსებობს ბევრი გამოცდილი ახალგაზრდა კადრი, რომლებმაც უნივერსიტეტებში ახალი სუნთქვა შეიტანეს და არ შეიძლება, მათ მუშაობა აეკრძალოთ.

"იყო თავისუფალი კონკურენცია - ვაუჩერით ფული მიჰყვებოდა სტუდენტს. თუ სტუდენტი თვლის, რომ რობაქიძის უნივერსიტეტი ყველაზე მაგარია, სახელმწიფომ მას უნდა გააყოლოს ისეთივე ფული, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს კარგია სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც და თავისუფალი უნივერსიტეტებისთვისაც. ბაზარზე იქნება კონკურენცია და სტუდენტი წავა იმ უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულიც უკეთ შოულობს სამსახურს, სადაც არის უკეთესი სწავლება, უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა. როდესაც ამბობ, რომ ვაუჩერს აღარ მისცემ, ამით ასუსტებ სახელმწიფო უნივერსიტეტსაც და ანადგურებ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს. ახლა ხდება ჩვენი სისტემის რესოვიეტიზაცია. ჩვენ ვბრუნდებით 20-30 წლით უკან, თუ ეს ისე გაკეთდა, როგორც ისინი ვარაუდობენ. ვფიქრობ, ეს არ გაკეთდება, მაგრამ ზიანს მაინც მოიტანს, დაპაუზებულ მდგომარეობაში გადაიყვანს ჩვენს განათლების სისტემას. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სავიზო რეჟიმის გადახედვის გეგმა გააკრიტიკა და მთავრობას ამ საკითხისადმი ფაქიზი მიდგომისკენ მოუწოდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, უცხოელებს უნდა მიეცეთ საშუალება, ჩამოვიდნენ საქართველოში და ქვეყანა თავიანთ თანამოქალაქეებსაც გააცნონ.

"შემოიღეს ვიზებზე მკაცრი კონტროლი, რომ აღარ ჩამოვიდნენ საქართველოში აზიიდან, აფრიკიდან. სინამდვილეში, აფრიკიდან და აზიიდან ჩამოსული არჩენს ქართველ პროფესორს, ადაბლებს გადასახადს ქართველი სტუდენტისთვის. მას მოაქვს თავისი კულტურა და ხვალ და ზეგ საქართველოს სახელი გავა აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და ამას არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უცხოელებს, ჩამოვიდნენ, ისწავლონ და ფული გადაუხადონ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს. ახლა შემოვიდა ახალი სავიზო სისტემა, რომლითაც ამას პრაქტიკულად გზას ვუკეტავთ. საქართველოს აქვს ერთადერთი საშუალება - იყოს გახსნილი, ბევრი ადამიანი ფულს ხარჯავდეს, ჩამოდიოდეს, ჩვენი ამბავი გაჰქონდეს. ამ საკითხებს ჩვენ ფაქიზად უნდა მოვეპყროთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმი გადაიხედება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება მიგრაციის სამთავრობო კომისიამ მიიღო. კანონპროექტთა პაკეტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა