მოდელი სალომე ღვინიაშვილი ამჯერად კულინარიაზე გვესაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში დამხმარე ქალბატონი ჰყავს და ამ საკითხში მას მთლიანად ენდობა, სამი შვილის დედა, სხვადასხვა დროს კერძებს თავადაც ამზადებს და თითქმის ყველაფრის კეთება იცის. როგორც აღნიშნავს, მის მიერ მომზადებული გემრიელი საჭმელი მეუღლესაც ძალიან მოსწონს და სამეგობროშიც პოპულარობით სარგებლობს.
- ვფიქრობ, არ არსებობს ქალი, რომელმაც კერძების მომზადება არ იცის. არ მესმის იმ ქალბატონების, რომლებიც ამბობენ, - არ შემიძლია, არ გამომდისო; მზარეულად არავინ დაბადებულა. თუ არ გინდა ან გულით არ აკეთებ, არანაირი საქმე არ გამოგივა, მაგრამ როცა მონდომებული ხარ, გამორიცხულია, რომ ვერ შეძლო. ვერ ვიტყვი, რომ სხვა ქალბატონებისგან დიდად განვსხვავდები და რაღაც განსაკუთრებულს ვამზადებ. როცა დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი, ვხედავდი, რას როგორ ამზადებდნენ და ბუნებრივია, მამახსოვრდებოდა. როცა გავთხოვდი და დამოუკიდებლად ცხოვრებამ მომიწია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვისწავლე. თავიდან ვეკითხებოდი, მერე კი კერძების მომზადება ჩემი ფანტაზიით დავიწყე. ცომეულთან ნაკლებად "ვურთიერთობ". პიცაც არასდროს გამომიცხვია. ხინკალი არ გამიკეთებია, მაგრამ მომიხვევია. ჩემი დედამთილი ხინკლით ხშირად მანებივრებს და ეგ პრობლემა მოხსნილი მაქვს. ნამცხვრების ცხობა არ მიწევს, მაგრამ რომ გავაკეთო, დარწმუნებული ვარ, კარგი გამომივა. ჩემი დამხმარე ქალი ისეთ გემრიელ საჭმელებსა და ტკბილეულს ამზადებს, მაგალითად - ბრაუნს, კექსებს, რომ საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევ, რამეში ჩავერიო. მისი კექსი ჩემს სამეგობროში ძალზე პოპულარულია.
მარტივი და გემრიელი - შემწვარი კვერცხი
- როცა რაიმეს ვაკეთებ, საჭმელი იქნება თუ სხვა რამ, ზედაპირულობა არ მჩვევია, ბოლომდე ვიხარჯები, სამზარეულოშიც ასეთი ვარ - სადილს მხოლოდ ადამიანის დასაპურებლად არ ვამზადებ. ზურას ჩემი გაკეთებული კერძები ძალიან მოსწონს და არის რაღაცები, რასაც მხოლოდ ჩემს მომზადებულს მიირთმევს. ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ მაგალითად, ჩემი შემწვარი კვერცხი. ინგლისში რომ ვცხოვრობდით, მეგობრების ცოლები სულ მეკითხებოდნენ, - კვერცხს ისე როგორ წვავ, რომ ჩვენი ქმრებიც იმავენაირს გვთხოვენო? (იცინის) განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ - ცოტა რძეს ვამატებ, მაგრამ შეწვის ტაქტიკა მაქვს ჩემებური და განსხვავებული ამიტომაც გამოდის. ტაფაზე დასხმულ ათქვეფილ კვერცხს არასდროს ვაბრუნებ.დაბალკალორიული მაკარონი
- ჩემი პასტაც ისეთივე ცნობილია, როგორც შემწვარი კვერცხი. ზოგადად, პასტა საკმაოდ კალორიულია. თუ თავად ვამზადებ, ყოველთვის ვცდილობ, შედარებით ნაკლებად კალორიული გამოვიდეს, რაც დამიჯერეთ, შესაძლებელია, თუ სწორად მოხარშავთ. მაკარონი ზედმეტად არ უნდა გადაიხარშოს, მაქსიმუმ - რვა წუთი, წყალში კი ცოტა ზეთსა და მარილს ვყრი. შემდეგ ზღვის პროდუქტებს - მიდიას, რვაფეხას ვამატებ, რომელსაც ცალკე, ღრმა ტაფაზე ვშუშავ. ყველაფერს ერთმანეთში ვურევ, ბოლოს ტომატს მოვასხამ, ძალზე გემრიელია.სალათები
- ჩვენს ოჯახში ყველაზე ხშირად ზღვის პროდუქტები, პასტა და სალათებია. წვნიანების მოყვარულები მაინცდამაინც არ გახლავართ. ძალიან გვიყვარს მოცარელა პომიდორთან ერთად, კაპრეზეს სალათა. ყველაფერს დაჭრით და მოასხამთ ბალზამიკოსა და ზეთს, სულ ესაა. იოლად მოსამზადებელია, მაგალითად, ქათმის სალათა. მოხარშულ ქათმის ფილესა და სალათის ფურცლებს ვაქუცმაცებ, ვამატებ მაიონეზს, ოღონდ - ნაკლებად ცხიმიანს, ცოტა ყვითელ ყვავილს, წიწაკას, მარილს, კამას და 5 წუთში გემრიელი სალათაც მზადაა. ხშირად ვაკეთებ რომელიმე ჩინურ კერძს. მაგალითად, ქათმის ხორცს კუბურებად ვჭრი, ტაფაზე ზეთში ვშუშავ, ცოტა ნიორს, ხახვს, ბულგარულ წიწაკასა და სტაფილოს ვამატებ, შემდეგ კი ცალკე მოხარშულ ბრინჯთან ერთად მივირთმევთ."ხაჭაპური" არველაძეებისეულად
- ერთ საიდუმლო რეცეპტს გაგიმხელთ, რომელიც შოთა არველაძის მეუღლემ - თამუნამ მასწავლა. ეს არის ხაჭაპური - "XXI საუკუნე". საერთოდ, თამუნა გემრიელ კერძებს ამზადებს, ყოველთვის ამბობდნენ, რომ მისი ხაჭაპური განსაკუთრებული იყო. მეც ჩავწვდი მის საიდუმლოს. ტაფაზე სომხურ ლავაშს დააფენთ, ზემოდან დადებთ ყველს (ყველანაირი სახეობის შეგიძლიათ გამოიყენოთ) და მეორე ლავაშს. ჯერ ერთ ფენას გამოაცხობთ, მერე - მეორეს და ზუსტად ორ წუთში მზადაა უგემრიელესი ხაჭაპური. ნამდვილს არ ჩამოუვარდება და მაგალითად, ჩემს შვილებს ეს უფრო მოსწონთ, ვიდრე ბებიაჩემის გამოგზავნილი (იცინის). სკოლაში წასვლამდე, თითქმის ყოველ დილით ვუმზადებ. ვიზუალურად ჩვეულებრივი ხაჭაპურივითაა და თავისუფლად შეგიძლიათ, სტუმარსაც გაუმასპინძლდეთ. ნებისმიერს ისე მოატყუებთ, ვერც კი მიხვდება (იცინის).ინგლისური "ფასტ ფუდ"
- სხვადასხვა სახეობის თევზს ინგლისელები ძირითადად, შემწვარი სახით მიირთმევენ. ინგლისში ამდენი წელი ვიცხოვრე და არც კი გამისინჯავს, რადგან ძალზე ცხიმიანია და არ მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ მათი წვნიანები ან სალათები გამორჩეულია. რაც შეეხება დღესასწაულებს, მაგალითად, შობას ინდაური აქვთ, რომელიც დაუჭრელი, მთლიანი სახითაა სუფრაზე და ძალიან გემრიელად წვავენ. მიმაჩნია, რომ ქართული სამზარეულო ბევრად მრავალფეროვანი და მდიდარია გემრიელი კერძებით, ვიდრე ინგლისური. როგორც აღვნიშნე, მათთვის მთავარი - თევზი და ჩიფსია.თურქული სამზარეულო
- ინგლისელებისგან განსხვავებით, თურქებს უფრო გემრიელი კერძები და მრავალფეროვანი სამზარეულო აქვთ. ერთმა თურქმა ქალბატონმა მასწავლა, რომ მათ, მაგალითად, ბრინჯის მოხარშვის განსხვავებული და თავისებური წესი აქვთ. ზუსტად ისეთი არ გამომდის, მაგრამ მარცვლები ერთმანეთს არ მიეწებება, თუ მარილიან წყალში მოხარშულ ბრინჯს მშრალ ტილოზე დაყრით. წყალი დაშრება და ბრინჯი უფრო ფანტია იქნება. თურქებს იგი ძალიან უყვართ ქათმის ან ცხვრის ხორცით. განსაკუთრებით პოპულარულია თურქული "ლაჰმაჯუნი". იგი პიცასავითაა, ზემოდან კი დახეხილი აქვს ცხვრის ხორცი, მწვანილი, პომიდორი და ა.შ. მოგეხსენებათ, თურქული ქაბაბიც ცნობილია. საერთოდ, თურქული საკვები იმდენად ცხარე არ არის, რამდენადაც სანელებლების გემო აქვს. ყველაფერს ერთნაირი, სპეციფიკური გემო დაჰკრავს. შესაძლოა, სხვისთვის ჩვენი კერძებიც ასეთია, რადგან უმეტესად, ქართველებიც ერთსა და იმავე სუნელებს ვიყენებთ, მაგრამ ჩვენს კერძებს მიჩვეული ვართ და ამას ვერც ვგრძნობთ.თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)