"ქართულმა ოცნებამ" თსუ-ს რექტორის საკითხი ვერ გათვალა და ტყულიად შეირცხვინა თავი", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ია ანთაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თსუ-ს რექტორის გადადგომასა და "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებების საკითხს.
"მერამდენედ წააგო ოცნებამ ნაციონალებთან ტაქტიკურ განზომილებაში? ამჯერად, თსუ რექტორის საკითხი ვერ გათვალეს და ტყუილად შეირცხვინეს თავი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ როცა არ იცი, როგორ მოიქცე, უნდა მოიქცე სწორად", - წერს ანთაძე სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტის განცხადებას განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი პასუხობს:
"სახელმწიფო უნივერსიტეტებში რექტორებისათვის სავალდებულო დოქტორის ხარისხი რომ შემოდიოდა, ეს ბ-ნ კვიტაშვილისთვის ორი თვის წინ იყო ცნობილი. მამუკა ბერიაშვილს და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვედრაც ჰქონდათ ამის თაობაზე უნივერსიტეტში. ეს არ ყოფილა დამალული და ყველამ იცოდა რომ ასე მოხდებოდა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება ცვლილებების გატარება ასე ფრაგმენტულად და ნაჩქარევად (რაც არსებითად სწორი შენიშვნაა), სამწუხაროდ არ ვცხოვრობთ ჯერ ჩვენ დალაგებულ და აწყობილ ქვეყანაში. ახლა ვიწყებთ რეალურად ამ პროცესს და მე მგონი აქ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებათა შინაარსია და არა მათი მიწოდების პიარ-ფორმა. ყველაზე საწყენი ისაა, რომ ბევრი მათგანი, ვისაც წესით ეს უნდა ესმოდეთ და ვინც უნდა გვეხმარებოდეს ამ ცვლილებების გატარებაში, რეალურად აყოლილია ნუგზარ წიკლაურის და ჩიორა თაქთაქიშვილის დემაგოგიას და მათ აბსურდულ ბრალდებებს იმეორებს", - წერს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის კომენტარი ია ანთაძეს უპასუხოდ არ დაუტოვებია.
"ბატონო დავით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სიტყვით ამბობთ, რეფორმის კონცეფციისთვის ნიადაგს ვამზადებთო და საქმით რაღაც სხვა კონცეფციას ნერგავთ. ოღონდ, რა კონცეფციაა, ვერ გავიგეთ. გვითხარით, რომ არსებული კონცეფცია არ ვარგა და რაღაც სხვა უკეთესია. იქნებ, ჩვენც მოგვწონს და მხარს გიჭერთ? იქნებ, მამუკა ბერიაშვილმა უკეთ იცის, რა სჭირდება განათლების და მეცნიერების სფეროში სასიკეთო ცვლილებებს?", - სვამს კითხვას ჟურნალისტი.
დავით ზურაბიშვილის აზრით, წარდგენილ ცვლილებებში ეთადერთი პუნქტი, რომლის კრიტიკაც ლეგიტიმურია, პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაა.
"ერთადერთი პუნქტი წარდგენილ ცვლილებებში, რომლის კრიტიკაც ჩემის აზრით ლეგიტიმურია, არის პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის (და არა რექტორის) დანიშვნა, თუმცა ეს პუნქტიც ძალიან კონკრეტული შემთხვევებისთვისაა და თან ისიც ითქვა, რომ ეს დროებითი ზომაა. ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად სწორი. ამ ცვლილებების საფუძველზე ასეთი ისტერიის ატეხვა და "გადავარჩინოთ ავტონომია" ტიპის ჯგუფების შექმნა კი არის აშკარად არაადეკვატური ქცევა და მხოლოდ ორივე მხარის ექსტრემისტების ინტერესებშია - "ნაცმოძრაობა" იყვირებს: აი, ხომ ხედავთ, მარტო ჩვენ კი არ ვტეხავთ პანიკასო და მეორეს მხრივ, ვინც რევანშისტულად განწყობილია, ისიც იყვირებს: ხომ ხედავთ, საქმე საქმეზე რომ მიდგება ეს ენჯეოები და ლიბერალები ყველანი ფარული მიშისტები არიანო. შედეგად კი საქმე ფუჭდება.
რაც შეეხება დვალის კონცეფციას, იქნებ ვინმემ მითხრას ამ კონცეფციაში რაა ნათქვამი უმაღლესი სასწავლებლების სტრუქტურაზე, დაფინანსების წესზე, ხარისხის კონტროლისა და აკრედიტაციის მექანიზმებზე, კონკურსების ჩატარებაზე, იურიდიულ სტატუსზე, საკუთრების ფორმებზე, საგადასახადო რეჟიმზე, რექტორის არჩევის წესზე, აკადემიური საბჭოს ფუნქციებზე, სენატზე, სტუდენტურ თვითმმართველობაზე და ა. შ. თუ ეს საკითხები არაა მნიშვნელოვანი და მარტო ტენუარზე უნდა ვიფიქროთ?", - წერს ზურაბიშვილი.
იხილეთ ასევე: თსუ-ს რექტორმა თანამდებობა დატოვა
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორები გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან