სამსახურში მისასვლელად ნახევარი საათი დაგრჩა, მანქანაში ჯდები და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, ოღონდ არ დააგვიანო. სიჩქარეში ხანდახან მოძრაობის წესებსაც ვარღვევთ, ხან თავხედ სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს ვეჯიბრებით, ზოგჯერ ზანტად მიმავალ ავტობუსებს ვუსწრებთ. ის, რომ მოჩქარეს უგვიანდება, ხშირად სიმართლეს შეესაბამება და ამ სიჩქარეში მანქანების გრძელ ჯაჭვში აღმოვჩნდებით ხოლმე. შედეგად საცობებს ჩვენი დრო, ნერვები და ჯანმრთელობა ეწირება.
საცობების წარმოქმნის მიზეზების დადგენა რთული არ არის. ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად მანქანების რაოდენობაც მატულობს.
თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით გამზირებზე მდებარე გზაჯვარედინებზე, ხშირად ქაოსური მოძრაობაა. რამდენიმე დღის წინ აღმაშენებლის გამზირზე ასეთ ქაოსში აღმოვჩნდი და დაახლოებით 10 წუთი უმოძრაოდ ვიყავი. ეს ის შემთხვევაა, როცა ყოველი წამი საათებად გეჩვენება და დროც ნელა გადის. ლოდინს გარკვეული მონაკვეთის ფეხით გავლა ვამჯობინე. გრძელ კოლონას ფეხით ჩავუარე და მეტროსადგურთან მდებარე გზაჯვარედინზე სწორედ ის ქაოსი დამხვდა, რომელზეც ზევით ვისაუბრე. რამდენიმე პატრულს შუქნიშნის მოვალეობა შეეთავსებინა და მანქანებს მოძრაობის მიმართულებას აძლევდა.
დავინტერესდი, რატომ იყო პატრულის დახმარება საჭირო მაშინ, როცა შუქნიშნები თავიანთ მოვალეობას მშვენივრად ასრულებენ, რაზეც პატრულმა მომიგო - "პიკის საათებში, როცა ქუჩები გადატვირთულია და ისედაც ჭირს მოძრაობა, რამდენიმე მძღოლი ისეთ გამოუვალ სიტუაციას ქმნის, აქ დგომა აუცილებელია, რომ საცობი კიდევ უფრო არ ჩაიხერგოს და საათობით არ გაჩერდეს მოძრაობა".
მსგავსი სურათია თამარ მეფის გამზირზეც, ამ ტერიტორიაზეც ხშირად ნახავთ მობილიზებულ პატრულის თანამშრომლებს.
საცობების მიზეზია ასევე მანქანების გასაჩერებელი ადგილების სიმცირე. დღის გარკვეულ საათებში ბევრი მანქანა გასაჩერებელი ადგილის ძიებაში ქალაქის ქუჩებს წრეებს არტყამს.
მძღოლთა დიდი ნაწილი საცობების შექმნაში სამარშრუტო ტაქსებსა და კერძო ტაქსებს ადანაშაულებს. წერეთლის გამზირზე საცობში მდგომი გაღიზიანებული მძღოლი ზაზა სანაია ამბობს, რომ სამარშრუტო ტაქსები ცუდად მოძრაობენ:
"პრობლემას "მარშრუტკები" და ტაქსები ქმნიან. ისეთ ადგილებში და ისე ცუდად გაგიჩერებენ წინ მანქანას, რომ ვერ გაივლი, სანამ მგზავრი ფულს გადაიხდის და ჩამოვა, რამდენიმე წუთი ერთ ადგილას გიწევს გაჩერება. ეს პატარა ტაქსები გზებზე ერთმანეთის გასწრებაში სერიოზულ შეფერხებებს ქმნიან".
საგზაო მოძრაობას ასევე აფერხებს გზის ნაპირებზე ცუდად გაჩერებული მგზავრის მოლოდინში მყოფი ტაქსები თუ უბრალოდ მანქანები.
მიუხედავად იმისა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა შესამჩნევად მოწესრიგებულია, გაკეთებულია ავტოსადგომებიც და დამატებითი გზები, მოძრაობა დილისა და საღამოს საათებში მაინც გადატვირთულია.
საგზაო უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე: - მიუხედავად ამდენი გაკეთებული საქმისა, ხშირია საცობები. საცობის რამდენიმე მიზეზი არსებობს - მოძრაობის შეფერხება, საშუალო მოძრაობის მკვეთრი შემცირება ან მკვდარი საცობი, სადაც მანქანები რამდენიმე წუთი ან, უარეს შემთხვევაში, საათობით ერთ ადგილას დგანან. სამწუხაროდ, საცობისათვის "ტრადიციული" მრავალი ადგილია: გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თამარ მეფის გამზირი, განსაკუთრებით თამარ მეფის ხიდის გადასასვლელი, სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდამდე. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, მტკვრის მარჯვენა სანაპირო იუსტიციის სახლამდე და სხვა.
თბილისში მრავალი ურბანისტული პროექტია განხორციელებული. გზები გააფართოეს, დამატებითი შემოვლითი გზები შექმნეს, მაგრამ პრობლემა კვლავ მწვავედ დგას.
კარგი გზა თავისთავად არ არის გარანტია, რომ საცობები არ იყოს. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ საკმარისია ოდნავ წამოწვიმოს, განსაკუთრებით საღამოს პერიოდში, და გზები მაშინვე პარალიზებულია, რადგან მძღოლთა უმრავლესობამ არ იცის წვიმაში მოძრაობა.
აქ არის სხვა პრობლემაც. არსებობს მოძრაობის ორგანიზაცია, რომელიც იმ დიდი სფეროს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ჰქვია. ეს მოიცავს ცნებებს, როგორიცაა - ავტომობილი, საავტომობილო პარკი, მძღოლების და ქვეითად მოსიარულეთა მომზადების დონე. არის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამ ურთიერთობებს არეგულირებს და არსებობს კონტროლის მექანიზმიც. აქ არის ასევე ერთი პატარა შემადგენელი ნაწილი - საცობი.
ჩვენთან არ არსებობს მაკოორდინირებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს ერთ სისტემაში მოაქცევს. გზები ეკუთვნის ერთ უწყებას, ავტომობილების საკითხი - მეორეს, შუქნიშნები - მესამეს, გზების მონიშვნა სულ სხვაგანაა, ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზებაც ცალკეა. ამ უწყებების გაბნევა ამ საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
მაკა ქობალია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)