ავღანური იარა - "სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად სიკვდილი დაგვიტოვა"

ავღანური იარა - "სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად სიკვდილი დაგვიტოვა"

6 ივნისს ავღანეთში დაღუპული შვიდი ქართველი ჯარისკაცისგან სამი გორის რაიონის მკვიდრი აღმოჩნდა. ტრაგედიის მეორე დღესვე მათი ოჯახები მოვინახულე. ასეთ დროს ძნელია ემოციის გარეშე, მხოლოდ პროფესიული მოვალეობის გრძნობით იმოქმედო. ტრაგიკულად დაღუპული "სხვისი შვილი" ყველას შვილი ხდება, თვითონაც ჭირისუფლად გრძნობ თავს და იცი, რომ ვერაფერი ნუგეშია, დედებს უთხრა, ბიჭების სახელით არა მხოლოდ მათმა ოჯახებმა, ერმა, ქვეყანამ უნდა იამაყოსო.

სამივე დაღუპული მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცია. 2008 წელს, ცხინვალის ომის დროს, ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ ამ სამხედრო შენაერთმა განიცადა - ბევრი დაიღუპა, ბევრიც დაინვალიდდა. ცხინვალში დაღუპული 19 წლის ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, ქალბატონი მარინე, ტირილით ამბობს, 42-ე ბატალიონს სახელი შეუცვალონ ან საერთოდ გააუქმონ, დაწყევლილიაო... მისი შვილიც საბედისწერო 42-იდან იყო...

გზას კარალეთისკენ მივუყვები. აქ ხუთი წლის წინანდელი ომის ჭრილობები გახსნიათ. ხალხს თავზარი დასცა ჯარისკაცების, თანაც ერთდროულად - სამი გორელის სიკვდილმა. მეგზური ალეკო მელქაია წინასწარ მითანხმდება, რომ სახლებში ჩემთან ერთად არ შემოვა. მაპატიე, მარტო უნდა შეგატოვო ტკივილს, - ამბობს ჩუმად, თუმცა ვერ ახერხებს, რომ უზარმაზარი ტკივილი არ გაიზიაროს და ამ ბიჭების ამბებს აყოლებს მათ ახლობლებს...

ქუჩაში ჯგუფურად მიმავალი ხალხი შევნიშნე. ვეკითხები: "სად ცხოვრობს ის ბიჭი, ავღანეთიდან რომ..." - მიჭირს წინადადების დამთავრება. ქალები ცრემლიან თვალებს იწმენდენ - ჩვენც იქით მივდივართო... გზას კორპუსებისკენ მივუყვებით, თითქოს მზე ანათებს, მაგრამ ირგვლივ ბინდი ჩამოწოლილა.

32 წლის ზურაბ გურგენაშვილის სახლთან ვდგავართ.

"შვილები დაიზარდნენ, კიბეები დაცვდა, სახლი დაბერდა. ვფიქრობდი, ჩემი წასვლის დროც მალე მოვა-მეთქი. მეგონა, მე გამაცილებდნენ ამ ჩამონგრეული კიბიდან პირველს..." - შემზარავია მამის კვნესა. კაცს ტკივილისგან გახევებული სახე და სველი თვალები აქვს, ქანდაკებას უფრო ჰგავს... ვუყურებ და ტირილს ვერ ვიკავებ.

არც კი ვიცი, რა ვუთხრა ამ დროს მამას, რომელიც საყვარელი ვაჟის შვილებსაც ვერ მოესწრო...

ხშირად ამბობენ, რომ ჯარისკაცთა უმრავლესობა გაჭირვების გამო მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათო... ამ აზრს უკმაყოფილო მოწინააღმდეგეებიც ჰყავს - უსამართლობაა იმის თქმა, რომ ბიჭები ავღანეთში ფულის გამო მიდიან, მათ ამ ნაბიჯისკენ ვაჟკაცობა უბიძგებთო... კაცი რომ ოჯახის გადასარჩენად ომში წავა, ამას გამბედაობა და სიმამაცე არ სჭირდება?

ვცდილობ წარმოვიდგინო, რას იფიქრებენ ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, როდესაც დაღუპულს შინ მოასვენებენ და სამძიმარზე ეახლებიან ოჯახს. წინა ხელისუფლებას ეს საკითხი "დარეგულირებული"”ჰქონდა. ავღანეთში დაღუპულების დაკრძალვა თითქმის გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდებოდა. ქვეყნის პირველი პირები ხშირად ღრმა მწუხარებასაც არ გამოთქვამდნენ ხმამაღლა, თუმცა, ყოველთვის რიხი ჰქონდათ, როდესაც ამ ჯარისკაცების მამაცობით ცდილობდნენ საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე თავმოწონებას(!!!).

გურგენაშვილების ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა გრძელ ნუსხაშია. ისინი არაფერს მალავენ და იმაში, რომ ზურა აღარ ჰყავთ, სწორედ სიღარიბეს ადანაშაულებენ. რომ არა გაჭირვება, ჯარში არ დაიწყებდა მუშაობას, კვნესის და, დედა, მამიდა... ბავშვობიდან ცდილობდა მშობლები, ძმა და დები სიღატაკისგან ეხსნა. სკოლიდან მოსვლისთანავე ნახირში გარბოდა ან დღიურ მუშად უდგებოდა ვინმეს, რომ შინ პურის ფული მიეტანა. სულ სამსახურს ეძებდა, იქნებ ამ პატარა, ღარიბი ბინის გარდა ჩემთვის ბუდე მოვიწყო და ოჯახი შევქმნაო. საკონტრაქტო ჯარში წავიდა. კონტრაქტს რამდენიმე თვეში, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ გასდიოდა ვადა. იმედი ჰქონდა, რომ ბედი არ უმუხთლებდა, გზად შეყვარებული დამხვდება და შინ ქორწილით დავბრუნდებიო..." - ამბობს ზურას ბიძაშვილი ხათუნა გურგენაშვილი.

ტრაგედიის შეტყობისთანავე, ზურას შეყვარებული გურგენაშვილებთან მივარდნილა, მითხარით, რომ ტყუილიაო...

"ზურამ წასვლამდე ყველა ვალი გაისტუმრა, პატარა ბინა იყიდა, რომ ცოლი შეერთო და მასთან ერთად ეცხოვრა. ბაღში ხილი გააშენა. უხაროდა, რომ ბლები აყვავდნენ. ისინი კიდევ მრავალჯერ აყვავდებიან, მაგრამ ჩემი ძმა საკუთარ სახლში ღამის გათენებასაც ვერ მოესწრო", - ტირის და.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე