თბილისის მერი გიგი უგულავა გასულ კვირას ახალი მთავრობის წინააღმდეგ კვლავ გააქტიურდა და სამართლიანობის აღდგენა იგვიანებსო, განაცხადა.
სანამ სხვა სტრუქტურებში სამართლიანობის აღდგენაზე ვისაუბრებთ, გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის მერიაში "აღდგენილ სამართლიანობაზე" გიამბობთ, თუმცა, ისიც ნაწილობრივ.
2005 წლიდან დღემდე, უგულავას რვაწლიანი მმართველობის პერიოდში, ქალაქის მუნიციპალიტეტის გარშემო იმდენი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა, ყველას ჩამოთვლა ერთ მასალაში ძნელი იქნება, თუმცა ამჯერად იმ ფაქტების შესახებ გიამბობთ, რაზეც ქალაქში აქტიურად ლაპარაკობენ.
2006 წელს მერიაში საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახური შეიქმნა. მას დაექვემდებარა მერიის ცხელი ხაზი, რომელიც, როგორც ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების, ახლობლებისა და მერიის მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დასაქმების ადგილად იქცა. როგორც ამბობენ, ასევე მეგობრული და ნათესაური კავშირების მიხედვით ინიშნებოდნენ მერიის აპარატში, ადმინისტრაციაში, იურიდიულ და არქიტექტურის სამსახურში, სადაც ძირითადად უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის მეგობრებმა დაიკავეს პოსტები. გასული წლის შემოდგომისთვის კი კადრებს კიდევ ერთხელ "გადახედეს" და "არასაიმედო" თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მერიაში "სამართლიანობის აღდგენას" შეეწირა მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი ფიცხელაური, რომელთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ კომენტარზე უარი გვითხრა. ჩვენი წყარო და მერიის რამდენიმე ახლანდელი თანამშრომელი კი გვიყვება, რომ გიორგის ოჯახის წევრები ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში "ოცნების" მხარდასაჭერ აქციებზე აქტიურობდნენ. მერიიდან ფიცხელაურმა არაერთი გაფრთხილება მიიღო, მის ოჯახს "ოცნების" მხარდაჭერა შეეწყვიტა, საბოლოოდ კი გიორგი ფიცხელაური დაკავებული თანამდებობიდან არჩევნებამდე გაათავისუფლეს.
სამაგიეროდ, მერიას მსგავსი "პრობლემები" არ შექმნია თავიანთი ოჯახების წევრ თანამშრომლებთან. პარლამენტის ყოფილი წევრის, ნაციონალ ნაზი არონიას რძალი გახლავთ ელენე ბაშალეიშვილი, რომელიც ცხელ ხაზზე მუშაობს, ნაზი არონიას ქალიშვილი მარიამ საჯაია ამჟამად "ნაციონალების" სიით პარლამენტის წევრია. ლელა კილაძის მეგობარი ნანა ზაქარეიშვილი მერიის პრესსამსახურის თანამშრომელია, ასევე კილაძის ახლო და განუყრელი მეგობარია სოფიო დონდუა, რომელიც მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მრჩევლად მუშაობს. სწორედ სოფიო დონდუა და ნანუკა ჟორჟოლიანის ვიზაჟისტი, მარი გოშხეთელიანი დახვდნენ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს აეროპორტში, როცა მეუღლის დაკავების შემდეგ თაკო სალაყაია პარიზიდან ჩამოფრინდა. ეს კადრები ტელევიზიითაც გავრცელდა.