ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, ქართველი მსახიობის, გურამ ბაბლიშვილის მეუღლე, ანფისა ჩეხოვა ქალის სილამაზის შეფასების დამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს კონკურსს სახელწოდებით "Мисс Стандартам.net".
ტელეწამყვანის თქმით, ქალებს უფლება აქვთ ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, რადგან სტანდარტული მხოლოდ კონვეიერზე წარმოებული ნივთებია. ტელეწამყვანის თქმით, კონკურსის შედეგად უნდა გამოვლინდეს ფოტო, როგორც "ზაფხულის საუკეთესო ვირტუალური ყდა".
"მინდა ამ ყდაზე უნიკალური ქალბატონები ვიხილო, რომლებიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა ძალიან ლამაზები არიან", - აცხადებს ჩეხოვა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საცურაო კოსტუმში ან ღია საზაფხულო სამოსში გადაღებული ფოტოები ანფისას უნდა გაუგზავნონ. კონკურსანტებმა ამ ფოტოსესიისთვის ისე უნდა იპოზიორონ, როგორც პოპულარული გამოცემების ყდებზე გამოსახულმა ცნობილმა მოდელებმა. "ეროტიკა ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ, გახსოვდეთ, ეს მოდური ჟურნალის ყდაა და არა Playboy-ს", - აფრთხილებს ჩეხოვა კონკურსანტებს, თუმცა იქვე ურჩევს, მსუბუქი ეროტიკის გარეშეც არაფერი გამოვაო.
კონკურსზე არ დაიშვებიან მოდელის გარეგნობის მქონე ან პლასტიკური ქირურგიით "გალამაზებული" გოგონები.
ყოველ თვეში ერთხელ სახალხო გამოკითხვის შედეგად ტელეწამყვანის საიტზე გამოვლინდება ყველაზე ლამაზი გოგონა, ზაფხულის ბოლოს კი გამარჯვებულები ტიტულისთვის "Мисс Стандартам.net" იბრძოლებენ. გამარჯვებულს საჩუქარი ელის, რომელსაც ანფისა ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს.
მომზადებულია starhit.ru-ს მიხედვით.