ყველა სიახლის რესპონდენტი მიშა ანდღულაძეა. მსახიობთან საუბარი რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით დავიწყეთ. ითქვა, მიშა ანდღულაძემ ნიკა გრიგოლიას სამსახურიდან წასვლის შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენა და საფერფლე ესროლაო...
- კი, საფერფლე ვესროლე და დანის ტარიც ჩავარტყი ვაშლის გათლის დროს, ისიც ითქვა, რომ სამსახურიდან წასვლის შემდეგ სახლთან დავხვდით ნიკას და ვცემეთ. მართლა იყო კონფლიქტი ჩემსა და ნიკას შორის, კარგი იქნებოდა ეს არ მომხდარიყო, მაგრამ მტრები არ ვართ, ჩვენს შვილებს საერთო ბავშვებს ვეძახი, როცა ჩემი შვილი მიმყავს სასეირნოდ, ნიკას შვილსაც ვასეირნებ (ნიკა გრიგოლიას ყოფილი მეუღლე მიშა ანდღულაძის ცოლის დაა). არანაირი გარე პრობლემების გამო არ ყოფილა დაპირისპირება ჩვენს შორის. აღარ მინდა ამ თემის გაშლა, არ არის საჭირო.
- მიშა, როგორც მახსოვს, საკუთარი მუსიკალური ჯგუფი გყავდა, აღარ აგრძელებს მუსიკალურ საქმიანობას?
- წლებია, მყავს მუსიკალური ჯგუფი "მიშა და ბენდი", სახელი ვერ მოვუფიქრე. მე და ტუჩის გარმონი საბა ჩიხლაძე არ ვიცვლებით, ვისაც სცალია, ის უკრავს ჩვენთან ერთად. სულ ცოტა ხნის წინ მივიღე შემოთავაზება და ერთ-ერთ ბარში დავუკრავთ. ჩემს შვილსაც გამოჰყვა მუსიკალური ნიჭი, მაგრამ უფრო დრამი მოსწონს, ვიდრე გიტარა. მართალია, ჯერ გენიოსობის არაფერი ეტყობა, მაგრამ დრამის ჯოხები პროფესიონალურად უჭირავს. ემოციური და ენერგიული შვილი მყავს, ისე აქვს მოზღვავებული ენერგია, რომ ვერ ვუძლებთ. ეტყობა, გურული გენების ბრალია. შვილის და ტელევიზიის გამო ჩემმა მუსიკალურმა საქმიანობამ დროებით უკანა პლანზე გადაინაცვლა და მიხარია, რომ ასე აღარ იქნება. ისეთ რეჟიმში ვცხოვრობ, სულ სადღაც მეჩქარება - ხან ტელევიზიაში, ხან ბავშვთან, ხან ინგლისურზე, ხან კიდევ ვარჯიშზე. საინტერესო და დამღლელი ცხოვრება მაქვს.
- რატომ გადაწყვიტე ამ ასაკში ინგლისურის სწავლა?
- როცა მღერი, უნდა იცოდე, რას მღერი. ინგლისურს ერთი კარგი თვისება აქვს, თუ სიმღერის ტექსტი დაგავიწყდა, შეგიძლია ისე მოიტყუო, რომ ვერავინ შეამჩნიოს. ინგლისური, კომპიუტერი და ფეხების გაშლა თუ არ იცი, ამ ქვეყანაში ფონს ვერ გახვალ (იცინის). ვარჯიშიც დავიწყე, ქალების როლმა მოითხოვა ნატიფი სხეული (იცინის).
- ყველას უკვირს, როგორ სწავლობ ასე კარგად ქალების ხასიათს...
- იმ პერსონაჟებს, რომლებსაც ვთამაშობ, ვიცნობ. ჯული ქალების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებმაც "ლევად" გააჩინეს შვილი, ბავშვის მამა კი რუსეთში წავიდა. ათას რაღაცაზეა გადამხტარი, მაგრამ ლოგინში რომ ტირიან, აი, მაგ ქალებს განეკუთვნება. რაც შეეხება როსტომ ჩხეიძეს, რადიო "მწვანე ტალღას" ჰყავს მსმენელი, რომელიც ყოველდღე, დაახლოებით, 10 საათზე, რეკავს და საკუთარ აზრს გამოთქვამს ყველაფერზე, უკმაყოფილოა ყველა მთავრობით. როსტომ ჩხეიძის მსგავსი ადამიანები შევარდნაძის დროს იკრიბებოდნენ პარლამენტთან, ყურებიანი კეპები ეხურათ და დიდი კოსტიუმები ეცვათ. რამდენიმე წლის წინ ფეხების დაავადება დამემართა - მისივდებოდა. სამი წელი ვსვი წამლები. ექიმმა მითხრა, ეს დაავადება ქალებს ემართებათ და კაცისთვის იშვიათიაო. შევისისხლხორცე ქალის როლები და მაგას ვაბრალებ იმ დაავადებას (იცინის).
- თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრი დაუფარავად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ამა თუ იმ პოლიტიკოსზე, შენ კი მუდამ თავს იკავებ ასეთი განცხადებებისგან, რატომ?
- არ მიყვარს პოლიტიკაში ჩარევა. ქართველების პრობლემა ის არის, რომ ისეთ რაღაცებში ვერევით, რაც არ ვიცით. ამ მთავრობის დროს ვარ ნაკლებად კომფორტულად, თუ იმ მთავრობის დროს ვიყავი უკეთესად - ეს პოლიტიკის ბრალი არ არის. ყველას ბრალია. ადამიანისთვის, რომელიც ამბობს, ეს რა გაგვიკეთა მთავრობამო და წითელზე გადაირბენს ქუჩას, მთავრობას რა მნიშვნელობა აქვს? რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ერთმა ქალბატონმა მითხრა: კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ნაციონალების მხარეზე ნუ ხარო. ვკითხე, რა იცით, მე ვის მხარეს ვარ-მეთქი? ამაზე მიპასუხა, ბიძინა ღმერთმა გამოგვიგზავნაო. ასეთი ადამიანისთვის რომელი ფასეულობაა მთავარი? შეიძლება 3-4 წლის შემდეგ მითხრას: ნუ ხარ "ოცნების" მხარეზე, ღმერთმა ვახტანგი გამოგვიგზავნაო. საქართველოში ასეთი სტატისტიკაა: რამდენიმე წელიწადში ერთხელ ღმერთი გვიგზავნის წმინდანს, მერე ეს "წმინდანი" ძველდება და გადადის სატანის მხარეზე. სააკაშვილიც ხომ წმინდანი იყო ადრე, 3-4 წლის მერე ბიძინაც დაიხევს უკან და მას ახალი "წმინდანი" ჩაანაცვლებს. კიდევ არის მეორე სტატისტიკა: წელიწადში ერთხელ "რუსთავი 2-ს" იზიზღებენ და ისევ იყვარებენ. ციხის კადრები რომ გავიდა ტელევიზიით, ჩვენს თანამშრომელს ბაზრობაზე ქალებმა უთხრეს, ანდღულაძე აქ არ მოეთრიოს, თორემ ჩავქოლავთო. რამდენიმე ხნით ადრე გვქონდა სკეტჩები ციხეზე, იმ ქალბატონების აზრით, მე პატიმრებს დავცინოდი.
- პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა თქვენი იუმორი მკაცრად გააკრიტიკა, სწორად მიგაჩნიათ მისი კრიტიკა?
- არ იყო ეს სწორად წარმოთქმული კრიტიკა. შეიძლება ყველაფერზე არ გაეცინოს ხუხაშვილს, მაგრამ მდაბიო იუმორს ნამდვილად არ ვაკეთებთ. შეიძლება, ხუხაშვილს კარგი იუმორი აქვს, მაგრამ იუმორის გრძნობის მთავარი განმსაზღვრელი ის არის, როცა შეგიძლია საკუთარ თავზე იხუმრო. შალვა ნათელაშვილმა მკაცრად გაგვაკრიტიკა "კავკასიის" ეთერში, მაგრამ შემდეგ ჩვენთან მოვიდა. ბოლოს მაინც ყველა აქ მომსვლელია. ხუხაშვილიც ასე მოიქცევა, მოვა ჩვენთან, გაიშლება სუფრა და ჩავეხუტებით ერთმანეთს. მთავარია, წინასწარ შეგვატყობინოს, როდის მოვა.
ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)