რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგებისგან მოვისმინე უცხოელ ფსიქოლოგთა კვლევების შესახებ, რომ თურმე ბავშვები და მოზარდები ძალადობის ამსახველი მულტფილმების ინტენსიური ყურებით, ასევე, კომპიუტერული თამაშებით პოტენციურად დიდი რაოდენობით მკვლელობას ჩადიან. ფაქტია, ბავშვებიც და მოზარდებიც ბოლოხანს განსაკუთრებით აგრესიულები და დაუნდობლები გახდნენ. მართლაც რა საფრთხეს შეიცავს კომპიუტერთან და ტელეეკრანთან მიჯაჭვულობა და თუ ასეა, რით შეიძლება ამ საფრთხის აცილება კომპიუტერის ეპოქაში? - გვესაუბრება ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი, ფსიქოლოგი, ნინო ახალაია:
- მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ, მრავალ სასარგებლო შედეგთან ერთად, საკმაოდ ბევრი პრობლემის აღმოცენებას შეუწყო ხელი - საფრთხე ადამიანის, განსაკუთრებით, ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ სიჯანსაღეს შეექმნა. თანამედროვე მულტფილმებისა და გავრცელებული კომპიუტერული თამაშების უმრავლესობა აგრესიისა და ძალადობის ელემენტებს შეიცავს. ვირტუალურ სამყაროში ჩაფლული მოზარდი საყვარელ გმირთან იდენტიფიცირდება და მისი სახით თავად ხდება სხვადასხვა მისიის შემსრულებელი, აქვს მიზანი, რომლის მიღწევას ხშირად მსხვერპლი სჭირდება. თამაშის პროცესში ბავშვები საკუთარი დაძაბულობისა და უარყოფითი განცდების რეალიზებას ახდენენ და წყენა ვირტუალურ მტრებზე გადააქვთ. ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია: უშუალოდ კომპიუტერული თამაშები იწვევს აგრესიულობის მომატებას, თუ აგრესიულობისკენ მიდრეკილი ბავშვები და მოზარდები ირჩევენ ძალადობრივი შინაარსის სიუჟეტებს. ერთი რამ კი აშკარაა, წარმოსახულ და არარეალურ სამყაროში ძლიერი ჩართულობა ცალსახად ქმნის პიროვნულ პრობლემებს - ყალიბდება დამოკიდებულება, რომელიც საფრთხეს უქმნის ემოციურ სფეროს და სოციალურ კონტაქტებს, ზრდის ნევროტულობის, აგრესიულობის, მტრობის გამოვლენის ხარისხს, ზიანდება ფიზიკური ჯანმრთელობა და შესაძლოა, რიგი ფსიქიკური დარღვევების პროვოცირებაც მოხდეს.
- პატარები ერთი შეხედვით უვნებელ მულტფილმებს უყურებენ. რა ზეგავლენას ახდენს ეს მულტფილმები მათ ცნობიერებასა და ფიზიკურ განვითარებაზე?
- საშინაო თუ საგარეო საქმეებით დაკავებული მშობელი, პატარის ინტერესის მიუხედავად, ხშირად საკუთარი დროის გამოთავისუფლების ხარჯზე ბავშვისთვის მულტფილმების ჩართვას არჩევს. ასეთი მშობელი თვითონვე უწყობს ხელს მულტფილმების ყურების მზარდი მოთხოვნილების ჩამოყალიბებას. თანამედროვე მულტფილმის აგრესიული სიუჟეტი ცუდ ზეგავლენას ახდენს მზარდ, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ფსიქიკაზე, ზოგადად - ბავშვის განვითარებაზე. მულტფილმების უკონტროლო ყურებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აგრესიულობისკენ მიდრეკილებას, ყურადღების დეფიციტის განვითარებას, მეტყველების პრობლემების ჩამოყალიბებას, სხვადასხვა ნევროტული რეაქციების გამოვლენას, წონის მატებას, მხედველობის გაუარესებას და ა.შ.
ზოგადად, სამ წლამდე ბავშვისთვის, განსაკუთრებით არასასურველია მულტფილმების ხანგრძლივი დროით ყურება, ცოტა მოზრდილებისთვის კი მულტიპლიკაციური ფილმები შინაარსის მიხედვით მკაცრად უნდა შეირჩეს, ასევე, გაკონტროლდეს ყურების ხანგრძლივობაც. თანამედროვე მულტიპლიკაციური სივრცე შეივსო სწრაფად და იაფად შექმნილი უხარისხო პროდუქციით. მულტფილმის გმირები მყვირალა ფერებით, სახისა და სხეულის დამახინჯებული პროპორციებით, გამაღიზიანებელი გახმოვანებით და აგრესიული მოქმედებებით პატარის ფსიქიკაზე სასიკეთო გავლენას ვერ მოახდენენ. მნიშვნელოვანია, რომ შვილისთვის შერჩეულ მულტფილმში მთავარი გმირი იყოს დადებითი პერსონაჟი, ჰქონდეს კარგი იუმორი, ჯანსაღი მიზნები, გამოირჩეოდეს კარგი თვისებებით - იყოს მეგობრული, კეთილი, ზრდილობიანი, ანუ ფლობდეს სასურველ და კარგ თვისებებს. ეს გმირი შეიძლება იყოს თუნდაც ცელქი, მოუსვენარი, სასაცილო, მაგრამ მთავარია, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს, რადგან ბავშვი შეუცნობლად სწორედ საყვარელ გმირთან აიგივებს თავს. ასევე, უმნიშვნელოვანესია, მულტფილმის ფინალი იყოს ბედნიერი, სიკეთე იმარჯვებდეს, რომ ბავშვში ოპტმიზმის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. მიუხედავად ნებისმიერი სასიკეთო გავლენისა, ვერც ერთი მულტფილმი, თუნდაც შემეცნებითი, ვერ ჩაანაცვლებს ეფექტს, რაც ბავშვის მოზრდილებთან და თანატოლებთან ურთიერთობას მოაქვს.
- ადრეულ ასაკში კომპიუტერული თამაშებით პატარების გატაცებაზე რას იტყვით - რას აძლევს ეს ბავშვს (თუკი რაიმე დადებითი აქვს) და რას ვნებს?
- ზომიერად მოხმარებისას კომპიუტერულ თამაშსაც აქვს დადებითი მხარე - ის შეიძლება იყოს განმავითარებელი, შემეცნებითი, ასევე, ლოგიკური აზროვნების გააქტიურების ხელშემწყობი. ამასთან, აყალიბებს მიზანმიმართულობას - დასახული მიზნისკენ სწრაფვას, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება, რა თქმა უნდა, კომპიუტერული თამაშების გარეშეც არის შესაძლებელი. ამ თამაშების უარყოფითი მხარე უფრო ძლიერია - ხშირად ის გატაცება კი არა, უფრო მეტად თამაშებზე დამოკიდებულებაა, რაც ანაცვლებს და უინტერესოს ხდის ოჯახს, თანატოლებთან ურთიერთობას, სწავლას. თანდათანობით ვიწროვდება სოციალური წრე და იზრდება გაღიზიანება, აგრესიულობა, წყენა. მატულობს დეპრესიული ფონი, იკარგება მოტივაცია, შესაძლოა, ოჯახის წევრებიც კი მტრად იქცნენ ბავშვის განცდაში, რადგან ხელს უშლიან და უპირისპირდებიან.
ცნობილი გამონათქვამია - მთავარი საფრთხე ის კი არ არის, რომ კომპიუტერი დაიწყებს აზროვნებას, არამედ სახიფათოა, რომ თვითონ ადამიანმა არ დაიწყოს კომპიუტერივით ფიქრი.
ესაუბრა ირმა ხარშილაძე