საქართველოში გაბედნიერებულ წყვილებს, 77 წლის გურამ ჩირინაშვილი და 60 წლის ნინო ცერცვაძე შეემატნენ. მათ ერთმანეთი, ბოდბისხევის თავშესაფარში - "თაობათა კერა" გაიცნეს და 6 თვეში შეუღლდნენ კიდეც. პროექტმა "ჩემი ქორწილი" მათ ულამაზესი დღე აჩუქა. იყო სიურპრიზები, თეთრი კაბა, ჯვრისწერა და რაც უნდა გაგიკვირდეთ, სიძის მიერ პატარძლისადმი მიძღვნილი მუსიკაც.
- რამდენი ხანია, თავშესაფარში ცხოვრობთ?
ნინო ცერცვაძე:
- 6 თვეა, რაც საცხოვრებლად თავშესაფარში მოვედი. წლების განმავლობაში ძმასთან ერთად ვცხოვრობდი. ბოლო დროს ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა, ძმას თავისი ოჯახი აქვს, ისინი ჩემს მოვლას ვეღარ ახერხებდნენ, ამიტომაც თავშესაფარში მომიყვანეს. აქ თავს კარგად ვგრძნობ. გურამი თავშესაფარში მოსვლისას გავიცანი. 60 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი ქორწინებაა. მოკლედ, უკვე ჩემი სიყვარული ვიპოვე.
გურამ ჩირინაშვილი:
- დაახლოებით 7 თვეა, რაც აქ ვცხოვრობ. მანამდე თბილისში, პანსიონატში ვიყავი. იქ არც ისე სახარბიელო პირობები იყო, - შენობა ინგრეოდა... პირველი ოჯახი დიდი ხნის წინ დამენგრა, ერთი ვაჟი მყავს...
- ქალბატონმა ნინომ რით მოგხიბლათ?
- შრომისმოყვარეობითა და ზნეობით. უბრალო, ჩუმი, მშვიდი და ოჯახის ქალია.
- თქვენს ასაკში ამ ნაბიჯის გადადგმა რთული არ იყო?
ქალბატონი ნინო:
- რთული ნამდვილად არ ყოფილა. ამაში თავშესაფრის ხელმძღვანელი ქეთი დამეხმარა.
ბატონი გურამი:
- ჩემთვის რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა.
- ქალბატონო ნინო, გახსოვთ, როგორ გამოგიტყდათ სიყვარულში ბატონი გურამი?
- კი, როგორ არ მახსოვს. 8 მარტს ყვავილები მომართვა და მითხრა - მიყვარხარო.
- როგორც ვიცი, ლამაზი და დასამახსოვრებელი ქორწილი გქონდათ...
- ქალბატონმა ქეთიმ გადაწყვიტა, ჩვენთვის ქორწილი გადაეხადა და პროექტის "ჩემი ქორწილი" ხელმძღვანელებს დაუკავშირდა. ძალიან ლამაზი და ბედნიერი დღე იყო. არასდროს დამავიწყდება.
ბატონი გურამი:
- სულიერად დაცემული არ ვარ, სიბერემ არ შემაშინა და ულამაზესი ქორწილიც გადაგვიხადეს.
ნია ოძელაშვილი, ტელეკომპანია "მაესტროს" პროექტ "ჩემი ქორწილის" ორგანიზატორი:
- აქამდე ახალგაზრდა წყვილებს ვუგეგმავდით ქორწილებს, ახლა უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა... კახეთში, სოფელ ბოდბისხევში არის მოხუცებულთა თავშესაფარი - "თაობათა კერა". მისი ხელმძღვანელი დაგვიკავშირდა და მოგვაწოდა ინფორმაცია იმ წყვილის შესახებ, რომელსაც დაქორწინება სურდა. როგორც აღვნიშნე, ამგვარი შემთხვევა არ გვქონია და მეორე დღესვე, წყვილის გასაცნობად სიამოვნებით გავეშურეთ. ისინი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ასაკოვანი ადამიანები არიან. გადაცემის ეთერში გასვლისას, მაყურებელს ბევრი ცრემლი და ღიმილი ელოდება...
- როგორი იყო მათთან მუშაობა, პრეტენზიული წყვილი ხომ არ აღმოჩნდა?
- პატარძალს თეთრი კაბა უნდოდა, სიძეს - ჯვრისწერა. ჩვენ არც ერთს არ დავწყვიტეთ გული. ქორწილი და ჯვრისწერა სიღნაღში გაიმართა, რაც ბატონ გურამს ძალიან გაუხარდა, აღნიშნა, სიყვარულის ქალაქიაო. მე მათი ერთ-ერთი მეჯვარე გახლდით. ჩვენდამი მადლიერება წყვილმა ასე გამოხატა... ვეცადეთ, მათთვის ყველა სურვილი აგვეხდინა და ეს დღე განსაკუთრებით ლამაზი გამოსულიყო. პატარძალმა აღნიშნა, - თავი ზღაპარში მეგონაო.
- როგორი შეგრძნება იყო ასაკოვანი ხალხის მეჯვარეობა?
- ძალიან მაგარი. საოცარი ბედნიერების მონაწილე გავხდი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს...
- როგორც ვიცი, ქორწილს სხვა უამრავი სიურპრიზიც ახლდა თან...
- ქორწილამდე რომანტიკული ვახშამი მოვუწყვეთ, სადაც ბატონმა გურამმა ქალბატონ ნინოს ხელი სთხოვა. საქორწინო ბეჭდები "ზარაფხანაში" ავარჩევინეთ და მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, გაგველამაზებინა პატარძალი. მაღაზიებში ტანსაცმლის შერჩევაშიც დავეხმარეთ. ქორწილის დღეს, აღმოჩნდა, რომ სიძე პიანინოზე უკრავდა. მან რესტორანში, როიალზე, პატარძლისთვის დაუკრა. ქორწილს თავშესაფრის რამდენიმე მცხოვრები ესწრებოდა, ზოგიერთმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსვლა ვერ შეძლო. ცალკე სუფრა სპეციალურად მათთვის შევუკვეთეთ და ტორტიც მივუტანეთ.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- გვინდა, რომ თავშესაფარს, სადაც ჩვენი ახალდაქორწინებული წყვილი ცხოვრობს, დახმარება გავუწიოთ. ვისაც საშუალება ექნება ავეჯით, ტანსაცმლით და სხვა ნივთებით დახმარებისა - შემოგვიერთდნენ. მათ ეს ძალიან სჭირდებათ.
ქეთევან ლეკვეიშვილი, "თაობათა კერის" დამფუძნებელი:
- ბატონ გურამს და ქალბატონ ნინოს თავიდანვე შევამჩნიეთ, ერთმანეთი ძალიან რომ მოსწონდათ. ორივეს გაუჭირდა ამის გამხელა. ბატონი გურამი შეყვარებულისადმი დიდ ყურადღებას იჩენდა, სიურპრიზებს უწყობდა. საჭიროდ ჩავთვალე, ისინი შეუღლებულიყვნენ. ჩვენს თავშესაფარს სამწუხაროდ, არ აქვს იმის საშუალება, რომ მათთვის ისეთი ქორწილი გვეჩუქებინა, როგორიც პროექტმა "ჩემი ქორწილი" გადაუხადა. მგონია, რომ მსგავსი აღარავის აღარ ექნება, იმდენად ლამაზი სანახაობა იყო. ორივეს ძალიან უბრწყინავს თვალები.
ჟანა გოგინაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)