საღამოს საათებში, ქუთაისში ქვეითად და ავტომობილით მოსიარულეები გადაადგილებას ერიდებიან. ამის მიზეზი კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცავებისა და უშიშროების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ჩხრეკის ფაქტებია.
"სამსახურიდან დაბრუნებული ჩემი მეგობარი მისი საცხოვრებელი სახლის წინ იდგა. ამ დროს ჩამოიარა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა, რომელმაც უთხრა, "შენ ბიჭო რაღაც ქურდულ ტალღაზე ხარო". ჩემი მეგობარი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და უპასუხა, "რა ქურდულ ტალღაზე ვარ, დისტრიბუტორი კაცი ვარ, მუშაობით დავიღალე, ქურდები როდის იყო მუშაობდნენ, თავი დამანებეო". ამის შემდგ ეს ადამიანი წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჩამოიარა და ჩემს მეგობარს დედა შეაგინა - "ვინც ქურდულ ტალღაზე არის, იმის დედაო". ამაზე ჩემმა მეგობარმა ვერ მოითმინა და ხელი დაარტყა" - ეს ინფორმაცია newpress.ge -ს ქუთაისის ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.