მწერალთა სახლში მიმდინარე შიდა დაპირისპირებები პერიოდულად მასშტაბურ სახეს იღებს და ფართო საზოგადოებისთვისაც ხდება ცნობილი. შიდა დაპირისპირების მიზეზი სხვადასხვაა, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები...
მწერალთა კავშირში დღეს ისევ დაპირისპირებაა. საგანგებო ყრილობაზე ალტერნატიული კავშირი დაარსდა. როგორც მწერალი და პუბლიცისტი თამაზ წივწივაძე აცხადებს, ხმათა უმრავლესობით იგი ყოფილ თანამდებობაზე დააბრუნეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ხელმძღვანელობს მწერალთა გაერთიანებას. წესდების თანახმად, მაყვალა გონაშვილი თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით რჩება...
მაყვალა გონაშვილი თამაზ წივწივაძის ახალ თანამდებობაზე ყოფნას ლეგიტიმურად არ მიიჩნევს და როგორც ამბობს, ეს იგივეა, მან რომ ინგლისის დედოფლობა დაიბრალოს. "საზოგადოებას მწერალთა ცირკს კიდევ ერთხელ ნუ დავანახვებთ", - აცხადებს მაყვალა გონაშვილი.
"ქართული მწერლობა არ არის მათი, ვინც დღეს კავშირის სათავეშია, არც იმათი, ვინც მათ გვერდით არ არის. ჩვენ ახალი გონაშვილები და ოთარაშვილები კი არა, აზრი და გონება გვჭირდება", - განაცხადა თამაზ წივწივაძემ მწერალთა შეკრებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია "მწერალთა აკადემიის" შექმნა.
ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მაყვალა გონაშვილს ვესაუბრეთ...
- დიახ, მწერალთა კავშირში დაპირისპირებაა. ერთი ჯგუფი ქმნის მწერალთა გაერთიანებას, რაც ძალიან სწორ პროცესად მიმაჩნია, რადგან ამ დროს იქმნება ჯანსაღი აზრი. ყოველთვის ვოცნებობდი მწერლებს შორის დაპირისპირებაზე. ერთნაირი გემოვნებისა და პოლიტიკური მრწამსის ადამიანები შეიძლება ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ და ამაში ტრაგიკული არაფერია, პირიქით, თავის დროზე, როცა 90-იან წლებში არსებობდა დიდი ტრადიციების მქონე ისეთი ორგანიზაცია, როგორიც "მწერალთა კავშირი" იყო, შევქმენით პირველი არასამთავრობო გაერთიანება. ასე რომ, ეს ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია და რაღაც ცვლილებები იქნება.
- აზერბაიჯანმა არასასურველ პერსონად გამოგაცხადათ, რატომ?
- როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან დიდი მეგობრობა მაკავშირებდა და დღესაც ასეა. შარშან ახალგაზრდა მწერლებისთვის "კავკასიის ფესტივალი" ჩემი ინიციატივით ჩატარდა, სადაც როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი მწერლები იყვნენ მოწვეულნი. შემდეგ სტუმრად მიმიწვიეს სომხეთში ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც ყარაბახში ტარდებოდა... ვიცოდი, ეს საკითხი რამდენად მტკივნეული იყო აზერბაიჯანელებისთვის და იქაურ მწერალთა კავშირს წერილი გავუგზავნე. ბედნიერი ვიყავი ყარაბაღში დანახული სიყვარულის გამო, მაგრამ იქიდან წამოსულს ტკივილი დამრჩა - ის, რაც ერთისთვის ახალი სახელმწიფოს აშენებაა, ვაითუ, მეორისთვის მიტოვებული საფლავებია. უცნაურ, ეთნოკონფლიქტების ეპოქაში ვცხოვრობთ და გულსატკენია, რომ მწერლები შუამდგომლისა და გადამრჩენის როლს ვერ ვასრულებთ. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერთადერთი ის შევძელი, ჩემს რუს მეგობართან ლექსი გამეგზავნა, სადაც ვწერდი, ჩვენ შორის თითქოს ყველა გზა დაიწვა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ყველაფერი შეიცვლება-მეთქი. ეს ტკივილიანი წერილი ყველგან გამოქვეყნდა... ამას მოჰყვა უარყოფითი რეაქცია ქართველებში. განსაკუთრებით აქტიურობდა ავთო ჩხაიძე, რომელსაც ვითომ ჩემზე მეტად შესტკივა გული ამ ორი ქვეყნის ბედზე და სარკასტულ გამონათქვამებს არ იშურებდა. არა უშავს. ქართველებს ხომ ძალიან გვიყვარს ყველაფრის გაზვიადება. არადა, ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ბატონმა ანარმა მითხრა, ნეტავ ყველა მტერი შენნაირი ერთგული ჰყავდეს ჩემს ქვეყანასო...
- ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მათ შორის მწერლები, კულტურის მინისტრის მიმართ მადლიერებით არ გამოირჩევიან. ჩვენთან საუბარში რევაზ მიშველაძემ აღნიშნა, რომ ნიკა რურუას დრო მოანატრა გურამ ოდიშარიამ... თქვენი განწყობა როგორია კულტურის ახალი მინისტრის მიმართ?
- ბატონ გურამ ოდიშარიას რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით ვესაუბრე, ერთ-ერთი იყო სომხეთის მწერალთა კავშირთან ერთობლივი პროექტის გაკეთება, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ასევე საუბარი გვქონდა რეზო ჩხეიძის ძალიან საინტერესო ალბომზე და დახმარებას შემპირდა. მიმაჩნია, რომ ის ძალიან განათლებული, დახვეწილი ადამიანია. რაც შეეხება ჩემი კოლეგების გულისწყრომას, უბრალოდ, ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაა და ბატონ გურამს არ მიეცა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. ქართულ პოლიტიკაში მისნაირი გაწონასწორებული და თბილი ადამიანი იშვიათია. გული მტკივა, რომ მის მიმართ ასეთი შეფასებები ისმის და იმედი მაქვს, ის მალე შეხვდება ხელოვნების მოღვაწეებს, რათა იმ პრობლემებზე ისაუბრონ, რაც ბოლო დროს ამ სფეროში დაგროვდა.
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია