ვისაც პიკის საათებში თბილისური ყვითელი ავტობუსის ლოდინი დასჭირვებია, ძალაუნებურად გაახსენდებოდა ერთი ცნობილი სიმღერის ტექსტი: "შორი გზიდან სატრფოს ველი, სხვა მოდის და, ის კი არა, ვაითუ, გზაში დაიღალა, სუსტია და ვერ იარა!" ოღონდ "სატრფო" ამ შემთხვევაში ყვითელი ავტობუსია - ჩვეულებრივი, თბილისური ყვითელი ავტობუსი. ხოლო ვისაც ხალხით გაჭედილი ავტობუსით ერთხელ მაინც უმგზავრია, კარგად იცის, რამხელა "ბედნიერებაა" ეს - როგორც წესი, ამ დროს ავტობუსში ნემსის ჩასაგდები ადგილიც არ არის, მგზავრები კი "საბედისწეროდ" დუმან. ეს სიტუაცია ყველაზე კარგად დედაქალაქის სტუმარმა შეაფასა.
ნინა ბებო შვილიშვილების სანახავად სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა, ყვითელი ავტობუსით მხოლოდ ერთხელ იმგზავრა და მისი დანახვაც აღარ უნდა:
- 61 წლის ქალი ვარ, 23 წელია დავქვრივდი და ცხონებული ჩემი ქმრის მერე კაცისკენ აღარ გამიხედავს. ამ ორი დღის წინ კი ვიღაცა პირდოუბანელ კაცთან ჩახუტებულმა ვიმგზავრე ჩემი შვილის სახლამდე. იმ შეჩვენებულს, ეტყობა, ერთ-ორი ჭიქა არაყიც ჰქონდა გადაკრული და პირდაპირ ყარდა იქაურობა. სულ გადაგვარდა ხალხიც და ქვეყანაც, ოღონდ ახლა უგულავას და სააკაშვილის კრიტიკა არ გამაგონოთ! - რავა, ხელ-პირიც ქალაქის მერმა და პრეზიდენტმა უნდა დაგვბანოს, თუ?!
თამუნა ანთიძე დიასახლისია. მართალია, ავტობუსით მგზავრობა ყოველდღე არ უწევს, მაგრამ ისიც ბევრჯერ აღმოჩენილა მსგავს მდგომარეობაში:
- როდესაც სადმე მივდივარ, ვცდილობ, ისეთი დრო შევარჩიო, როცა ავტობუსები გადატვირთული არ არის, თუმცა, ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. ყველაზე ძნელია მგზავრობა ზაფხულში, როცა პაპანაქება სიცხეა და ავტობუსში სუნთქვაც არ შეიძლება. რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელიც ყოველდღე სამსახურში დადის და იძულებულია, მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავროს? მახსოვს, როცა ეს ავტობუსები შემოიყვანეს, გვპირდებოდნენ, ძალიან კომფორტული იქნებაო, მაგრამ მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ კომფორტს! გარდა იმისა, რომ ავტობუსები ხალხით არის გაჭედილი, საღამოს საათებში ამას კიდევ ერთი პრობლემა ემატება - დაგვიანება. ჩემი ოჯახის წევრებს საღამოობით 30-40 წუთი უწევთ ლოდინი, რომ სასურველი ავტობუსი მოვიდეს და დანიშნულების ადგილამდე მოაღწიონ. ამ დროს ერთადერთი ალტერნატივა სამარშრუტო ტაქსია, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, რაც შეეხება ტაქსის, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ყოველდღე სამსახურში ტაქსით იაროს, რაც უნდა მაღალი ხელფასი ჰქონდეს.
ასე ჩივის ყველა, ვისაც თბილისურ ავტობუსებში გამეფებული "კომფორტი და ჰარმონია" საკუთარ ტყავზე ერთხელ მაინც უწვნევია. ოდესმე თუ ეღირსებათ თბილისელებს დიდი ხნის წინ დაპირებული კომფორტული მგზავრობა? - ამ კითხვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას მივმართეთ. აი, რა გვითხრა მან:
- ყველამ ვიცით, რომ ქალაქის მერიამ ეს ავტობუსები უკრაინიდან შემოიყვანა და მაღალი ხარისხით არც ადრე გამოირჩეოდა. დროთა განმავლობაში მათი დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა. ამ ტიპის პატარა ავტობუსები თითქმის ყველა ქვეყანაში უკვე მოხსნილია წარმოებიდან, მათ შორის, უკრაინაშიც. იქ ეს ავტობუსები რომ შეაკეთონ და ააწყონ, სხვადასხვა ქვეყნიდან შეაქვთ ნაწილები, რადგან მათი ნაწილების შოვნაც საკმაოდ ძნელია. სწორედ ამიტომ, თბილისის ავტობუსების პარკში დღესდღეობით ძალიან ბევრი მწყობრიდან გამოსული ავტობუსი დგას. ალბათ გახსოვთ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამხელა გაფიცვა მოაწყვეს მძღოლებმა, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო - დროულად შემოსულიყო სათადარიგო ნაწილები და დროულად მოეხერხებინათ ავტობუსების შეკეთება. ამ საქმეში ფულს არც სატრანსპორტო კომპანია ხარჯავს და არც თბილისის მერია.
- ყვითელი ავტობუსები საღამოს ძალიან დიდი შუალედებით მოძრაობენ. დაგვიანების პრობლემა მგზავრებს ე.წ. პიკის საათებშიც აწუხებთ.
- ამის მთავარი მიზეზია ის, რომ არ არსებობს რეზერვი. საერთოდ, პიკის საათებში ავტობუსების რაოდენობა უნდა იზრდებოდეს, რადგან მგზავრთა ნაკადი გაცილებით დიდია, ეს ვერ ხერხდება, რადგან ავტობუსები საჭირო რაოდენობით არა ჰყავთ. თუმცა, არის კიდევ ერთი მიზეზი: უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია და ჩემთანაც არაერთი ადამიანი მოსულა საჩივრით, რომ დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების ბიზნესს ლობირებენ - იმის გამო, რომ სამარშრუტო ტაქსებს კონკურენცია არ გაუწიონ, პიკის საათებში ყოველთვის ავტობუსების დეფიციტია და ეს ვიღაცას ხელს აძლევს. როგორც ჩანს, აქაც რაღაც კორუფციული სქემა იმალება. ფაქტია, რომ ეს სფერო დასალაგებელია, ქვეყანაში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა შემოვიდეს. დედაქალაქში უნდა მოძრაობდეს გამძლე და კომფორტული ტრანსპორტი. ეს საკითხი უკვე დღის წესრიგში დგას და როგორც კი ამ ქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" პარპაში დასრულდება, დავიწყებთ ზრუნვას, რომ ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე ტენდერი და თბილისში სულ სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები შემოვიყვანოთ. დედაქალაქში უნდა იაროს თანამედროვე მუნიციპალურმა ტრანსპორტმა და არა ისეთმა, როგორიც თავის დროზე უგულავას კლანმა შემოგვთავაზა. შეიძლება საქართველოში, სადაც მაისიდან აუტანელი სიცხეები იწყება, ისეთი ავტობუსები შემოიყვანო, რომელსაც კონდიცირება არა აქვს? როდესაც გარეთ 40-42 გრადუსი სიცხეა, როგორ უნდა გაიმეტო საკუთარი ხალხი ასეთი საშინელი მგზავრობისთვის? ამიტომ, ბუნებრივია, ვინც ეს ძველი და უხარისხო ავტობუსები შემოიყვანა, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი თავისი ქმედების გამო.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)