ბორის ბედიას შემოქმედებაში სიახლეა: მან საბოლოოდ გადაწყვიტა, საკუთარი შემოქმედება საოპერო ხელოვნებას დაუკავშიროს; გარდა ამისა, სულ მალე მსახიობის ამპლუაშიც ვიხილავთ.
- გამოცდებისთვის ვემზადები, კონსერვატორიაში უნდა ჩავაბარო. ვაპირებ, საოპერო განხრით, კლასიკულ მუსიკას გავყვე. გარდა ამისა, ვმონაწილეობ დეტექტიურ სერიალში - "ალი და ნინო". ბაქოელი "ბაბნიკი" მომღერლის როლი მაქვს, რომელიც მანდილოსნებში პოპულარობით სარგებლობს. ეს ქართულ-აზერბაიჯანული პროექტია და მასში ჩემი დაც მონაწილეობს.
- საზოგადოება მსახიობის ამპლუაში პირველად გიხილავს, არა?
- რატომ, ადრე მიუზიკლებში ვმონაწილეობდი, საესტრადო ჯაზ-ორკესტრშიც ვმღეროდი. ამჟამად "ბიგ ბენდში" ვარ, ბატონი გივი გაჩეჩილაძის ჯაზ ორკესტრში ვმუშაობ. სამსახიობოზე რომ ჩამებარებინა, წარმატებული ვიქნებოდი. სხვათა შორის, რუსები მომღერალს ესტრადის არტისტს უწოდებენ; მომღერალი ფაქტობრივად, მსახიობია, მაგრამ საუბრის ნაცვლად, მღერი...
- როგორც მახსოვს, კომპეტენტური რჩევების მიუხედავად, საოპერო ხელოვნების მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებდით...
- ძალიან მომწონდა გემოვნებიანი პოპმუსიკა, მერე ბლუზის, როკის, ჯაზის მოსმენა დავიწყე... კლასიკა კი მუსიკის მწვერვალია და ახლა მივხვდი, რომ ჩემი ადგილი სწორედ აქ არის. მანამდე გაორებული ვიყავი: არ ვიცოდი, საით წავსულიყავი, ორ კურდღელს კი ერთდროულად ვერ დაიჭერ.
- პროფესიით ვინ ხართ?
- გეოგრაფია-ტურიზმის მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული. ჩემი სასიმღერო დებიუტი პედაგოგიურ უნივერსიტეტში დაიწყო - ბიძინა კვერნაძის "ვარდები არ არიან" შევასრულე. საერთოდ, ყოველთვის მიმართლებს. ჰოროსკოპით მორიელი ვარ. ჰოდა, ასტროლოგები ამბობენ: მორიელი წარმატებას 30 წლის ასაკის შემდეგ აღწევსო. ახლა 29 წლის ვარ, - ანუ ყველაფერი ახლა იწყება (იცინის)!
- ხომ არ ფიქრობთ, რომ დღესდღეობით, პროფესიული თვალსაზრისით იჩაგრებით?
- რესტორანში სიმღერა გარკვეულწილად, მართლაც, დამცირებაა. დღესდღეობით ღირსეული კონკურენტების პოვნაც ჭირს. შოუბიზნესი არ არსებობს, მაგრამ ვიღაცები უკადრებელს მაინც კადრულობენ და ერთი რამ არ იციან: ნამდვილად დიდი მომღერლები თავმდაბლობითა და უბრალოებით გამოირჩევიან. ისე, მე კი არა, ზოგიერთებს ჯექსონი არ უყვარდათ...
- როგორც ვიცი, თქვენი ოცნება ზუგდიდში ოპერის თეატრის დაარსებაა...
- თუ დიდ სცენაზე ჩემს სათქმელს ვიტყვი და ამის გაკეთებაში ფინანსებიც შემიწყობს ხელს, რატომაც არა?! სამეგრელო სიმღერის მხარეა და არ მესმის, რატომ არ უნდა იყოს იქ საოპერო თეატრი?..
- უკრაინასთან შემოქმედებითი კავშირები როგორ დაამყარეთ?
- იქ მრავალრიცხოვანი სამეგობრო მყავს. მომღერალ ოლგა კრუკოვასთან ერთად დუეტებს ვმღერი და პერიოდულად, მიწვევენ ხოლმე. ურთიერთობა მაქვს იქაურ ქართულ დიასპორასთანაც. ჰონორარის მხრივ, საქართველოსთან შედარებით, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. უკრაინასა და რუსეთში ყველა სერიოზულ დაწესებულებაში მიღებული სტუმარი ვარ, ასეთ რამეს საქართველოში თითქმის ვერ იგრძნობ...
- როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც ბორის ბედიას ყურადღებას მიიპყრობს?
- აუცილებლად სახის ლამაზი ნაკვთები უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, მთავარი მაინც სახეა, თვალები... უნდა იყოს თავმდაბალი და უბრალო. შინაგანად უნდა ასხივებდეს სიყვარულსა და სათნოებას. მოუწესრიგებელი ქალი ალბათ, შინაგანადაც მოუწესრიგებელია. და კიდევ, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ - როცა კაცი საუბრობს, ქალი არ უნდა "ჩაეჭრას". ასეთი ქალები მაღიზიანებენ. სამაგიეროდ, ცოლს რომ მოვიყვან, სხვა ქალი ჩემთვის არ იარსებებს, თუნდაც იმიტომ, რომ შვილებისთვის სამაგალითო მშობელი ვიყო. ევროპელებს თუ ვბაძავთ, ფასეულობებში, წესრიგში მივბაძოთ და არა - არარაობაში. ჩემი ცოლი არ იქნება მოდელი და არ ექნება არანაირი შეხება სცენასთან - ცალკე ჩემს და ცალკე მის გასტროლებს ვერ ავიტან, რადგან სიყვარულში სიშორე არ მჭირდება...
- ანუ დიასახლისი უნდა იყოს?
- არ არის აუცილებელი, სამზარეულოში ათენ-აღამებდეს, მაგრამ მეუღლისთვის დრო ყოველთვის უნდა ჰქონდეს; ის მუდამ ჩემ გვერდით უნდა იყოს, რათა ერთი მთლიანი და ძლიერი წყვილი ვიყოთ... ჯერ შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ და არ ვიცი, მომავალში რა დათმობაზე წავალ, მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ, გვერდით ჩემივე პროფესიის ადამიანი არ მჭირდება.
- რაც შეეხება ინტელექტს...
- (მაწყვეტინებს) ინტელექტი აუცილებელია, მაგრამ არც "ნამეტანი" პროფესორი და ფილოსოფოსი უნდა იყოს. ქალის ფილოსოფია სიცილს მგვრის. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანი ქალი არ არსებობს... ქალი რომ ცოტა სულელია, ამაშია მთელი მისი მომხიბვლელობა. აბა, რომ დამიჯდეს და წარბი ამიწიოს, სახლიდან გასასვლელის ძებნას დავიწყებ (იცინის)...
- კარიერის გამო თუ გითქვამთ უარი სერიოზულ ურთიერთობაზე?
- როცა შეყვარებული ხარ, უკეთესად მღერი, ასე რომ, კარიერა და სიყვარული ვფიქრობ, ერთმანეთს ხელს არ უშლის. ვნება ისეთი რამ არის, ზოგჯერ სიყვარულსაც გავიწყებს, სამაგიეროდ, სიყვარული დროში იწელება. თუმცა, ხშირად, უკვდავი არც ის არის ხოლმე...
- გყავთ თუ არა გვერდით ისეთი ქალი, რომელიც ცხოვრებას გილამაზებთ?
- თუ შეყვარებულს გულისხმობთ, არის ერთი ადამიანი, რომელიც ჩემზე 10 წლით უმცროსია. ის ძალიან მომწონს. ლამაზი, წესიერი გოგოა. რაც შეეხება ზოგადად, ქალს, რა თქმა უნდა, დედა, ჩემი და და ბებია არიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონები. მამა გარდაცვლილი მყავს, ამიტომ დედას, დედობის გარდა, ძმაკაცის, მეგობრის, მამის ფუნქცია ერთდროულად აქვს შეთავსებული და მუდმივად ვგრძნობ მის გვერდით დგომას.
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)