არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, გიორგი გუგავასა და კახა კუკავას ხელისუფლებასთან მთელ რიგ საკითხებზე საერთო პოზიციები აქვთ, თუმცა პოლიტიკური წესებიდან თუ პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ერთმანეთს არცთუ ისე "ტკბილად" ახასიათებენ. გუგავა და კუკავა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მწვავედ აფასებენ და ორივე პოლიტიკური ძალა აქტიურად ცდილობს, ჭეშმარიტი და რეალური ოპოზიციის როლი მოირგოს.
- უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია რუსების ბოლოდროინდელი ქმედებები. როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ამ მიმართულებით?
გიორგი გუგავა:
- მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლების რიტორიკა წინანდლისგან განსხვავებით, შერბილებულია, რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსია საუბედუროდ, კვლავაც გრძელდება, რადგან გეოპოლიტიკა რიტორიკაზე არ არის დამყარებული. არსებობს გარკვეული მიზნები, რომლებიც დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს აქვთ. სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან, მათ ქმედებებზე ადეკვატური რეაქცია არ არის - მინიმუმ, გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება და მკაცრი რეაგირება, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა უნდა მოეხდინათ. იმის გამოცხადება, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, დამღუპველია. ეს კაპიტულაციას ნიშნავს.
კახა კუკავა:
- ხელისუფლებამ უფრო აქტიური პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც, ამა თუ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა მკაცრიც იყოს და რბილიც, მთავარია აქტიურობა. პრემიერ-მინისტრი და მისი მინისტრები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა მზად არ იყო მოვლენების ასე განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ მიმართულებით საკადრო ცვლილებებიც კია საჭირო. სრულიად აშკარაა, რომ საგარეო ურთიერთობებზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გუნდი შექმნილი ვითარების მიმართ არაადეკვატურია.
- ქვეყანაში "სამართლიანობის აღდგენა" სამართლიანად მიმდინარეობს?
გიორგი გუგავა:
- სამართლიანობა და სამართალი უნივერსალური კატეგორიაა და საოჯახო, კლანურ ინტერესებამდე არ უნდა დავიდეს, შერჩევით ხასიათს არ უნდა ატარებდეს. დღეს რასაც ვუყურებთ, ეს არის ერთი ჯგუფის შიდა ანგარიშსწორება მეორე ჯგუფზე, რასაც ღრმა საფუძველი აქვს. თუ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, უნდა დავიწყოთ მინიმუმ "ვარდების რევოლუციიდან" და როდესაც სამართლიანობის აღდგენად მერაბიშვილის დაკავება აღიქმება, მაშინ მარჯვნივ საკანში შეიძლება სააკაშვილი აღმოჩნდეს, მარცხნივ კი - ივანიშვილი, ან პირიქით. სააკაშვილი - ამ ყველაფრის აქტიური შემოქმედი, მერაბიშვილი - შემსრულებელი, ივანიშვილი კი - მანკიერი რეჟიმის ფინანსური გარანტი. 2007 წელსაც მან დააფინანსა ის პროცესები - ივანიშვილის ბანკიდან სპეცნაზელებზე პრემიები გაიცა, რიგითზე - 3 000 ლარი, უფრო ზემდგომებზე - 5 000 და 10 000 ლარი. ასე რომ, როცა სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, მთელი ეს წლებია გამოსაძიებელი. დასჯილი მონოპოლისტი მაჩვენონ, რომლებიც ცხრა პირ ტყავს აცლიდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს. პირიქით, ბიზნესის გადანაწილება მიდის. ფასები საერთოდ არ იწევს ქვემოთ. ბაზრებზე ახალ მოთამაშეებს ვერ ვხედავთ. ბიზნესების მეპატრონეები იცვლებიან, რიგითი ადამიანების სოციალური მდგომარეობა კი უფრო მეტად მძიმდება.
კახა კუკავა:
- ივანიშვილების ოჯახზე თუ ვიმსჯელებთ, რაც წინა მთავრობის დროს ჩამოართვეს, ყველაფერი დაიბრუნეს, კერძო და სხვა ქონების ჩათვლით. სამწუხარო ისაა, რომ არ მოიძებნება სხვა, კერძო თუ იურიდიული პირი, ვისთვისაც სამართლიანობა აღდგა. იმ ქონებაზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს მიიტაცეს და კანონიერ მესაკუთრეებს უნდა დაჰბრუნებოდა, გია ხუხაშვილი და მისთანები ითბობენ ხელს. ადრე ელიტური კორუფცია ფარული იყო და უცხოელი ექსპერტები და ჟურნალისტები ვერაფერს ხედავდნენ, ახლა კი ღიაა და კორუფციის მინისტრიც გვყავს - გია ხუხაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ოფიციალურადაა დელეგირებული. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დაკავებას კი სამართლიანობის აღდგენასთან არავითარი კავშირი არ აქვს. 26 მაისის გამოძიება თუ უნდოდათ, მარტო ვანო მერაბიშვილს არ დაურბევია და ის, მთელ გარემოცვასთან ერთად, ახლა კი არა, 2 ოქტომბერს უნდა დაეჭირათ და ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები წაეყენებინათ. პროკურატურის მიმართ ბევრი შეკითხვა ჩნდება. არჩილ კბილაშვილი თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრობდა, ზედმეტი პოტენცია აწუხებთო, არც ესაა კარგი, მაგრამ არც იმპოტენციაა მაინცდამაინც მოსაწონი და დღევანდელი პროკურატურა იმპოტენტი პროკურატურაა, რომელსაც რეალურად საქმის გაკეთება არ შეუძლია. თუ კბილაშვილს დამნაშავეების დასჯა არ ძალუძს, რომელიმე საბავშვო ბაღის დირექტორად გადავიყვანოთ.
- თქვენს ოპონენტს როგორ დაახასიათებთ, რომელიც ნაძალადევში არჩევნების დროს თქვენი კონკურენტიც იყო?
გიორგი გუგავა:
- კახა მონავარდე ფორვარდია პოლიტიკაში. საკმაოდ შნოიანია იმ მხრივ, რომ მცირეხნიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მრავალი პატრონი და ფულის ტომარა გამოიცვალა, ვისგან რა დაკვეთას იღებს, იმის მიხედვით. მთელ თავის ნიჭსა და უნარს ახმარს ამას და ხელის თითები არ ეყოფა ჩამოსათვლელად, რამდენი შეფი ჰყავდა, სააკაშვილითა და მისი ძმით დაწყებული, გაგრძელებული - ბადრი პატარკაციშვილით, ძმები გაჩეჩილაძეებით, ნოღაიდელით, ხომერიკითა და სხვა პატრონებით რუსეთიდან. ახლა კი ცდილობს, ბატონ ივანიშვილს მიუცოცდეს. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკაში მეტად პრინციპული და ამ პრინციპების ერთგული იყოს, სულ სარფიანი გარიგებების მოლოდინშია.
- ივანიშვილის მიმართ კრიტიკულ შეფასებებსაც არ იშურებს.
- კახას კრიტიკის ამპლიტუდა იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად მიუახლოვდება ის ნარიყალას ბატონს, რომელსაც ზარდახშები ფულით აქვს სავსე. ივანიშვილთან დიდი ხნის წინაც იქნებოდა ბატონი კუკავა, მაგრამ მისი ხასიათისა და ბუნების შესახებ უკვე მიტანილი აქვთ ინფორმაციები იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ის წლების განმავლობაში იყო და მას კარგად იცნობენ. ამის გამოა, რომ ივანიშვილი მას არ ენდობა.
კახა კუკავა:
- გუგავაც კარგი თაღლითია, თუ ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა, რატომ დააყენეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად? გუგავა და "ლეიბორისტები" ჩვეულებრივი კორუმპირებული პარტიაა, რომელსაც ივანიშვილისთვის ფულის გამოძალვა უნდოდა. ამით ბევრი პოლიტიკური პარტიაა დაკავებული, ამიტომ აქებდნენ მანამ, სანამ ფულის მიღების იმედი ჰქონდათ, ახლა კი ლანძღავენ. არა მარტო ივანიშვილს, ხან - ხუბუტიას, ხან - ებრალიძეს, - ვისგანაც ფულს ვერ მიიღებენ. ამიტომ, გუგავაზე ითქმის - გაგა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო.
- იმავეს ამბობს ის თქვენზე, დამფინანსებლებთან დაკავშირებით.
- გუგავას შემიძლია ვათხოვო ჩემი სათვალე და ეს ინტერვიუ კარგად წაიკითხოს. ივანიშვილს არასდროს შევხვედრივარ იმისთვის, რომ მისგან ფინანსური სარგებელი მენახა, ან ფული მეთხოვა, არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დამისახელებია. საქართველოში არ არსებობს ბიზნესმენი, ლეიბორისტულ პარტიას რომ არ ჰქონდეს წერილი გაგზავნილი სათაურით - "დამეხმარე, ბიძია". ამიტომ ყველაფერი ქართველმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. იტალიის პარლამენტში ერთი ჯამბაზი აირჩიეს, რომელმაც ხმების 20-25% დააგროვა და მთელი იტალია გლოვობს, როგორი ერი ვართ, რომ პარლამენტში ჯამბაზი გვყავსო. როცა 20 წლის განმავლობაში შალვა ნათელაშვილი მცირე, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ხმებს მაინც იღებს, ვფიქრობ, ის სეგმენტი ჯანმრთელი არ არის. ამას შეფასება სჭირდება და არა - გაჩუმება და პირში წყლის ჩაგუბება.
- "ფორბსი" აქვეყნებს სტატიას, რომ საქართველო ნატოს წევრობას უახლოვდება, ივანიშვილი კი კრემლის ჩანერგილი არ ყოფილა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
გიორგი გუგავა:
- ბევრი ფული რომ გვქონდეს, გადავიხდიდით და "ფორბსში" ყველაზე ჰუმანურ ადამიანებად დაგვხატავდნენ. ეს ყველაფერი ფულია, ბაბა, ფული. ჰოდა, ივანიშვილმა სახელმწიფო რესურსი ამისთვის გამოიყენა.
კახა კუკავა:
- არა მგონია, ივანიშვილი ამ ყველაფერში სახელმწიფოს სახსრებს ხარჯავდეს, მაგრამ ის, რომ ევროპელ და ამერიკელ ჟურნალისტებს ყიდულობს, ოფიციალური ფაქტია - ზუსტად ის ცნობილი კომპანიები დაიქირავა, რომელთაც სააკაშვილი მიმართავდა. ფინანსების გარდა, კრეატიულობაა საჭირო და ბიძინა ივანიშვილის მეტყველების პატრონი, ბუნებრივია, ჟურნალისტებისა და საზოგადოების დაცინვის საგანი ხშირად ხდება. თუმცა ამას მარტო ლობისტები ვერ უშველიან, სულ ცოტა, ახალგაზრდობაში კლასიკური განათლების მიღება სჭირდებოდა.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)