ქართველმა ჟურნალისტმა თემურ კიღურაძემ გუშინ "თალიბანის" სახელით youtube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში მის მიერ გადაღებული კადრები ამოიცნო. ამის შესახებ თემურ კიღურაძე რუსულ ბლოგ-პლათფორმა livejournal.com-ზე წერს.
"ავღანეთში დღეს შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ცხრა კი - დაიჭრა. დანაკარგი ავტომობილის აფეთქებამ გამოიწვია, რომელსაც თვითმკვლელი-ტერორისტი მართავდა. სიახლეს საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა - დღეს, ალბათ ყველაზე ხმამაღლა, ვიდრე ოდესმე, გაისმის მოწოდებები ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისა და ნატოს კურსზე უარის თქმის შესახებ. ამ ყველაფერს დიდწილად ხელი შეუწყო მცირე ვიდეორგოლმაც, რომელიც გუშინ ძალიან პოპულარული გახდა - "ავღანეთი ქართულ ჯარს ჯიჰადს უცხადებს".
ვიდეორგოლი ინტერნეტში სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე განთავსდა. ცხადია, რომ ეს ფალსიფიკაციაა და არავითარ "თალიბანს" მასთან კავშირი არა აქვს. მაგრამ თუ არა თალიბებს, მაშინ ვის? ვიდეორგოლის ყურადღებით ნახვის შემდეგ მასში აღმოვაჩინე კადრები, რომლებიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა 2010 წელს ავღანეთში მივლინების დროს გადაიღო. ისინი ვიდეორგოლში 1.30 წუთზე ჩანს", - წერს კიღურაძე.
ჟურნალისტი ბლოგზე მის მიერ გადაღებულ ორიგინალ ვიდეომასალასაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოში მოხვედრილი კადრები მასში მე-20 წამზე ჩანს.
ჟურნალისტის თქმით, განსხვავება ამ ორი ვიდეომასალას შორის ის არის, რომ "ჯიჰადისტების" რგოლში ტელეარხ ПИК-ის ლოგოტიპი არ ჩანს, სადაც იმ დროს ჟურნალისტი მუშაობდა.
"ე.ი. ვიღაცას სიუჟეტის შავ მასალზე წვდომა ჰქონდა. ПИК-ის მთელი არქივი, წესით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. სამწუხაროდ, ის მეც კი არ მაქვს. საკითხავია - ვინ მისცა ვიდეორგოლის ავტორებს წვდომა ამ სიუჟეტზე. მეორე საკითხია - რატომ?", - აღნიშნავს ჟურნალისტი.
იხილეთ ვიდეო: "თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოში ტელეკომპანია "ПИК"-ის კადრები ამოიცნეს"
-თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან