თქვენი შვილები გაუშვით ავღანეთში

თქვენი შვილები გაუშვით ავღანეთში

როდესაც ინფორმაცია ვრცელდება ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ, ემოციას ვერ ვერევი. ბავშვობიდან მძიმე დაღი დამაჩნია საქართველოს "ავღანურმა" ტრაგედიამ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს საბჭოთა ერქვა და უფროსი ძმის ტოლა ბიჭების დაკეპილი სხეულები "ცინკის" კუბოებით ჩამოჰქონდათ ცეცხლში გახვეული აღმოსავლეთიდან. კიდევ ერთხელ ვარ საშინელი, ტრაგიკული ემოციის ტყვეობაში და მეფიქრება იმაზე, რაზეც არაერთხელ ამოუხეთქია ტკივილს გულიდან.

საქართველოს ისტორიაში თვლა არ აქვს საგმირო ამბებს მეფეებისა და დიდებულების შესახებ, რომლებიც სამშობლოსთვის მტერს ეწირებოდნენ, შვილებს კი მძევლებად აგზავნიდნენ მტრის კარზე.

ყველა ომში ლაშქარს, რაზმს, საბრძოლო შენაერთს თავად-აზნაურები და პირველ რიგში მეფეეები მიუძღოდნენ. მათი თავდადება კი (არ დამიწყოთ, რომ მოღალატეეებიც გვერია, ისე, როგორც ყველა ერს) საოცარ ძალას მატებდა ხალხს. მარტო ერეკლე მეფის გმირობები რად ღირს...

ამჯერად კი რა ხდება? ყველა ომში რიგითი მოქალაქეები, რიგითი სამხედრო მოსამსახურები იხოცებიან. ჩინიანები კი როგორც არაერთხელ თქმულა, გარბიან (ბრძოლის ველიდან ან ქვეყნიდან), ან სამძიმრებს ამბობენ და სიამაყით აცხადებენ, ჯარისკაცები საქართველოსთვის დაიღუპნენ, პატივს ვცემთ მათ ხსოვნას, ოჯახების მწუხარებას ვიზიარებთ, მათ საამაყო შვილები ჰყავდათო.

თქვენ, განურჩევლად ჩინისა და რანგისა, თანამდებობისა და პასუხისმგებლობის ხარისხისა,

არ გინდათ თქვენი შვილებით იამაყოთ? ისინი გაუშვათ ავღანეთში, ერაყში და ა.შ. სადაც როგორც თქვენ ამბობთ, საჭირო ხდება ქართული სისხლის დაღვრა იმისათვის, რომ როგორმე შევიდეთ ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსში.

თქვენ არ გინდათ გმირები გახდეთ? აბა, წარმოიდგინეთ, არანაირი წინასაარჩევნო პიარი არ დაგჭირდებათ (თუ რა თქმა უნდა, გადარჩებით), თუ რიგითი მოქალაქეები, რიგითი ჯარისკაცები დაინახავენ, რომ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ (კიდეც რომ გადარჩეთ, მაინც გადარჩებით, რადგან ოჯახი და სამშობლო თქვენით იამაყებს და სამუდამოდ ემახსოვრებით ყველას. იქნებ არ გჯერათ ასეთი "ზღაპრების", რადგან თვითონ გღალატობთ მეხსიერება ამ მხრივ?), იქ, ავღანეთის შორეულ მიწაზე, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

თუ ნატოში შესასვლელად მსხვერპლია საჭირო, განა თქვენი, როგორც ჩინიანის მსხვერპლი უფრო მრავლისმთქმელი არ იქნება მათთვის, ვინც მოწყალება უნდა გაიღოს?

აბა წარმოიდგინეთ, როგორ აუჩუყდება გული დეიდა ანგელას (მერკელს, რომელიც თურმე წინააღმდეგია ჩვენი ნატოში შესვლისა) და კიდევ ბევრ სხვას, როდესაც შეიტყობენ, რომ ავღანეთში მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოდან რიგითებს კი არ უშვებენ, არამედ მაღალი თანამდებობის პირები მიდიან, შვილებთან, ძმებთან, ნათესავებთან ერთად და ისინი უდგებიან სათავეში ასეულებს, ბატალიონებს. დავიჯერო ასეთი "მსხვერპლი" (სიკვდილი ყველას ღმერთმა აშოროს) უფრო არ გაამართლებს?

იქნებ ეჭვი გეპარებათ და ფიქრობთ, რომ ნატოს საერთოდაც არ სჭირდება მსხვერპლი და ამიტომაც დიდ სისულელედ მიგაჩნიათ ასეთი "უაზრო" თავგანწირვა, მაგრამ ხმამაღლა ამის აღიარების გეშინიათ, ან უბრალოდ თავის ატკივებას ერიდებით?

ან იქნებ გგონიათ, რომ თქვენი დაკარგვით საქართველო უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე, სხვა, ქართველი ჯარისკაცების, მაგრამ არა თქვენი ნათესავების და თქვენი შვილების სახით?

ან იქნებ არაფერი გსმენიათ ჩვენი ლეგენდარული წინაპრების შესახებ და არც ის იცით, როგორ ამართლებდა სწორედ პირველ პირთა მსხვერპლი (მეზიზღება ეს სიტყვა, მაგრამ რახან მაინც მსხვერპლშემწირველებად ვრჩებით, სხვა გზა არ მრჩება და მას მოვიშველებ).

საბედნიეროდ უთვალავია მათი სახელები. მხოლოდ მცირედს შეგახსენებთ:

ვახტანგ გორგასალი ირანის შაჰის, კავადის ლაშქართან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. მერე რა, რომ ღალატით "სპარსმან ვინმე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისასა". დაჭრილ მეფეს ბრძოლის ველი არ დაუტოვებია - თავგანწირვით მებრძოლმა ქართველ მეომრებთან ერთად მრავლად გაჟლიტა ირანელები. მომაკვდავი მეფე სიცოცხლის და ვაჟკაცობის გამაძლიერებელი გახდა ერისთვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე