მიხეილ სააკაშვილი - "საქართველომ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გამო მორიგი მსხვერპლი გაიღო"

მიხეილ სააკაშვილი - "საქართველომ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გამო მორიგი მსხვერპლი გაიღო"

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. როგორც პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველომ მორიგი მსხვერპლი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გამო გაიღო.

"ესაა მძიმე დარტყმა და დანაკარგი თითოეული ჩვენგანისთვის. არაფერი არაა უფრო მძიმე ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ვიდრე ის, როცა ქართული ოჯახები იღებენ შეტყობინებას თავიანთი ოჯახის საყვარელი წევრების ამ გარემოებებში დაღუპვის თაობაზე. ესაა ტრაგედია მათთვის, მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. მე ბოლო წლებში რამდენჯერმე ვიყავი ავღანეთში, 3-ჯერ მქონდა საშუალება მენახა ჩვენი ჯარისკაცები. ვიცი, როგორ ამაყობენ ისინი იმ მისიით, რომელსაც ემსახურებიან, როგორი ამაყები არიან. მე რამდენიმე თვის წინ ჩემი თვალით ვნახე, როგორ დაესხნენ ჩვენს კონტინგენტს თავს და როგორ მწყობრად და კოორდინირებულად იგერიებდა ის მოწინააღმდეგის შემოტევას, როგორ თავაწეული იცავდნენ ქართველი სამხედროები საკუთარი სამშობლოს ღირსებას, საკუთარი დროშის სიამაყეს. ჩვენს კონტინგენტს თავს დაესხნენ 13 მაისსაც და ასეთივე ტიპის შეტევა უკვე იგივე ხელწერით მეორედ განხორციელდა დღეს. ვუსამძიმრებ თითოეული დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს. მინდა მივუსამძიმრო ეს ფაქტი სრულიად საქართველოს, ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების გმირობის წინაშე და დარწმუნებული ვარ, მათი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე შეფასებით, ავღანეთში სამსახური "ძალიან მძიმე მისიაა". "ეს არის მართლაც ძალიან მძიმე მისია. 2014 წელი არის მისიის ამ ეტაპის დასრულების წელიწადი, მაგრამ რაც უფრო უახლოვდება მისია დასასრულს, მით უფრო რთული, წინააღმდეგობით აღსავსე და სარისკო ხდება ეს ქართული არმიის შენაერთებისთვის. რატომ ვართ ავღანეთში? - ეს კითხვა ისმის თითოეული ქართული ოჯახის მხრიდან. ჩვენ ავღანეთში ვართ იმიტომ, რომ ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მსოფლიო რუკაზე მის დამკვიდრებას, იმას, რომ საქართველო შეიძლება გადარჩეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერი ალიანსების ორბიტაზე, თუ შევძლებთ ჩვენი უსაფრთხოების დაკავშირებას გლობალურ უსაფრთხოებასთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ნატოს გენერალური მდივნისგან სამძიმრის წერილი მიიღო, რომელშიც ის ქართველი სამხედროების სამსახურს მაღალ შეფასებას აძლევს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე