ავღანეთში ქართულ ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა.
"დიდი მწუხარებით მინდა გაცნობოთ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი დღეა. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა, მოახდინა სატვირთო მანქანის აფეთქება ბაზაზე. სამწუხაროდ, მინდა გაცნობოთ, რომ არიან დაჭრილები და დაღუპულები.
გარდაცვლილია 7 სამხედრო მოსამსახურე. ესენი არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე და პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე.
მინდა მივუსამძიმრო გმირი სამხდროების ოჯახებს. ეს დანაკლისი ჩვენთვის, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის უმძიმესი დარტყმაა. ისინი ჩვენი პატრიოტები არიან, რომლებიც საქართველოს უსაფრთხო მომავალს შეეწირნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაჭრილ სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ" - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. აპატურაიმ სამძიმრის წერილი საკუთარი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
"ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ქართველ ხალხს იმ დანაკარგისთვის, რომელიც დღეს განიცადეს. საშინელებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს ხდება ამასწინანდელი მსხვერპლიდან ცოტა ხანში. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატო-სგან", - წერდა აპატურაი.
დღეს Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.
იხილეთ ვიდეო: თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან