"გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი გახლავთ. სუსტ და მხდალ მამაკაცებს არ სწყალობს. შეუძლია იყოს ულმობელი და სასტიკი, ძლიერი და საშიში, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. გულმოდგინედ გეგმავს, თუ როგორ იყაროს მტერზე ჯავრი", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ძაღლის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილის ზოდიაქოს ნიშანია. იმასთან ერთად, თუ რა ემთხვევა მის ხასიათს და რა - არა, სალომე პრემიერ-მინისტრის ოჯახისა და იმის შესახებაც მოგვითხრობს, თუ როგორ დაეხმარა ბატონი ბიძინა "ცუდი სიზმრის" დავიწყებაში.
- პირადი ჰოროსკოპი შედგენილი მაქვს, მაგრამ ასტროლოგიის დიდად არ მჯერა. ზოგიერთებმა იციან, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი უნდა აირჩიონ პარტნიორად, მე კი ამისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია. ჰოროსკოპი იმიტომ შევადგინე, რომ მკითხავებთან სიარული მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ მათი მჯერა, მაგრამ ეს პროცესი აზარტულია.
- ასტროლოგები ამბობენ, - ძაღლის წელში დაბადებული ადამიანებიდან, რომელიც ქვეყანას ღამის საათებში ევლინება, უმეტესობა ავიაო.
- მართლა? მე დილით ვარ დაბადებული და ე.ი. ნაკლებად ავი გახლავართ. ჩემი ხასიათიდან ერთადერთი თვისება, რომელიც მაწუხებს, - სიჯიუტეა. წარმოუდგენლად ჯიუტი და ზედმეტად თავმოყვარე ვარ.
- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, მაგრამ ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული".
- თუ ადამიანი მიყვარს, შემიძლია სამარეში ჩავყვე; ზოგჯერ ქალურ თვისებებსაც კი ვკარგავ და შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებ. არაერთხელ უთქვამთ: კაცივით გვერდით დგომა იციო.
- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს; მის მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".
- ეს მეუღლემაც მითხრა. ერთხელ ვკითხე, - გარშემო მყოფ გოგონებს ჩემზე მეტი დადებითი თვისებები აქვთ, უფრო მეტად ლამაზებიც არიან და ჩემში რამ მოგხიბლა-მეთქი? - პირველად რომ გნახე, შენში ისეთი გამოხედვა დავიჭირე, დამამახსოვრდიო. მომეწონა და ეტყობა, თვალებით გავეპრანჭე (იცინის).
- "ვერ იტანს ტყუილს; მლიქვნელობა ყველაზე მეტად აღიზიანებს".
- "აღიზიანებს" მსუბუქად ნათქვამია. ახლახან ერთ ნაცნობთან უსიამოვნება შემემთხვა, რადგან მომატყუა. მირჩევნია, ძალიან უსიამოვნო სიმართლე მითხრა, ვიდრე - ლამაზი ტყუილი. ჯერ იმ ადამიანისადმი ნდობას ვკარგავ, მერე - თავად პიროვნებას.
- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".
- ეგ ჩემს მტრებს უნდა ჰკითხო, მათი პოვნა კი მერწმუნე, არ გაგიჭირდება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთის წარმატებით იშვიათად ხარობენ. შურთ, როცა ლამაზად გამოიყურები, კარგ ფორმაში ხარ. ვიღაცები ნამზეურის გამოც მლანძღავენ.
- ეკრანზე დაბრუნებას არ აპირებ?
- შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს და რამდენიმე კასტინგზეც ვიყავი, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით...
- ვხვდები, რომ ეს ტელევიზია "იმედი" არ იქნება.
- არავითარ შემთხვევაში! როცა 2 ტელეწამყვანი ჰომოფობიური განცხადების გამო ტელევიზიიდან გაგვათავისუფლეს, პროტესტი ჩვენთან ერთად, სხვებსაც უნდა გამოეხატათ. მაშინ ვინმეს ეს რომ გაეპროტესტებინა, შეიძლება, 17 მაისის აქცია ვეღარც დაეგეგმათ.
- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს: თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".
- ასე ხშირად ვიქცევი: ადამიანების მიმართ გაწეული სიკეთე უკან ცუდად არაერთხელ დამბრუნებია და ასეთ დროს საკუთარ თავს ვგესლავ. ეს ცუდი თვისებაა.
- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე, მაგრამ ვერც შეურაცხყოფასა და წყენას ივიწყებს".
- მართალია! წყენა წლების მანძილზე მიმყვება. ზოგჯერ ძალიანაც მინდა, დავივიწყო, მაგრამ არ გამომდის. ამიტომ ვამბობ ხოლმე: ბოღმა ადამიანი ვარ-მეთქი. არც ისინი მავიწყდება, ვისაც ოდესმე თბილი სიტყვა უთქვამს, ვუნუგეშებივარ, დახმარების ხელი გამოუწვდია.
- იმ წლებში, როცა ბინის გარეშე დარჩი, ალბათ, ბევრი რამ გადააფასე...
- რა თქმა უნდა, მაშინ გულიდან ბევრი ადამიანი გავცხრილე. იმ პერიოდში ჩემთვის ერთ თბილ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აბა, როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს გაწეული სიკეთე დავუვიწყო?
- შეიძლება, ამაზე ცოტა ვრცლად ილაპარაკო?
- ჩვენი ოჯახები დიდი ხანია, მეგობრობენ. გამოუვალ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდით, მე და დედა მასთან დახმარების სათხოვნელად მივედით. შინ ქალბატონი ეკა დაგვხვდა. მოგვისმინა, ჩვენი ტკივილი გულთან მიიტანა და დაგვპირდა, რომ მეუღლეს დაელაპარაკებოდა. როცა წამოვედით, ვფიქრობდი, - ბატონი ბიძინა დახმარებაზე უარს იტყვის-მეთქი.
- ის ბევრ ვინმეს ეხმარებოდა და შენთვის უარი რატომ უნდა ეთქვა?
- მეგონა, ჩემზე გაბრაზდებოდა, რადგან ოჯახი უბინაოდ დავტოვე. ჰოდა, ისე ვნერვიულობდი, ხელ-ფეხი დაბუჟებული მქონდა, 1 კვირაში 15 კილო დავიკელი. სახლამდეც არ ვიყავით მისულები, ბატონმა ბიძინამ რომ დაგვირეკა. დედას ჰკითხა: სალომეს რომ დაველაპარაკო, შეიძლებაო? ტელეფონი აკანკალებულმა გამოვართვი. მკითხა: - ცუდი სიზმარი გინახავსო? - კი-მეთქი, - ძლივს ამოვილუღლუღე. - მერე, სიზმარს როგორ ივიწყებ? ძალიან გთხოვ, ჩათვალე, ეს ცუდი ამბავი შენს სიზმარში მოხდა და დაივიწყე, ამაზე აღარ იფიქროო. გული თუ არ გამიჩერდებოდა, არ მეგონა. იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. უზომოდ მადლიერი ვარ... აქვე გეტყვით, ჩვენ ერთად არაერთხელ დაგვისვენია.
- ალბათ, შენს ბავშვობაში.
- არა, ბოლო პერიოდს ვგულისხმობ. ზღვაზე და ბაკურიანში ერთად ვისვენებდით. ბატონ ბიძინაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩემთვის ეკა ხვედელიძე ქალის იდეალია. ის სამაგალითო დედა და მეუღლეა.
- ბატონი ბიძინა ურთიერთობაში როგორია?
- ძალიან თბილია და მტკიცე ხასიათი აქვს. რამეს რომ იტყვის, გადათქმა არ უყვარს, მაგრამ რასაც ამბობს, მართალია, ამიტომ აღარ ეკამათები.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ მორიელის დაბადებას ყოველთვის თან ახლავს ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალება.
- ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა: ჩემი დიდი ბებია გარდაიცვალა.
- "მისი ინტუიცია უტყუარია".
- ჩემი ინტუიცია წინასწარმეტყველებამდე მიდის. სიზმარი თუ ვნახე, არ არსებობს, არ ამიხდეს. ნინი ბადურაშვილზე ვნახე, რომ გოგოს დედა გახდებოდა, მაგრამ მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, ფეხმძიმედ თუ იყო... მეგობრებიც დახმარებისთვის მე მომმართავენ, უნდათ რომ უბრალოდ, თავიანთ პრობლემებზე მელაპარაკონ და ხშირად, ეს ლაპარაკი საათობით გრძელდება.
- როცა თავად გაქვს პრობლემა, როგორ იქცევი?
- ვლოცულობ. უფალი ყველა თხოვნას მისრულებს, რასაც კი გულით ვთხოვ. დახმარებას მამაჩემისა და ჩემი გარდაცვლილი მეგობრის სულებსაც ვთხოვ.
- ლოცულობ და თან - მკითხავებთან დადიხარ?
- მარხვასაც ვიცავ. ამ თემაზე მოძღვართანაც არაერთხელ მილაპარაკია. ეკლესიური ცხოვრება ბევრ რამეს კრძალავს და რთულია, ყველაფერი გაითვალისწინო.
- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას დაასახელებ?
- "ერთგული".
- ასტროლოგები "უძლეველს" გიწოდებენ.
- მართლა? უნდა შევიფერო.
- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".
- განსხვავებული აზრის მოსმენა, კრიტიკა, რჩევა საათობით შემიძლია, ვისმინო, მაგრამ ბოლოს მაინც იმას გავაკეთებ, რაც თავად მიმაჩნია მართებულად. დედა ამის გამო სულ მეჩხუბება.
- "მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი და არასდროს კისრისტეხით არ გაიქცევა, რომ შეყვარებულს კისერზე ჩამოეკიდოს. მორიელი ქალები "ჯადოქრები" არიან. მეექვსე გრძნობის წყალობით თავიანთ გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".
- მართალია. არ ვიცი, ჯადოქრობაა ეს თუ მეექვსე გრძნობა, მაგრამ გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ მამაკაცის მიმართ სიმპათია თუ გამიჩნდა, არ არსებობს, მან ჩემ მიმართ იგივე არ იგრძნოს. როცა ვახოს პირველად შევხვდი, იქ ისეთი სიტუაცია იყო, ერთმანეთზე არ უნდა გადავრეულიყავით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, მას ჩემ მიმართ სიმპათია გაუჩნდებოდა.
- მამაკაცის მოხიბვლის წარუმატებელი მცდელობა არასდროს გქონია?
- არა (იცინის). ძალიან ამბიციური ნათქვამია, მაგრამ სიმართლეა.
- "უყვარს საიდუმლოებების შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".
- ჩემს ამბებს ახლობლებს ვუყვები, დედასთან კი ბოლომდე გულწრფელი ვარ. ვგიჟდები, როცა მეგობრები საიდუმლოს მანდობენ. ჩემი სიტყვები წინ არასდროს არავის დახვედრია.
- "ის ხან თეთრს თეთრზე აწებებს და ხანაც - უაზროდ ფლანგავს".
- მფლანგველი ვარ, ფულის შენახვა არ შემიძლია. მიყვარს, როცა ახლობლებს სადმე ვეპატიჟები.
- "შეუძლია კომფორტის გარეშე იცხოვროს".
- არა, კომფორტი ძალიან მიყვარს. ის "ცნება", რომ ოღონდ მიყვარდეს და "პადვალში" ვიცხოვრებ, ჩემთვის ძალიან უცხოა. ცუდ პირობებში მხოლოდ სიყვარულით ვერ გავძლებ, "პადვალში" გრძნობა გამიუფერულდება.
- შეცდომების აღიარება გიჭირს?
- ძალიან. მიჭირს იმის თქმა, რომ დამნაშავე ვარ. როცა მეკამათები და ხმას არ ვიღებ, იმას ნიშნავს, რომ პატიებას ვითხოვ.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)