ნინო მუმლაძის გმირის, იმავე ნათიას გამოჩენამ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' დათოს გმირს ერთგული ქმრის იმიჯი დაუნგრია და გოცირიძეების ოჯახში დიდი არეულობა შეიტანა. ნათიას წინააღმდეგ მეოჯახე ქალთა მთელი არმია დაირაზმა, ლამის განაჩენი გამოუტანეს. თუმცა სერიალის ბოლო სერიაში მკაცრმა მამამ ნათია მონასტერში გაუშვა, რომ საყვარელი ადამიანი დაევიწყებინა. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ მუმლაძე სერიალს დაემშვიდობა, რადგან მისმა გმირმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინო მუმლაძეს დავურეკეთ.
- ნინო, გავიგეთ, რომ შენი გმირი სერიალში აღარ გამოჩნდება, რამდენად მართალია?
- არ დამთავრებულა, უბრალოდ რაღაც პერიოდი პაუზა იქნება, მაგრამ სეზონის ბოლომდე კიდევ გამოვჩნდები. ყველამ დავინახეთ, რომ მონასტერში წავიდა ნათია. მგონი, მომავალ სეზონშიც იქნება რაღაც ეპიზოდებში, ოღონდ ისე აქტიურად აღარ.
- არ დამშვიდდეს მაყურებლის ის ნაწილი, ვინც თვლის, რომ დათო ოჯახს დაუბრუნდა?
- დაუბრუნდა თუ არა, ჯერ ვერ გეტყვით, რადგან სცენარს წინასწარ არ გვეუბნებიან. როდესაც მონასტერში წასვლის სცენა გადავიღეთ, პროდიუსერებმა ამიხსნეს, რომ პატარა პაუზა მექნება და შემიძლია ცოტა ხანი დავისვენო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ გამოვჩნდები, თუმცა რა სახით და როგორ, არ ვიცი. შეიძლება უბრალოდ დათოს გამოემშვიდობოს, ან კიდევ რაღაც მოხდეს.