ზურაბ აბაშიძე – კარასინის თქმით, მიღებული იქნება ზომები ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესასწავლად

ზურაბ აბაშიძე – კარასინის თქმით, მიღებული იქნება ზომები ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესასწავლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა პრაღაში ქართულ-რუსული ექვსთვიანი დიალოგის შედეგები იმ მიმართულებებში შეაჯამეს, რომლებიც მხარეებს შორის თავიდანვე განისაზღვრა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მიისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს დაუდასტურა ქართული მხარის ღრმა შეშფოთება ბოლო ხანს ცხინვალის რეგიონში, ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და უაღრესად უარყოფითად აღიქმება მთლიანად საქართველოს მოსახლეობის მიერ.

აბაშიძის განმარტებით, კარასინმა განაცხადა, რომ მიღებული იქნება ზომები ვითარების შესასწავლად და საკითხი საგნობრივად განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე ივნისის ბოლოს.

რაც შეეხება პირველი ქართულ-რუსული შეხვედრის შემდეგ ექვსთვიან პერიოდში ორმხრივი დიალოგის შედეგებს იმ მიმართულებებით, რომლებიც თავიდანვე მხარეებს შორის განისაზღვრა, აბაშიძის თქმით, აღინიშნა, რომ დაიწყო რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის მიწოდების პროცესი, რაც მომდევნო თვეებში უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. 1-ელი ივნისიდან 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. შესაბამისი უწყებების მიერ განიხილება საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის საკითხები".

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, კარასინის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნათესაური, პროფესიული და საქმიანი კავშირების ხელშეწყობის მიზნით. "ქართულმა მხარემ დაადასტურა თავისი პოზიცია 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების პერსპექტივებზე. მორიგი შეხვედრის თარიღზე დამატებით შევთანხმდებით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?