23 მაისს გამოვიდა ეკრანებზე ფილმი "ფორსაჟი-8", რომელშიც ქალის მთავარი როლი კვლავ მიშელ როდრიგესმა შეასრულა. მსახიობი, რომელსაც არაერთხელ დასდეს ბრალი ბისექსუალობაში და არაერთხელ მოხვედრილა მართლმსაჯულების სამიზნეშიც, თურმე დედობაზე ფიქრობს.
"ცუდი გოგო"
34 წლის მსახიობს სახელი გაუთქვა "დაკარგულებში" ნათამაშებმა როლმა. მერე კი იყო "ფორსაჟი", "ბოროტების სამეფო", "ავატარი" და ასევე "მაჩეტე", რომელიც ცოტა ხანში გამოვა ეკრანებზე.
მიშელს პირადი ცხოვრებაც აქტიური აქვს. 2000 წელს შეწყვიტა ურთიერთობა მუსლიმან ბოიფრენდთან, რელიგიური უთანხმოების გამო. "ფორსაჟის" გადაღებებზე ვინ დიზელთან გააბა რომანი, ჯერ კიდევ 2001 წელს. მერე ჰოლი ბერის ახლანდელ ბოიფრენდ ოლივიე მარტინესს ხვდებოდა. დღესდღეობით მის გვერდით არ არის მამაკაცი.
2005 წელს ბისექსუალმა მსახიობმა კრისტანა ლოკენმა აღიარა, რომ როდრიგესთან ჰქონდა ურთიერთობა. ამ თემაზე კომენტარისას მიშელმა გამოაცხადა, რომ არ არის ლესბოსელი, თუმცა ექსპერიმენტები ორივე სქესთან ჩაუტარებია.
მიშელს კანონთანაც არაერთხელ ჰქონია პრობლემა, დაუპატიმრებიათ მეზობელზე თავდასხმის, საგზაო წესების დარღვევის, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო. ერთხელ მოტოციკლისტიც კი გაიტანა - კიდევ კარგი, დაზარალებული გადარჩა და სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდა. სასჯელად მიშელი 48 საათით ჩასვეს ციხეში და საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება დააკისრეს ნიუ-იორკის ორ მორგში. სამი თვე ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგანაც იკურნებოდა და შემდეგ გამოსაცდელი სამწლიანი ვადა მისცეს.
"მე და ვინ დიზელს ბევრი გვაქვს საერთო"
- როგორ მოხვდით ახალ ფილმში? მეოთხე ნაწილში თქვენი გმირი მოკლეს...
- ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ არსებობდა ლეტის დაბრუნების არგუმენტირებული საშუალება. მაგრამ ჩემი რეაქციაც ასეთივე იყო: "კი მაგრამ, მას ხომ თავში ესროლეს!" საიდუმლო ის არის, რომ ჩემი პერსონაჟი ძირითადად ვინ დიზელის გმირის წარმოსახვაში ცხოვრობს. თანაც, ჰოლივუდი ჰოლივუდია. თუ სასიკვდილო იარაღის გადამტანი მანქანა ალმოდებულ შენობას გაუვლის და მშვიდად ეშვება გზატკეცილზე, მაშ გოგონას გაცოცხლება რატომღაა შეუძლებელი?
- რატომ გადაწყვიტეს თქვენი მიწვევა?
- ალბათ იმ ენერგიის გამო, რომელიც არსებობს ჩემსა და ვინ დიზელს შორის. ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო, ქალაქის ქუჩებში ვართ გაზრდილი - ამას მაყურებელიც გრძნობს. ასეთი ურთიერთობები იშვიათად ჩნდება, შეუძლებელია მათი გაყალბება.
- ფილმში ბევრი ჩხუბია?
- ეგ კიდევ რბილად ნათქვამია! მხოლოდ ჯინა კარანოსთან გიჟური ორთაბრძოლები რად ღირს. ჩემი აზრით, ქალების ხარისხიანი ორთაბრძოლა ძალიან ლამაზია და მეტი უნდა იყოს ეკრანზე.