რამდენიმე დღის წინ თბილისში დიზაინერ რამაზო რომას ჩვენება გაიმართა. ქართველი დიზაინერი, რომელიც თურქეთში მუშაობს, საზაფხულო კოლექციას სამი თვის განმავლობაში ქმნიდა. ჰაეროვანი, საზღვაო კოლექცია, სახელწოდებით "პეპელა", "ელიტ მოდელ ლუქის" მოდელებთან ერთად კრისტი ყიფშიძემ და თურქეთში მოღვაწე ცნობილმა მოდელმა ნინა კოტერნიკოვამ წარმოადგინეს. სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ჩამოვიდა საქართველოში "მის სამყარო" ოქსანა კლაჩკოვა.
დიზაინერი უკვე სტამბოლშია და ამ კოლექციის ჩვენებას ხუთ ქვეყანაში გეგმავს. ამიტომ რამაზოს "სკაიპით" დავუკავშირდი და ჩვენების დეტალებზე, თურქულ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე.
- წელიწადზე მეტია საქართველოში არ ვყოფილვარ და ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრები, ჩემი ქვეყანა და რადგან მქონდა ახალი კოლექციის იდეა, მინდოდა, ეს კოლექცია ჯერ ქართველი მაყურებლისთვის მეჩვენებინა. ქსოვილები, რომლებიც ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი, მე მეკუთვნის, სპეციალურად ამ კოლექციისთვის შეიქმნა სტამბოლში. მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს. ამ ჩვენებისთვის სამი თვე ვმუშაობდი.
- თბილისში არ გაიყიდა შენი არც ერთი კაბა, რატომ?
- იმიტომ, რომ კოლექცია სტამბოლშიც უნდა წარვადგინო, ასევე ბაქოშიც, ესპანეთშიც. თბილისში ჩვენებაზე შოთიკო ბოჭორიშვილმა დამსწრე საზოგადოებას აჩვენა ვიდეოარტი, რომლის მთავარი გმირი კრისტი ყიფშიძე გახლდათ. ჯიჯი რეჯინიმ საიმიჯო ფოტოები გადაიღო. მთლიანობაში ლამაზი საღამო გამოვიდა. წვიმამაც კი დაგვინდო და მალე გადაიღო. გული მტკივა, რომ საქართველოში მოდელებს, დიზაინერებს არ ეძლევათ თავის უკეთ წარმოჩენის საშუალება. ერთ-ერთ მოდელს თურქეთში ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობა შევთავაზე. დიზაინერი ირაკლი რუსაძე შევთავაზე ერთ ცნობილ ფირმას. სავარაუდოდ, ეს თანამშრომლობაც შედგება. ძალიან მინდა, ჩემს მეგობრებს დავეხმარო.
- თურქულ ცხოვრებაზეც გვიამბე ცოტა.
- დიდი ხანია აქ ვარ, ყველანაირი კომფორტი მაქვს შექმნილი, მაგრამ სადაც უნდა ვიყო, ყველაზე კარგად თავს მაინც თბილისში ვგრძნობ. ჩემი მეგობრები და ქართული საჭმელი მენატრება. მეც ვამზადებ ქართულ კერძებს, მაგრამ ახლა გავსუქდი, საქართველოში სამი კილო მოვიმატე, ხინკლისა და ქაბაბის წყალობით, ამიტომ დიეტაზე ვარ.
- როგორ იბრუნებ სასურველ წონას?
- ვშიმშილობ, არაფერს ვჭამ, სანამ არ წავიქცევი (იცინის). ჩემმა მეგობრებმა იციან, როცა დიეტაზე ვარ, ჩემთან არ უნდა მოვიდნენ, რომ მათმა გამასპინძლებამ და შემდეგ დიეტის დარღვევამ არ მომიწიოს. ახლა ჩემი მაცივარი ცარიელია.