სახლი, რომლის კარი ყოველთვის ღიაა უამრავი ადამიანისთვის, ვისაც სურს პროფესიულად გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს, დაფრთიანდეს: სახლი, რომელსაც ყოველთვის უბრუნდები და რომელიც ყოველთვის თბილად მიგიღებს. შავ-თეთრ საგაზეთო ფურცლებზე დაწყებული ისტორია უამრავ პლატფორმაზე განფენილი ინფორმაციის ულევი წყაროა. ინფორმაციას ადამიანები ქმნიან - მე, შენ, ისინი, ემა, სოფო, მარიამი და ჩვენნაირი უამრავი სხვა. "პალიტრამედიას" სუსტი ძლიერი სქესი. მრავლისმთქმელი, მოტივირებული და მიზანსწრაფული, დღეს "ბომონდის" გვერდებზე გვაცნობს თავს.
ემა ტუხიაშვილი, ჟურნალისტი, "ემას შოუს" წამყვანი. თორმეტი წელია "პალიტრამედიაშია". კარგად ახსოვს, ერთ დღეს, როგორ უთხრა მეზობელმა, ჟურნალ "გზაში" ჟურნალისტის ვაკანსიაა და იქნებ მისულიყავიო. მივიდა, თუმცა მანამდე ეს ჟურნალი არ ჰქონდა ნანახი. მოსაცდელში დაჯდა და თავის რიგს დაელოდა. ერთ-ერთი ოთახიდან შუახნის მამაკაცი გამოვიდა მოსაწევად და იქ მსხდომთ თბილად მიესალმა. ეჰ, ნეტავ ეს იყოს "გზის" რედაქტორი, გაიფიქრა ემამ. ალღოს მისთვის არ უღალატია. დერეფანში, მოსაწევად გამოსული მამაკაცი, "გზის" რედაქტორი, ბატონი ზურაბ აბაშიძე აღმოჩნდა. ბატონმა ზურაბმა უამრავი რამ ასწავლა, გამოწვრთნა და პროფესიონალად ჩამოაყალიბა.
ალღო ახლაც უტყუარი აქვს. გუმანით გრძნობს საჭირო თემატიკას, გაბედულად მიდის რისკზე. რომელი ერთი გაიხსენოს? ყველა აღნიშვნის ღირსია, ცოტა საშიში და საგმირო. დაახლოებით, 2-3 წლის წინ, სოფელ ლამისყანასთან, ბუფერულ ზონაში, რუსებმა საზღვრები გადმოსწიეს და რამდენიმე ქართული ოჯახი საზღვარს იქით აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას რატომღაც არავინ ადასტურებდა. გადაწყვიტა, წასულიყო და საკუთარი თვალით ენახა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ქართულ ბლოკპოსტზე მოიტყუა, იქ ჩემი ოჯახიაო და გაუშვეს. ინფორმაცია დადასტურდა და სტატიაც დაიწერა. ცოტა ხანში მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ზემოაღნიშნული ფაქტი უარყო - ძნელი იყო საკუთარი უწყების უძლურების აღიარება. იძულებული გახდა, მეორედ წასულიყო, სარისკო იყო, მაგრამ მაინც. სიმართლე უნდა დაემტკიცებინა. ახლაც სარისკო მასალაზე მუშაობს, 8 წლის წინ, საუნიდან გაუჩინარებულ მამაკაცზე. საროსკიპო, შავი ფული, სამართალდამცველები, მოკლედ, საშიშია, მაგრამ ღირს. ხალხმა ხომ უნდა გაიგოს სიმართლე. რას გააშუქებდა? ერთ კვირას დაყოფდა ავღანეთში, ომის გემო რომ შეეგრძნო და საკუთარ თავზე გადაეტანა, რა გრძნობაა, გერქვას ვაჟკაცი. ბენდუქიძე როგორ "მოსვა"? ემა იმ ჟურნალისტებს არ ჰგავს, ზემოხსენებული პიროვნების უწმაწურ ხუმრობებზე ცრემლებს რომ ღვრიან. იგივე პასუხი გასცა, რაც მიიღო. მას ეს გამიზნულად არ გაუკეთებია. ადამიანური რეაქცია იყო უკულტურობაზე. იმედია, ეს შემთხვევა დააფიქრებს ბენდუქიძეს და სხვა დროს ასე აღარ მოიქცევა.
ემა
- თავისუფალ დროს შვილებს გემრიელ კერძებს ვუმზადებ. ახლა მარწყვის სეზონია და დიდი ტორტი გამოვაცხვე. ეამათ მათაც და მეც. პირველ ყოვლისა, ქალი ვარ და დედა.
სოფიო ჩაკვეტაძე, რეკლამის გაყიდვის მენეჯერი - მაღალი, ეშხიანი, ეფექტური. "რედისონის" ფოიეში შემოაბიჯა თუ არა, გადასაღები მოედნის აურა შემოიტანა, რაც მისთვის უცხო არ გახლავთ. თხუთმეტი წლიდან მუშაობს. გარეგნობამ სამოდელო ბიზნესში მიიყვანა. უამრავ რეკლამასა და ფილმში გადაიღეს. შეეძლო, ამ კუთხით აერჩია მომავალი საქმიანობა, მაგრამ სულ სხვა გზით წავიდა. ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი შეისწავლა. ერთ დღეს, "პალიტრამედიაში" რეზიუმე გაგზავნა და... მიიღეს. სულ რაღაც ერთი თვის წინ იყო ეს. იდეალური კომპანია დახვდა, რომელშიც გაგიკვირდებათ და სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, "ახალმოსულს" მეგობრულად იღებენ.
სოფო
- აქ ისეთი კოლექტივი დამხვდა, რომელიც კომპნიაში, 8, 9, 10 წლის წინ მოვიდა სამუშაოდ. ეს ადამიანები კონკურენტებივით არ შემხვედრიან, პირიქით, დამიმეგობრდნენ და ცდილობდნენ, ჩემთვის თავისი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ.
მეგობრებს უკვირთ, ასეთი პატარა ხარ და ამდენი რამ როგორ მოასწარიო ან დროის დეფიციტს ხომ არ უჩივიო.
არ უჩივის. მუშაობით არ იღლება და გასართობადაც რჩება დრო. ერთი პრობლემაა მხოლოდ. დილით ადრე ადგომა უჭირს, მაგრამ საყვარელი საქმის გამო თავს ძალას ატანს. მერე იწყება დაუსრულებელი შეხვედრების სერია და მოტივაცია, იდეალური ვიზუალითა და ქცევის მანერებით, რათა სათანამშრომლოდ უამრავი კომპანია მოიზიდოს. ახერხებს კიდევაც ამას და უხარია.
ზოგჯერ ოცნებობს ზაფხულზე, თეთრ ქვიშასა და ზღვის ნაპირზე მდგარ პატარა სახლზე და უსასრულობამდე გადაჭიმულ, ფირუზისფერ ცაზე. კიდევ, ქალურ ბედნიერებაზე, ოჯახსა და შვილებზე, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ ბევრი რამ უნდა გააკეთოს "პალიტრამედიისთვის".
მარიამ ცაიშვილი, სარეკლამო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი. წელიწად-ნახევარია, რაც ერთ-ერთი პალიტრელია. უამრავ რამეს აკეთებს სარეკლამოში, კერძოდ, რეკლამას ათავსებს სხვადასხვა პლატფორმაზე. მისი განყოფილება შედარებით ახალგაზრდაა და ისიც მაქსიმალურ ძალებს დებს მისი განვითარებისათვის. ამბობს, ადრე კომპანიებს, თუ მხოლოდ ბეჭდურ სეგმენტში ვთავაზობდით საკუთარი პროდუქციის განთავსებას, ახლა მათ ჩვენს მედიასახლში არსებულ თითქმის ყველა სეგმენტის კარს ვუღებთო. სამუშაო შრომატევადია, თუმცა მას ეს საქმიანობა მოსწონს. პროფესიით იურისტია, მაგრამ ამ პროფესიით ცოტა ხანი იმუშავა. მიხვდა, რომ ეს მისი არ იყო და სარეკლამო საქმიანობას დაეუფლა.
მარიამი
- მუდმივ მოძრაობაში ყოფნა ჩემი სტიქიაა. სულ გადარბენაზე ვარ - დამკვეთები, სტამბა, დიზაინერებთან ურთიერთობა, რათა რეკლამის საბოლოო, გასაშვები ვარიანტი ამოირჩეს. მხოლოდ თათბირზე მიწევს გარკვეული დროით ყოფნა, მაგრამ ეს განრიგი მომწონს.
- ვიცი, სპორტით ხარ დაკავებული.
- ამის შესახებ "პალიტრაში" ყველამ კარგად იცის. მოყვარული "სპორტსმენკა" არ გეგონოთ (იცინის), მრავალი წლის მანძილზე, საქართველოს ჩემპიონი და ნაკრების წევრი ვიყავი სამთო-სათხილამურო სპორტში. სერიოზული ვარჯიშები მქონდა იტალიასა და ავსტრიაში. ახლაც, ყოველ შაბათს, დეკემბრიდან აპრილამდე, თხილამურებზე ვდგავარ. აპრილიდან კი დეკემბრის დადგომას ველოდები. "პალიტრამედია", როგორია? - გრანდიოზული.
ეს სიტყვა ზუსტად შეესაბამება მედიაჰოლდინგს და მოსწონს, რომ ამ გრანდიოზულობის ერთ-ერთი მოლეკულა თვითონაა, რომელსაც ჰოლდინგი თავის სფეროში, ჰოლდინგისთვის, სასარგებლო საქმისთვის ატომად გადაქცევის შესაძლებლობას აძლევს.
გაზაფხულის ერთი თბილი დღეა და მარიამი ჩემ წინ ზის - სპორტული აღნაგობის, გარუჯული, გასაოცარი ფირუზისფერი თვალებითა და ძალიან, ძალიან ქალური.
- ყოველდღიურად სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, ალბათ, ამას ჩემი სპორტით გატაცება განაპირობებს. ისე, გაგიკვირდებათ და სხვა დანარჩენი ქალებისაგან განსხვავებით, ხელჩანთის ტარება არ მიყვარს.
- საჭირო ნივთებს სად ალაგებ?
- მობილური და საკრედიტო ბარათი, სულ ეს არის, რაც ყველაზე მეტად მჭირდება.
ქეთი ნიკოლავა
ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"