ბიძინა ივანიშვილი "ვაშინგტონ პოსტს" მიმართავს

 ბიძინა ივანიშვილი "ვაშინგტონ პოსტს" მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკულ გამოცემა "ვაშინგტონ პოსტს" მიმართავს. პრემიერს აინტერესებს, რის საფუძველზე აკეთებს გამოცემა დასკვნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ საქართველოში და ჟურნალისტების ჯგუფიც კი არ გამოუგზავნიათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გამოცემა ცოტა გაკვირვებასაც და უკმაყოფილებასაც გამოხატავს ამერიკის ადმინისტრაციისა და ევროკომისრების განცხადებების გამო, არ მოსწონს მათი პოზიცია, რადგან გამონათქვამები არ იყო ისე მკაცრი, როგორიც "ვაშინგტონ პოსტს" სურდა.

"მე შევახსენებდი გაზეთის რედაქციას, რომ ამერიკის ადმინისტრაციას ინფორმაციას ამერიკის საელჩო აწვდის და მათ ჩემზე მეტი იციან, თუნდაც რა ხდება პროკურატურაში. თომას ჰამერბერგმაც გაცილებით მეტი იცის ჩემზე და ჩვენს გუნდზე, რა ხდება კონკრეტულად პროკურატურაში და გამოძიებასთან დაკავშირებით. წარმომიდგენია, რომ ეშტონიც და ფულეც ინფორმაციას ღებულობენ ჰამერბერგისგან და სხვა დამკვირვებლებისგან და შესაბამისად მათი განცხადებები იყო დაბალანსებული, რამეთუ ობიექტურობას ხედავენ. მე ვუსვამ კითხვას "ვაშინგტონ პოსტს", რის საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნებს, რატომ გამოხატავს უკმაყოფილებას, როდესაც მას არავითარი კვლევა საქართველოში ჩატარებული არ აქვს. არავითარი დამატებითი ინფორმაცია მას არ გააჩნია. რის საფუძველზე აკეთებს დასკვნებს და რის საფუძველზე აკრიტიკებს და გამოთქვამს უკმაყოფილებას ადმინისტრაციისა და ევროკომისრების მიმართ", - აღნიშნა ივანიშვილმა გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, საფუძვლიანად ჩნდება ეჭვი, რომ "ვაშინგტონ პოსტი" მხოლოდ სააკაშვილის ლობისტების გამონათქვამების საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ვაშინგტონ პოსტის" სტატიის მეორე დღეს, "ფორბსს" საოცრად კარგი და კორექტული პასუხი ჰქონდა.

"ვაშინგტონ პოსტმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სარედაქციო საბჭოს სტატია, სათაურით "საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია". სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება წინა მთავრობას, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშილის ხელმძღვანელობით, ბრალს სდებს კანონისთვის თავის არიდებაში, ოპონენტებსა და მედიაზე ზეწოლაში.

"მაგრამ ამ წყვილმა ასევე ჩაატარა ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოს ისტორიაში და სწრაფად აღიარა ის დამარცხება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. მოსაზრება, რომ მერაბიშვილის დევნა პოლიტიკური მიზეზებით არ არის განპირობებული, ისეთივე სარწმუნოა, როგორც ის, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეშია მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩადეილი თანამდებობრივი დანაშაულისთვის".

"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეკონომიკა შეჩერდა და ხელისუფლება თავს ესხმის ოპონენტებს.

"მილიარდერ ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მიხეილ სააკაშვილისგან მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ხელისუფლების მიღების შემდეგ შეეძლო, თავი აერიდებინა წინა რეჟიმის სამართლებრივი დევნისთვის და ფოკუსირება მოეხდინა წინა წლების ეკონომიკური ზრდის გამყარებაზე. ამის სანაცვლოდ, ეკონომიკა გაჩერდა, რამდენადაც ახალმა მთავრობამ ოპოზიციას სასამართლოებსა და ქუჩებში შეუტია", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა