"ჩავთვალე, რომ ჩემი წარსულით, ცოდნითა და გამოცდილებით პრეზიდენტობის კანდიდატის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შევძლებდი",” - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა:
- რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტეთ, ალბათ, გაქვთ კონკრეტული ამოცანა, რაც გინდათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში განახორციელოთ.
- ახალი კონსტიტუციის ფარგლებში პრეზიდენტს არ გააჩნია თავისი მოქმედების ცალკე პროგრამა. ის ხელისუფლებას უნდა შეეხიდოს იმ საკითხებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება, მაგალითად, საგარეო პოლიტიკაში ან კიდევ საზოგადოებრივ საკითხებში. უშუალოდ ის პოლიტიკას არ წარმართავს და ყოველდღიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდეს. თვისებრივი განსხვავებაა იმ კონცეფციისგან, რომელსაც წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობა. პრეზიდენტი არ უნდა იქცეს მეოთხე ძალაუფლებად, მაგრამ ამავე დროს, ზოგ შემთხვევაში, პრეზიდენტმა უნდა შეძლოს როგორც ხალხის არჩეულმა, ამავე ხალხის ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას. ეს იქნება აღმასრულებელი, ანუ მთავრობა; კანონმდებელი, ანუ პარლამენტი თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა. ის უნდა იყოს ამ სამეულის შორის ბალანსის გარანტი, რათა აღარ განმეორდეს ის, რაც მოხდა სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს. პრეზიდენტი დამბალანსებელი და შუამავალი უნდა იყოს, თუკი წარმოიშვება გაუგებრობა ან გაუცხოება ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის სახე და ქვეყნის ხმა, მისი იმიჯის დამცველი ქვეყნის საზღვრებგარეთ. მისი წარმომადგენლობითი ფუნქცია დიდია. მას ერის ერთიანობისა და სასიცოცხლო ინტერესების დაცვა ევალება. ამიტომ არ შეიძლება იყოს მიკერძოებული ან რომელიმე პარტიის, გუნდის, ჯგუფის პოლიტიკური მოსაზრებების მატარებელი. ხალხის არჩეული უნდა ემსახურებოდეს ყველას, განურჩევლად მათი პარტიული, რელიგიური და ეთნიკური ნიშნებისა.
ამ კონცეფციიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ ჩემი წარსულით, ცოდნითა და გამოცდილებით ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას შევძლებდი. თუ ამპარტავნობაში არ ჩამეთვლება, ვფიქრობ, ვალი ქვეყნის წინაშე მოვიხადე საგარეო პოლიტიკაში, როცა მივაღწიე შეთანხმებას რუსეთთან ბაზების გაყვანაზე. ასევე შიდაპოლიტიკაში სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარიზმთან ბრძოლით, დაწყებული 2005 წლის ნოემბერში იპოდრომზე და დამთავრებული 2010 წლის ზაფხულში რუსთაველის პროსპექტზე ასდღიანი აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თავზე. ამით, მგონი, მეც შევიტანე წვლილი ოქტომბრის არჩევნების გამარჯვებაში.
პრეზიდენტი ერთი პარტიის სახე და ერის დაყოფის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს, თუმცა მისი არაპარტიულობა არ უნდა ნიშნავდეს თავისი ხედვის, პოზიციებისა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ქვეყნის განვითარების კონცეფციის არქონას. ანუ უპარტიო უკონცეფციოს არ ნიშნავს.
ჩემი ხედვა მე არაერთხელ წარმიდგენია ქართველი საზოგადოებისთვის: საქართველო ერთდროულად ევროპული და ქართულ ღირებულებებზე დამყარებული, ტრადიციების ერთგული, გახსნილი გარეთ და შიგნით კი შეკრული, ტოლერანტი, მაგრამ პრინციპული - ეს არის ჩემი ორიენტირი.
დღეს როგორც არასდროს, ქვეყანას ისე სჭირდება შერიგება და შენდობა. ვინ თუ არა მე, ვინც დღიდან ჩამოსვლისა გავხდი სამიზნე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური "ელიტის" გაუთავებელი ლანძღვის, აგრესიისა და სიძულვილისა, შეძლებს ამის გაკეთებას. ეს მაძლევს მორალურ უფლებას, რომ შერიგების აუცილებლობაზე ვისაუბრო. თუკი 2009 წლის 9 აპრილს მივაღწიეთ, რომ მანამდის გადამტერებულ ძალებსა და არსებულ პარტიას ერთობლივ დეკლარაციაზე ხელი მოგვეწერა, ალბათ, შერიგებაც მიუღწეველი არ არის. სამეგრელოში შევარდნაძის რეჟიმის ჩადენილი ცოდვა უნდა აღიარებულ იქნეს. შერიგება და ერთად დგომა ასევე ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, ვის არაფორმალურ წარმომადგენლადაც ვთვლი თავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ემიგრაციას უნდა მიეცეს თუ არა დაბრუნების საშუალება, სულ ცოტა, აღიარება მაინც მისი ადგილისა ამ ქვეყანაში. ამ მხრივ მე თავს ვთვლი ემიგრაციის საპრეზიდენტო კანდიდატად, მე მათი ტკივილი ვიცი, მათი მდგომარეობა, მათი იმედი და ყოველდღიური განცდები. ჩემი კანდიდატურა (თუკი მიღებულ იქნა და უადგილო შეზღუდვები გამოყენებული არ იქნება) სიმბოლურად გზას გაუხსნის ყველა ემიგრანტის არა მხოლოდ დაბრუნებას სამშობლოში, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სრულუფლებიანად ჩართვას.
ეს ყველაფერი ჩემი კანდიდატურის მთავარი მოტივაციაა. ჩემი ცხოვრების 40 წელი საქართველოს საზღვარს გარეთ გავატარე, მისი კულტურის წარდგენაში, მის დაცვაში. იმ დროს, როცა საქართველოს დისკრედიტაცია წინა ხელისუფლების რევანშის ფორმად იქცა და მთავარი საზრუნავი - ქვეყნის დაცვა უფრო და უფრო საჭირო ხდება, ვფიქრობ, ამ საქმეშიც შემიძლია გამოვადგე ქვეყანას.
არასოდეს პოლიტიკური ბრძოლის მანძილზე არ ვყოფილვარ მომხრე იმისა, რომ ძალადობას ძალადობით ვუპასუხოთ. პირიქით, ჩემი ლაიტმოტივი იყო: "არც გადატრიალება! არც გარიგება! არჩევნების გზით გამარჯვება!" და ამ გზამ გაამართლა. უთუოდ უნდა ითქვას, ეს გამარჯვება ვერ და არ იქნებოდა, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რის გამოც იგი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში.…
და ბოლოს ვიტყოდი იმასაც, რომ დღევანდელ საქართველოში საპრეზიდენტო ფუნქციის შემსრულებელი ქალი, ემიგრაციაში დაბადებული და დაბრუნებული, ქვეყნისთვის გამოსადეგი იქნება.
- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე თანამდებობაზე განიხილეთ თქვენი კანდიდატურა. რა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გქონდათ პრემიერისგან?
- თანამდებობები ამ გაგებით არ განგვიხილავს და არც ჩემი “კანდიდატურა” რომელიმე თანამდებობაზე. ეს უფრო იყო მზადყოფნის გამოცხადება, ჩემი ადგილი დამეკავებინაა სახელმწიფოს სამსახურში. … იყო საუბარი (მართალია, უფრო ჩემი მხრიდან) საგარეო საკითხებში მრჩევლის ან პირადი წარმომადგენლის, სადაც ჩემი კონტაქტების გამოყენების დიდი შანსი მომეცემოდა; იყო საუბარი უცხოეთში მყოფი კადრების მოზიდვაზე; მერობაზე; საუბარი იყო საპრეზიდენტო ფუნქციაზეც. მას შემდეგ, რაც ალასანიას საკითხი დღის წესრიგიდან ერთგვარად მოიხსნა, სიცარიელე გაჩნდა და ახლა თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის არც რამე შემოუთავაზებია ან რამე პირობა მოუცია. ვერ ვიტყვი, რომ სიტყვა ან იმედი გამიცრუა. ამდენად მის მიმართ არანაირი წყენა ან პრეტენზია არ გამაჩნია!…გამაკვირვა მხოლოდ იმან, რომ თურმე არ მიცნობენ გუნდში. იმედია, ეს არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის განწყობას, რადგან თუ არა გუნდის წევრად, მოკავშირედ, მომხრედ და გულშემატკივრად მაინც წარმომედგინა თავი.
- მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ შესაძლოა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი თქვენ ყოფილიყავით, პრემიერმა გიორგი მარგველაშვილი დაასახელა. რას იტყვით მასზე, როგორც თქვენს კონკურენტზე და სხვა კანდიდატებზე?
- არ ვაპირებ ჩავერთო იმ არასაჭირო პიროვნულ გარჩევებში, რაც ზოგ კანდიდატს დაწყებული აქვს თუნდაც ჩემ მიმართ. მაგალითად, ზოგი კითხვის ქვეშ აყენებს ჩემს სამართლებრივ უფლებებს, მაგრამ რიგიანად შესწავლილიც არა აქვთ ახალი კონსტიტუცია და არც მისი შესაძლო ინტერპრეტაციები. ამიტომ მინდა ვურჩიო - ყველამ თავის კანდიდატურას მიხედოს. არც ის მადარდებს, თუ ზოგი ჩემს პოლიტიკურ გამოცდილებას კითხვის ქვეშ თუ აყენებს ან ჩემს დიპლომატიურ მიღწევებს ვერ იხსენებს. მთავარია, ამომრჩეველი რას გაიხსენებს ჩემი შიდა თუ საგარეო მიღწევებიდან.