"რატომ არ იძიებენ დათა ახალაიას ბრძანებით ჩაცხრილული აჭარელი ახალგაზრდების საქმეს? ჰკითხონ თემურ პატარიძეს, დაავალა თუ არა მას მერაბიშვილმა როინ შავაძის მკვლელობა" - "კვირის პალიტრას" არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ესაუბრა.
- ხელისუფლებას მერაბიშვილის დაპატიმრება არც აძლევდა ხელს, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. მას როგორმე უნდა ეპასუხა საზოგადოების მოთხოვნისთვის. თუმცა სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული და ხანგრძლივი პროცესია. რასაკვირველია, ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებას უფრო მეტი სამართლებრივი დასაბუთება სჭირდება, რათა დასავლეთიც დარწმუნდეს ამის აუცილებლობაში. ახლა ასეთი ვითარება გვაქვს: საერთაშორისო საზოგადოება მერაბიშვილს ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივნად აღიქვამს და არა იმ მონსტრად, როგორც მას ქვეყანაში იცნობენ. მერაბიშვილს ბრალს უყენებენ, რომ ბიზნესმენ ლობჟანიძეს კვარიათში სახლი ჩამოართვა.
სამარცხვინოა… ნუთუ მერაბიშვილს უარესი არაფერი გაუკეთებია? სად არიან ის იურისტები, ადვოკატები, უფლებადამცველები, რომლებიც გაიძახოდნენ, მერაბიშვილზე დიდი მასალა და კომპრომატები არსებობსო? ამას ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი და კობა დავითაშვილი რომ გაიძახოდნენ, მაშინ პატიმარი ვიყავი. სად წავიდა ის უამრავი მტკიცებულება? ვანოს ხელდასხმული ვიდეოფირი, ერთმანეთს რომ უღებდნენ მამხილებელ ფარულ ვიდეომასალას და სააკაშვილთან მიარბენინებდნენ, სად წავიდა?! უამრავი სხვა ფაქტი დევს ხელისგულზე. მაგალითად, ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი რატი მაისურაძე მას შემდეგ გაიტაცეს და აწამეს, რაც გირგვლიანის მკვლელობა გააპროტესტა - შსს-ს შესასვლელთან კაბა გამოფინა და შემდეგ მერაბიშვილს სამინისტროში შეუგზავნა (რატის მაშინ ლამის სასიკვდილოდ სცემეს და მუხათგვერდის სასაფლაოზე დააგდეს). გავიხსენოთ როინ შავაძის მკვლელობა ბათუმში, მასში ხომ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა. ძნელია გარკვევა, ვისი დავალებით მოხდა ეს? როინ შავაძის მკვლელობის შემსრულებელი იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ პატარიძე. მას თავისუფლად შეეძლო იმის აღიარება, თუ ვინ მისცა "ზემოდან" ასეთი ბრძანება.
ის კი ახლა თავისუფლად დადის და შავაძის მკვლელობაში მონაწილე სპეცრაზმელებს აფრთხილებს, არ გაბედოთ დანაშაულის აღიარება, თორემ "ნაციონალები" მალე ისევ ხელისუფლებაში მობრუნდებიან და მკაცრად დაისჯებითო. მე კი მჯერა, რომ ეს სამარცხვინო პოლიტიკური ძალა ისევე ვეღარ მობრუნდება, როგორც საიქიოდან ბაბუაჩემი.…
დიმიტრი შაშკინი დღეს თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს მერაბიშვილის დანაშაულობა-უდანაშაულობაზე. არადა, თვითონ შაშკინია დასაკავებელი. მასზე საქმეც არის აღძრული, თუმცა ვერ იჭერენ. ასე მგონია, ვინც ამერიკაში მიდის, ხელშეუხებლობის გარანტიას იღებს და ისე ბრუნდება საქართველოში.…