"დინამო არენაზე" 5 ივნისს ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2013 გაიმართება. კომპანია Altervision Group-ის წარმომადგენლებმა მთაწმინდის პარკში გამართულ პრესკონფერენციაზე საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
"დღეს ჩატარდა პრესკონფერენცია, TBILISI OPEN AIR- ის წინასწარი ფართი, რომ დავიმუხტოთ და მოვემზადოთ 5-ისთვის. დინამო არენაზე შევხვდებით ერთმანეთს ხუთში, ეს იქნება რეგიონში პირველი მასშტაბური ფესტივალი და არ უნდა გამოტოვოთ. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, რომ ყოველ წელს განვვითარდეთ. წლევანდელი TBILISI OPEN AIR საპასუხისმგებლოა. მსოფლიო პრომოუტერები ყველაფერს შეაფასებენ და იმედია, მალე საქართველოც გაჩნდება მსოფლიო ვარსკვლავების ტურნეებში", - ამბობს ორგანიზატორი აჩიკო გულედანი.
პრესკონფერენციის შემდეგ ოფიციალური წინასაფესტივალო ივენთი გაიმართა. სპეციალურად ამ დღეს მელომანებისთვის ბენდებმა Catch The Clouds, Weekend Pop, NARC, Oimactta, SALIO, The Jetbird, Green Room, და Gio Shengelia & Sikha (B2B) მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს.
"ალთერვიჟენ ჯგუფის" ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2009 წლიდან ტარდება. ფესტივალის 5-წლიან ისტორიაში მუსიკალური პროგრამა წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება. "მუსიკა ათავისუფლებს", ამ სლოგანით გამართულ მუსიკალურ ფესტივალში წელს მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები DEEP PURPLE, INFECTED MUSHROOM, TRICKY, THE SUBWAYS, BLACK STROBE, MODESELEKTOR და TBILISI NEWCOMERS 2012-ის გამარჯვებული ქართული ჯგუფი KID JESUS მიიღებენ. 5 ივნისს 4 საათიდან "ალთერვიჟენ ჯგუფი" ყველას დინამო არენაზე გელოდებათ.
ელენე ცინცაძე