პოლიტიკოსი კახა ძაგანია არჩევნების შემდეგ ძალიან დათრგუნვილი იყო, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ ძალიან ცოტა ხმა აიღო. მოულოდნელად თავის ლიდერზე, შალვა ნათელაშვილზე ისეთი რამ გაიგო, რომ მორიგი ტრავმა მიიღო. გულდაწყვეტილია, რომ ადამიანს, რომელთან ერთადაც თხუთმეტი წელი იბრძოდა, როგორც აღმოჩნდა, არ იცნობდა.
ხშირად მესიზმრება რომ წყალბურთს ვთამაშობ
- დედაჩემს, ნანა ძაგანიას, თავისი ბიზნესი აქვს. პროფესიით ფიზიკოსია. ლექციებს კითხულობს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მამაც ფიზიკოსია, წლების განმავლობაში ანალიზხელსაწყოში მუშაობს.
- როგორც ვხვდები, ისინი პროფესიამ შეახვედრა ერთმანეთს.
- ორივე ერთ ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტები იყვნენ, რომ შეუღლდნენ. მყავს ერთი ძმა, ბექა, რომელიც ძალიან ცნობილი ჩოგბურთელი იყო. ახლა საფრანგეთში, ნიცაში ცხოვრობს. პოლიტიკური დევნილია. ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო ციხეში ჯდომამ მოუწია. ძმის მეშვეობით უნდოდათ, ზეგავლენა მოეხდინათ ჩემს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეკვეთები შესრულებული არ იქნა და ამის გამო ციხეში იჯდა. შეიძლებოდა, პოლიტიკური დაკვეთა რომ შემესრულებინა, ჩემი მატერიალური მდგომარეობა ასი ათასით გაზრდილიყო, რაზეც, რასაკვირველია, უარი ვთქვი. ამიტომ ჩემმა ძმამ ბოლომდე მოიხადა სასჯელი.
- რამდენი წელია, ნიცაში ცხოვრობს?
- ორი წელია, საფრანგეთში წავიდა ცოლ-შვილთან ერთად. ფრანგებმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცეს.
- ამ დროის განმავლობაში არ გინახავთ?
- ერთხელ ვიყავი ჩასული. ძალიან მინდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ვახერხებ ხშირად ნახვას. ძირითადად ინტერნეტით ვკონტაქტობთ.
- შემდეგ ფოტოზე რამდენი წლის ხართ?
- მახსოვს, იმ დროს ოქტომბრელი ვიყავი. 30-ე სკოლაში ვსწავლობდი. ამ სკოლაში იმიტომ შემიყვანეს, რომ მამაც და ბაბუაც იქ სწავლობდნენ. ბიძაჩემიც ამ სკოლაში დადიოდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვაჟთა სკოლა იყო. ოჯახური ტრადიციაა.
- მშობლების გავლენით ფიზიკას კარგად ისწავლიდით.
- ფიზიკასაც და ქიმიასაც ძალიან კარგად ვსწავლობდი. პარალელურად წყალბურთზე დავდიოდი. ბოლო ორი წელი სპორტულ სკოლაში გადამიყვანეს. სკოლა დავამთავრე და ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მინდოდა, მსუბუქ მრეწველობაში მემუშავა, მაგრამ მერე ეროვნული მოძრაობა დაიწყო. მე და ჩემი სამეგობრო ამ მოძრაობაში ვმონაწილეობდით, მაგრამ ასაკის გამო აქტიურად ვერ ვიყავით ჩართული. უბრალოდ, თანაზიარნი ვიყავით იმ მოძრაობის, რომლის სათავეშიც იყო მაშინდელი ეროვნული მოძრაობა. მერე სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, რაშიც მე მონაწილეობა არ მიმიღია. უცხოეთში წავედი. ტალინში ჩემი მეგობარი ბიზნესით იყო დაკავებული. ექვსი თვე ტალინში ვცხოვრობდით. ჩამოვედი და აფხაზეთის ომში გავიპარე. მოხალისედ წავედი. პირველ ბრიგადასთან ერთად ვიყავი.
- ფოტო წყალბურთის გუნდთან ერთად გაქვთ გადაღებული. ეს სპორტი რატომ აირჩიეთ?
- თავიდან ცურვაზე დავდიოდი. ცურვაზე სიარული ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მინდოდა, ძმის მსგავსად მეც ჩოგბურთზე მევლო. მერე ცურვიდან წყალბურთზე გადავედი ჩემი სურვილით.
- როგორც ინტერვიუმდე მითხარით, წარმატებული წყალბურთელი იყავით.
- საქართველოს ჩემპიონები გავხდით, იუნიორების საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც მოვხვდი და ბევრ შეკრებაზე დავდიოდით. ეშერაში ძალიან კარგი ბაზა იყო. საბჭოთა კავშირში ბევრ ქვეყანაში დავდიოდით და სხვადასხვა სოციალისტურ ქვეყნებში გვქონდა შეჯიბრებები. იმ ასაკში, როდესაც წყალბურთს ვთამაშობდი, შეიძლება ითქვას, წარმატებული წყალბურთელი ვიყავი. მერე ქვეყანაში არეულობა დაიწყო და აღარავის ახსოვდა წყალბურთი.