ქართველებისთვის კარგად ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა, ივანა მელაიმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. კოლეგებმა მელაის საქართველოს მოქალაქის სტატუსი "სითი კლაბში", კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის შემოქმედებით საღამოზე მიულოცეს.
გამჭვირვალე, ფარფლებიან მოკლე კაბასა და შავ მანტიაში გამოწყობილმა ივანამ მილოცვისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა. შემდეგ კი სტუმრებს თავისი დედა წარუდგინა, რომელიც კონცერტს ესწრებოდა.
ივანამ ორი სიმღერა შეასრულა. მათგან ერთ-ერთი - "ია ლუბლიუ გრუზინა" მაყურებელმა განსაკუთრებული აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
მოგვიანებით ივანა მელაი "ამბები.გე"-ს გაესაუბრა. მისი თქმით, ძალიან უნდოდა საქართველოს მოქალაქეობა და ეს სურვილი, დაახლოებით, სამი თვის წინ აუსრულდა.
- გარკვეული მიზეზების გამო ამ ამბის აფიშირება არ მინდოდა, მაგრამ ჩემმა კოლეგებმა დღეს ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს და დასამალი უკვე აღარაფერია.
- რატომ გაგიჩნდა საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი?
- ძალიან შემიყვარდა საქართველო. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა. აქ უდიდეს სითბოს, სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ. ჩემი გადაწყვეტილებით ამ ქვეყნის მიმართ მადლიერება გამოვხატე.
- ქართულ ენას თუ შეისწავლი?
- ცოტას უკვე ვლაპრაკობ ქართულად. აქ უამრავი მეგობარი მყავს და მათგან ვსწავლობ. ქართული კარგად მესმის, იმედია ლაპარაკსაც მალე დავიწყებ.
- ქართველ მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს სიმღერა "ია ლუბლიუ გრუზინა", შენი რჩეულიც ქართველი ხომ არ იქნება?
- ამას ვერ დავაკონკრეტებ. შეიძლება უცხოელიც იყოს, მაგრამ მე ყველა ქართველი მიყვარს.
- როგორც ცნობილია, მამათქვენს გარკვეული პრობლემები შეექმნა უკრაინაში. რაიმე სიახლე ხომ არ არის ამ საქმესთან დაკავშირებით?
- ამ კითხვას კომენტარის გარეშე დავტოვებ. ამ თემაზე საუბარი არ მსურს.
გიორგი ბერიძე