საპრეზიდენტო არჩევნებთან და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის პოზიცია პარტიის პოზიციის თანხვედრი იქნება , - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოსულმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით, პარტიაში გადაწყვეტილი არ არის პრაიმერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხი და ამ მიმართულებით ვანო მერაბიშვილთანაც გაგრძელდება კონსულტაციები.
"ამ დაპატიმრებამ ხელი შეუშალა ჩვენს სტრატეგიას საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერთან და კანდიდატთან დაკავშირებით. კონსულტაციები გაგრძელდება ვანო მერაბიშვილთანაც, რომელიც დაპატიმრებამდე პრაიმერის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი იყო. საკითხი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის კონსულტაციებს გავაგრძელებთ ვანო მერაბიშვილთან და ამის შემდეგ გახდება საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი", -განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისივე გამარტებით, ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობის პირობებში კანონით აქვს შესაძლებლობა დასახელდეს კანდიდატად. მისი თქმით, მერაბიშვილი წუხილს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ მისი დაკავებით ქვეყნის იმიჯი შეილახა.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, როგორც გიგი წერეთელმა განმარტა, მერაბიშვილის საპატიმროში არსებული საცხოვრებელი პირობები ზოგად სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა მას ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა აქვს. კერძოდ, როგორც წერეთელმა განმარტა, კანონმდებლობით დაშვებულია, რომ თუკი ადმინისტრაცია გადაწყვეტს საპატიმროში მერაბიშვილს ჰქონდეს ტელევიზორი. აღნიშნული მიმართულებით, წერეთელის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", შესაძლოა, სასჯელაღსრულების სამინისტროს თხოვნით მიმართოს.
წერეთლის თქმით, ვანო მერაბიშვილი თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია.
უმცირესობის წარმომადგენელი სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე იმყოფებოდა. გიგი წერეთელი ვანო მერაბიშვილთან საპატიმროში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.