მასთან შეხვედრა ცოტა გაჭიანურდა. ძალიან დაკავებულია! დიახ, ახმეტელის თეატრის მსახიობს, გია ჯაფარიძეს დღესდღეობით სერიოზული მისია აკისრია - ონის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია და დროის უმეტეს ნაწილს ქუთაისსა (პარლამენტში) და ონში (ამომრჩევლებთან) ატარებს.
მაგრამ გასულ კვირას, როგორც იქნა, შედგა ჩვენი შეხვედრა. სად? - ახმეტელის თეატრში. რატომ თეატრში? - იმიტომ, რომ პოლიტიკოსობის მიუხედავად, მას სცენა არ დაუტოვებია და ამჟამად ორ სპექტაკლში მონაწილეობს. დიახ, "ორი ბატონის" - თეატრისა და პოლიტიკის მსახურია...
საგრიმიოროში შემოსულმა, ჩემთან საუბარი საყვარელი სპექტაკლიდან, საყვარელი პერსონაჟის სიტყვებით დაიწყო: "აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა..." ბატონი გია სპექტაკლში "ვაჟა" ვაჟა-ფშაველას როლს ასრულებს...
- კარიერის მანძილზე, თეატრსა თუ კინოში ბევრი როლი გითამაშიათ, მაგრამ ვფიქრობ, ვაჟას როლი თქვენთვის მაინც განსაკუთრებულია. თან, ყველას ხვედრი ხომ არ არის, სცენაზე ქართველი გენიოსის როლი განასახიეროს? ვფიქრობ, რომ გაგიმართლათ...
- ეს სპექტაკლი პოეტის 150 წლისთავს მიეძღვნა. თარიღი რომ ახლოვდებოდა, თეატრის მმართველს, თამაზ გოლაძეს ვუთხარი, - იქნებ ვაჟას იუბილესთვის რაღაც გავაკეთოთ-მეთქი. მხარი დამიჭირა და ეს სპექტაკლიც შეიქმნა. რეჟისურა ოთარ ბაღათურიას ეკუთვნის... ვაჟა ჩემთვის, ბავშვობიდან მოყოლებული, ყველაზე დიდი პოეტია! დედაჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო (გოგებაშვილის პრემიის პირველი ლაურეატი) და სკოლაში მეც მისი მოსწავლე გახლდით... ქართულში საატესტატო გამოცდაზე (დირექტორი, ცხონებული კოწია კობერიძე გვესწრებოდა) ბილეთი რომ ავიღე, ვაჟა-ფშაველას "გოგოთურ და აფშინა" და "პეიზაჟი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში" შემხვდა. მხრებში გავიმართე და ყველაფერი ჩამოვარაკრაკე, მაგრამ დედაჩემი მაინც 4-იანს მიწერდა. - რას ამბობთ, ქალბატონო შუქურა, ამას რომ 4-იანი დაუწეროთ, 5-იანს ვის უწერთო? - უთხრა ბატონმა კოწიამ დედას... რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ჩემთვის სცენაზე ვაჟას განსახიერება, გეტყვით, რომ ეს გასაოცარი განცდაა: ღრუბლებში ფრენის ტოლფასია. ვაჟას საფუძვლიანად ვიცნობ. სიმართლე გითხრათ, ამ სპექტაკლისთვის ტექსტის სწავლა არც დამჭირვებია, რადგანაც სპექტაკლი მის შემოქმედებაზეა აგებული და ყველაფერი ვიცოდი. მასზე მუშაობის პროცესი ბატონ ოთართან ერთად, ძალზე სასიამოვნო აღმოჩნდა... ვყოფილიყავი ვაჟა-ფშაველა, ალბათ, ადრე ჩემი უდიდესი ნატვრა იქნებოდა. ეს ნატვრა პოეტის 150 წლისთავზე ამიხდა, ჩემთან თავისით მოფრინდა. იმ წელს, თეატრალურმა საზოგადოებამ ყოველწლიური ჯილდო - მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, მე გადმომცა. "ვაჟას" სპექტაკლის საუკეთესო მხატვრობისთვის ბატონი აივენგო ჭელიძე დააჯილდოეს...
- თქვენი მონაწილეობით ასევე, ვნახე სპექტაკლი "ჭურში". სცენაზე საქართველოს წარსული ცოცხლდება და ეს ყველაფერი ჩვენი პოეტური ფოლკლორის ფონზე მიმდინარეობს. წარმოდგენა მდიდარია მუსიკალური ნომრებით. მოკლედ, მასში კოლეგებთან ერთად, თქვენც მღერით. გამოგიტყდებით და არ მეგონა, თუ ასე კარგად მღეროდით...
- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის... თამაზ გოლაძე ჩვენს თეატრში მმართველად რომ მოვიდა და სუფრასთან ჩვენი ქეიფი, მოლხენა ნახა, მაშინ გაუჩნდა სურვილი, რომ ეს ჩვენი პოტენციალი რაღაცნაირად სპექტაკლში ასახულიყო და თქვა: - მოდი, ერთი მუსიკალური წარმოდგენა შევქმნათო. ამ პროექტზე სამუშაოდ ოთარ ბაღათურია შეირჩა. ის ამ ყველაფერს მთელი გულით მიუდგა და შესანიშნავი პიესაც შექმნა, რომელიც შემდგომ თავადვე დადგა. მსახიობები (ვასო შიხაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, ვალერი ტორონჯაძე), რომლებიც სცენაზე ჩემთან ერთად დგანან, ახმეტელის თეატრის ძველ თაობას წარმოადგენენ. გახსნის დღიდან (1981 წლიდან) ერთად მოვდივართ. ჩვენს შემღერებულობას მხარი კარგად აუბეს ახალგაზრდებმაც... რაც შეეხება ჩემს მუსიკალურ მონაცემებს, გეტყვით, რომ ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა. ბიძაჩემი - შალვა ჯაფარიძე ონის ანსამბლის ხელმძღვანელი გახლდათ. ბაბუაჩემი სუფრასთან რომ დაჯდებოდა, გვერდით 12 კაცი მაინც მიუჯდებოდა და პატარა სუფრაც კი, სიმღერის გარეშე არ ჩაივლიდა... ასე რომ, ყველაფერი გენეტიკურად გადმომეცა... სპექტაკლი "ჭურში" ჩვენს ურთიერთობებზე აიგო. მასში რა სიმღერებსაც ვასრულებთ, ჩვენი სული და ცხოვრებაა! ამ წარმოდგენის თამაში ყოველთვის გვსიამოვნებს. მინდა, რომ "ჭურში" საქართველოში ყველამ - ბავშვმაც და დიდმაც ნახოს.
- სამსახიობო კარიერას თქვენი დეპუტატობაც დაერთო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ მაჟორიტარი დეპუტატი გახდით და პოლიტიკაში ჩაერთეთ. რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი? არადა, როგორც მახსოვს, მანამდე პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილხართ.
- მართალს ბრძანებთ, არ ვიყავი პოლიტიკურად აქტიური. ცხონებული ზურა ქაფიანიძე, ჩემი უფროსი მეგობარი, რაჭულად ვიტყვი, მეჯუჯღურებოდა: - ბიჭო, რატომ ხარ ასე შორს პოლიტიკისგან? - დამანებე, ზურა, თავი, მე ჩემი პროფესიით ვაკეთებ ქართულ საქმეს-მეთქი, - ვპასუხობდი. - არ არის ეს საკმარისიო (ცოცხალი რომ იყოს, ჩემი დეპუტატობით გახარებული იქნებოდა)... სულ იმას ამბობდა: - მივიდეთ ბიძინასთან და ვთხოვოთ, რომ პოლიტიკაში მოვიდესო... როდესაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, ადამიანებს ქართული სულის აღდგენის იმედად მოევლინა. მეც დავიჯერე მისი... ამის შემდეგ ჩემთან რაჭველები (ონელები) მოვიდნენ და მითხრეს: - გვინდა, რომ ჩვენი დეპუტატი იყოო. - რას ამბობთ, ისეთ ფორმასა და წლებში ვარ, ჩემს საქმეში ახლა თუ გავაკეთებ რამეს, თორემ მერე გვიანი იქნება-მეთქი. - არა, ბატონო, ახლა გვჭირდებიო. მოკლედ, კი არ მთხოვეს, მომთხოვეს!.. შეიძლება, გარეგნულად არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკურად აქტიური, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ვერავინ მასწავლის! როცა საჭირო იყო, ისე ვაკეთებდი საქმეს, როგორც მეგონა, რომ სამშობლოს გამოადგებოდა. საჭირო გახდა და აფხაზეთის ომშიც წავედი ისე, რომ არავისთვის მიკითხავს. სახლში რომ მივედი და სამხედრო ფორმა მივიტანე, ჩემმა ცოლმა შეიცხადა: უი, ამას რა დაელაპარაკებაო?!. იცოდა, რომ მას არ დავუჯერებდი და რაჭაში ჩემს მშობლებს დაურეკა. ჩამოვიდნენ ჩემები. ცხონებული დედაჩემი ცრემლებს ღვრიდა. ვუთხარი: - მთელი ცხოვრება სამშობლოს სიყვარულს მასწავლიდი, ახლა სამშობლოს უჭირს და ომში არ წავიდე-მეთქი? - რა ვქნა, შვილო, შვილი ხარ, ომში მიდიხარ და ცრემლიც არ დავღვაროო? მამაჩემი ჩუმად იჯდა, ხმას არ იღებდა. მეორე დილით კი მითხრა: - მე ვაპირებდი ომში წასვლას და რადგან შენ მიდიხარ, აღარ წავალო (იღიმის). ამით მივხვდი, რომ ომში წასასვლელად გზა ხსნილი მქონდა...
- ბატონო გია, ონში ხართ დაბადებული?
- კი, იქ დავიბადე და გავიზარდე. 18 წლისა ჯარში წავედი. ჯარიდან რომ დავბრუნდი, თბილისში წამოვედი და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, სამუშაოდ ახმეტელის თეატრში მოვედი და დღემდე აქ ვარ...
- რა იყო თქვენი პირველი როლი?
- პირველივე წელს ვითამაშე მთავარი როლი გუგა ნახუცრიშვილის "კომბლეში", რომელიც ცხონებულმა ლერი პაქსაშვილმა, დიდმა კაცმა დადგა (საერთოდ, ეს თეატრი მან დააარსა). მოკლედ, "კომბლეში" კომბლე ვითამაშე, "ტოოტების ოჯახში" - ტოოტი, "იეთიმ-გურჯში" - იეთიმ-გურჯი, "ვაჟაში" - ვაჟა-ფშაველას ვთამაშობ (იღიმის)...
- სულ სახელობით სპექტაკლებს თამაშობთ... საკმაოდ ბევრ ქართულ ფილმში ("ზოგი ჭირი მარგებელია", "ხარება და გოგია" და ა.შ.) ხართ გადაღებული... ბოლოს სოსო ჯაჭვლიანის ფილმებში - "სვანი" და "მაიტა ნასოსი" ითამაშეთ. ბევრს სვანიც ჰგონიხართ.
- კი, ასეა. საერთოდ, ცოტა განსხვავებაა სვანებსა და რაჭველებს შორის. ჩვენ ხომ ერთი ქედი გვყოფს. ტრადიციები: ხატსა და სალოცავში სიარული, სიმღერები, ფერხული, ლექსები, შეწირვები - თითქმის ერთმანეთს ჰგავს... ჯაფარიძეებზე სამეცნიერო კვლევა ჩატარდა და ეთნოგრაფებმა და ფოლკლორისტებმა დაადგინეს, რომ ეს გვარი რაჭა-სავანეთის მთიანეთშია წარმოქმნილი, უფრო - რაჭაში. მოკლედ, ჩვენი გვარი რაჭული გამოდის. რაჭველი ვარ, აბა, რა ვარ?! რაჭველი ვარ, ონელი (იცინის)!
- ჰოდა, რას აკეთებთ ონისა და ონელებისთვის? იმედებს თუ უმართლებთ?
- სასესიო კვირა როგორც კი დამთავრდება, ვცდილობ, მომდევნო კვირა ჩემს ამომრჩეველთან შეხვედრას დავუთმო. ვრცელი სია მაქვს, რაზეც ვმუშაობთ, რაც უკვე გადაწყვეტილია, რომ უნდა გაკეთდეს. იმაზეც ვფიქრობთ, რა შეიძლება, სამომავლოდ გაკეთდეს. წელს ალბათ დავამთავრებთ ონის მოასფალტებას, რამდენიმე სოფელში გავაკეთებთ გზას, კიდევ, დიდი ხიდი უნდა აიგოს. ამ ყველაფერში აქტიურად ვარ ჩართული, მაგრამ ამდენი რამის გაკეთებას მხოლოდ მე არ მივიწერ. აი, იმ ხიდის ამბავი კი სულ ჩემი დაძრულია.
- რა ხიდზეა ლაპარაკი?
- ზემო რაჭაში არის სამი სოფელი: ღები, გლოლა და ჭიორა. ჰოდა, სანამ ჭიორის ვაკეში გავალთ, იქ ერთი პატარა მდინარეა, რომელიც წვიმის დროს უზარმაზარი ხდება, ყველაფერი მიაქვს და სიცოცხლისუნარიანი ორი სოფელი - ჭიორა და ღები კვირების განმავლობაში უგზოობის გამო რაიონს სწყდება. ბევრი ვიბრძოლე და ბოლოს გადაწყდა, რომ ეს ხიდი მდინარე შხიროლზე აიგება. ონისთვის წყლის პრობლემა გვინდა მოვაგვაროთ. ეს რაიონი ბუნებრივად იმისთანა ადგილას არის გაშენებული, რომ იქ აუცილებლად უმაღლესი საკურორტო ზონა უნდა იყოს, ირგვლივ 14 დასახელების მჟავე წყალი ამოდის. ამასთან, ონი 5 მდინარის (რიონი, ჯეჯორა, ღარულა, სატაურა, ჭარულა) დასაწყისშია განლაგებული და ხუთივე დასალევი წყალია, მაგრამ ისეთ დღეში იყო ონის წყალმომარაგება, რომ ონელებს სასმელი წყალი არ ჰქონდათ. რამდენი გაწვიმდებოდა, ონკანში ტალახი მოდიოდა. ამაზე მუშაობა დავიწყეთ. ძველი, კომუნისტების დროს გაკეთებული წყალსადენი მდინარე ქვედრულადან (15 კილომეტრია ონამდე) უნდა გაიწმინდოს. ზევით და ქვევით უნდა დადგეს ფილტრი და ონის მოსახლეობას მიეწოდოს გაფილტრული, სუფთა წყალი. ახლა გვქონდა გეგმაში ეს ჩასმული, მაგრამ ვეღარ გავწვდით. ყველა სოფლის წყალგაყვანილობას ვერ ვასწრებთ, მაგრამ გაისად ალბათ აუცილებლად გაკეთდება.
- ეს მსახიობი კაცი, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს პარლამენტში?
- რა ვიცი, რა გითხრათ? აქტიური ადამიანი ვარ, ერთ ადგილზე ჯდომა მიჭირს, მაგრამ იქ ყოფნაც რომ საჭიროა?! ამის გარეშე შეუძლებელია სამომავლოდ რაიმეს გაკეთება...
- ისე, ამ მოწვევისას, პარლამენტში საკმაოდ ბევრმა მსახიობმა მოიყარეთ თავი. თქვენთვის ცალკე "სამსახიობო კოალიციის" შექმნას ხომ არ აპირებთ?
- კი, ბევრნი ვართ... პარლამენტში მსახიობებიც ბევრნი ვართ და ჯაფარიძეებიც (იცინის). რაც შეეხება "სამსახიობო კოალიციას": როგორ გეკადრებათ, ბატონო, რა კოალიცია?! არავისგან გამოყოფას არ ვაპირებ. გარკვეული პოლიტიკური კურსი ჩვენ მიერ აღებულია, რომელსაც ვეთანხმები. სამშობლოსთვის სიკეთის გაკეთებას თუ არ დაეთანხმები და... ისე, უმცირესობას რომ ჰკითხო, როგორც ჩვენ ვამბობთ, ასე უნდა სამშობლოს სიყვარულიო, მაგრამ მე სხვანაირად მესმის სამშობლოს სიყვარული, რაზეც უკვე ვილაპარაკე.
- შუალედური არჩევნები რომ ახლოვდებოდა, ბატონმა ბიძინამ თქვა, - უსუფაშვილი მსაყვედურობს, მსახიობი დეპუტატი აღარ გამაგონოთო... ისე, მაინც რამ განაპირობა, რომ პარლამენტში ამდენი მსახიობი დეპუტატი ხართ?
- ალბათ საჭირო იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ხალხთან ურთიერთობა ჰქონდა. მე კარგი ურთიერთობა მქონდა ხალხთან, მენდობოდნენ, ვუყვარდი. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და თავიდანვე ვთქვი: თუ ვინმე ონში არჩევნების მომგებია, ეს მე ვარ-მეთქი! ასეც მოხდა. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც გვერდით დამიდგა... ხომ გეუბნებით, ერთი წუთით არ შემპარვია ეჭვი, რომ მოვიგებდი, მაგრამ ახლა რომ მეუბნებიან, რა ხდებოდა ჩვენ წინააღმდეგ და რა ხერხებით იბრძოდნენ "ნაციონალები", მიკვირს, რანაირად გავიმარჯვე-მეთქი?! თურმე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში საარჩევნო თანხები მოხსნა და ონში გადარიცხა: ონში გვიჭირს, ვერ ვიგებთო, მაგრამ მაინც წააგეს...
- დღესდღეობით, ქუთაისში გიწევთ ცხოვრება. როგორ გეპყრობათ ქუთაისი ამდენ დეპუტატს?
- მთავრობამ ქუთაისში ბინები მოგვცა, რომ ღამის გასათევი გვქონდეს... რაც შეეხება ქუთაისს, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემიანების უმეტესობა ქუთაისის "აკადემიაგამოვლილი" ხალხი იყვნენ. დედაჩემმა ქუთაისში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. შესაბამისად, ყოველთვის მქონდა ქუთაისთან კარგი კონტაქტი. სხვანაირი სითბოს, სიამაყის, სიყვარულის ქალაქია, რაც კარგია! იქ ყოველთვის დიდებული კოლორიტები ცხოვრობდნენ და ეს ქალაქი დღესაც ინარჩუნებს თავის ტრადიციებს.
- ბატონო გია, სამი წლის განმავლობაში საქართველოს თოვლის ბაბუაც იყავით და მაშინ თქვენი ვინაობა გასაიდუმლოებული იყო...
- ეგეც გახსოვთ (იცინის)?.. კი, ასე იყო, საქართველოს თოვლის ბაბუა ვიყავი... 60 კაცი მაინც გასინჯეს თოვლის ბაბუის როლზე და ბოლოს მე დამიძახეს... ერთხელაც, თეატრიდან საქეიფოდ მივდიოდით. უკვე გასულები ვიყავით შენობიდან, რომ ფანჯრიდან ჩვენმა მაშინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, დათო ანდღულაძემ გადმომძახა: გია, კულტურის სამინისტროში გეძახიანო. - სამინისტროში რა მინდა-მეთქი? - გავიკვირვე, მაგრამ წავედი. იქ ოთხი ჩემი მეგობარი დამხვდა - მსახიობები თბილისის თეატრებიდან. ოთახში მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ქალბატონი თამარ (თათა) ქვარიანი შემოვიდა, ყველას მოგვესალმა და ისევ გავიდა. შემდეგ ისევ შემოვიდა და თქვა: ბატონი გია დარჩეს, დანარჩენები თავისუფლები ხართო. ვკითხე: - რაშია, ბატონო, საქმე-მეთქი? - ბატონო გია, ახლა მესტიაში უნდა წახვიდეთო. - მოვემზადები და ხვალ წავალ-მეთქი, - ვუთხარი. - ხვალ კი არა, ახლავე უნდა გაემგზავროთო. - რას ამბობთ, პურმარილი მელოდება, სუფრა გაშლილია-მეთქი... მოკლედ, იმ საღამოსვე გადამსვეს სვანეთში...
- რას აკეთებდით იქ?
- იქ მაგარი "ბარდნა" თოვლი დამხვდა. გვქონდა შესანიშნავი სახლი. უამრავი ადამიანი მემსახურებოდა. ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, რომლებსაც ძალიან ვუყვარდი. ყველანი მესტიელები გახლდნენ. კარგად მახსოვს ის პერიოდი... იქ ერთი კვირა ვიყავი, სადაც გადავიღეთ მინიფილმი თოვლის ბაბუაზე ანუ, როგორ ცხოვრობდა ის სვანეთში... იქიდან მერე ვერტმფრენში ჩამსვეს და თბილისში, თავისუფლების მოედანზე დამსვეს და მივესალმე საქართველოს! მერე ლიმუზინში გადამსვეს და ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სპეციალურად მოწყობილ სახლში დამაბინავეს... 1-ლი იანვარის შემდეგ საქართველოს კუთხეების შემოვლას ვიწყებდით. ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით გვხვდებოდნენ.
- რას გვეტყვით თქვენს ოჯახზე?
- მეუღლე - მზია მარკოიშვილი ჩემი თანაკლასელია. მარკოიშვილები ცნობილი კალათბურთელები რომ არიან, მათი ბიძაშვილია. მოკლედ, ცოლი "ლომების" ჩამომავალი მყავს. ბაბუამისმა შიშველი ხელით დათვი დაახრჩო (იცინის)... მაგრამ მე არ შემშინებია, მაინც მოვპარე ყე (რაჭულად ამბობს)... მზია პედაგოგია, მაგრამ ახლა სახლში მიზის.
- რატომ? მკაცრი მეუღლე ხართ?
- არა, მაგრამ მირჩევნია, სახლში იყოს. კარგი კულინარია და შინ მისულს, გემრიელ კერძებს მახვედრებს (იღიმის)...
- შვილებზე რას გვეტყვით?
- უფროსი გოგონა პედაგოგია...
- როგორც ჩანს, დედათქვენის პროფესიას ოჯახში აგრძელებენ...
- მამაჩემივით, ელექტროინჟინერი არავინ გამოვიდა, თორემ... უფროსი გოგონა გათხოვდა, ახლა უცხოეთშია, შორსაა ჩვენგან. მენატრება. მყავს ბიჭი, რომელიც ასევე, ახმეტელის თეატრის მსახიობია. მისგან მყავს შვილიშვილი. უმცროსი გოგონა თეატრალურ უნივერსიტეტში, ქორეოგრაფიული განხრით სწავლობს. გადასარევად ცეკვავს. კარგი ბავშვები არიან და ვნახოთ...
- ბატონო გია, რაიმე ჰობი ხომ არ გაქვთ?
- ნადირობა და ტყეში ხეტიალი მიყვარს. სიმართლე გითხრათ, მეტ სიამოვნებას ტყეში ხეტიალი მანიჭებს. გლდანში ვცხოვრობთ და გლდანის შემოგარენი - ტყე-ღრე ფეხით მაქვს შემოვლილი... ერთხელ ასეთი ხეტიალისას გლდანის ტბასთან, ზემოთ, სერზე, პატარა, ძველი ბაზილიკური ეკლესია აღმოვაჩინე. მერე იქაურობას მივხედე. დავასუფთავე, ხატიც ავიტანე. სხვებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ამ ტაძრისთვის ენერგია არ დაიშურეს და ახლა მშვენიერი სალოცავია.
- დაბოლოს, რას გვეტყვით?
- როგორც პროფესიონალი მსახიობი, ბედის უმადური არ ვარ, არც სცენაზე და არც კინოში როლი არ დამკლებია, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ქართული კინო პრაქტიკულად, აღარ არსებობდა. ასე თუ ისე, მაინც ეკრანზე ვიყავი და ვჩანდი...
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)