შვეიცარიას შეფარებული ბიზნესმენი და სიძე-სიდედრისთვის წართმეული მილიონები

შვეიცარიას შეფარებული ბიზნესმენი და სიძე-სიდედრისთვის წართმეული მილიონები

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებამ. მას პატიმრობაში ყოფნა ორი თვით მოუწევს, ეს ვერდიქტი სასამართლომ გამოიტანა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია გამოტანილი გადაწყვეტილება და "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი საპატიმროში დატოვა. მერაბიშვილი ე.წ. "მატროსოვის" ციხეში მყოფ ყოფილ ძალოვან პატიმრებს გვერდით მიუსვეს. სამარტოო საკანშია გამოკეტილი, სხვებისგან იზოლირებულად.

მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, ყოფილი პრემიერი არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მართალია, არც კვარიათის აგარაკის მითვისებას აღიარებს, თუმცა ეს სახლი მის განკარგულებაში რომ იყო, ამის შესახებ მთელმა საზოგადოებამ იცის და კვარიათის მცხოვრებლებიც ადასტურებენ. ისინი ხშირად ხედავდნენ ულამაზეს ადგილას დასასვენებლად ჩასულ მერაბიშვილსა და მის მეუღლეს. ვანოს როცა ეს ადგილი უნახავს, აღფრთოვანება ვერ დაუფარავს და უთქვამს, ეს სახლი ჩემი უნდა გახდესო. მართლაც საოცარ ადგილას არის აგებული. მერაბიშვილი იქ ხშირად დადიოდა და სკუტერით ზღვის ტალღებში გაიჭრებოდა ხოლმე.

ამ წლების მანძილზე მინისტრმა თურმე სახლი თავისი გემოვნებით მოაწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, კომფორტის მოსაწყობად, სახელმწიფო სახსრები გამოიყენა. არც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადს იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომუნალური გადასახადების დავალიანებამ 18 ათას ლარს მიაღწია. ბუნებრივია, შს მინისტრს შუქის ჩაქრობას ვერავინ გაუბედავდა.

კვარიათის სამსართულიანი სახლის მეპატრონე კი ზურაბ ლობჟანიძე გახლავთ. სწორედ მისი კუთვნილი სახლის მითვისებაში ამხელენ სამართალდამცველები ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს. ლობჟანიძე 10 წელია, შვეიცარიაში ცხოვრობს. საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს და 8 წელი მიესაჯა. მსჯავრდადებულმა განაჩენი ევროსასამართლოში გაასაჩივრა და დღემდე სტრასბურგიდან ვერდიქტს ელოდება. ამბობს, რომ სამართლის აღდგენის იმედი არასოდეს დაუკარგავს.

მინი-დოსიე:

49 წლის ზურაბ ლობჟანიძეს მეუღლე და 4 შვილი ჰყავს. პროფესიით ქიმიკოსია და ბევრ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უმუშავია. 1996-1998 წლებში სააქციო საზოგადოება "რუსთავის ქიმიური კომბინატის" დირექტორთა საბჭოს, ხოლო შემდგომ - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1998-2000 წლებში სს "რუსთავცემენტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამასთან, ამ საწარმოში აქციათა 30 პროცენტის მესაკუთრე იყო. 2000-2004 წლებში ერთდროულად, "მადნეულისა" და შპს "კვარციტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრა. კვარიათის აგარაკიც წაართვეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. წითელი ცირკულარით ძებნილი ლობჟანიძე ძებნილთა სიიდან მოგვიანებით, დაკავების გარეშე ამოიღეს.

- ბატონო ზურაბ, წითელი ცირკულარით იძებნებოდით. ახლა თქვენი ფოტო ინტერპოლის ძებნილთა სიაში ვერ აღმოვაჩინე. თქვენი ძებნა შეწყდა?

- აბსურდული ბრალდებით გამასამართლეს და ძებნის გამოცხადება ლონდონში, ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში გავასაჩივრე. იქ გამოკვლევებით მიიჩნიეს, რომ ძებნა არასწორად იყო დაწყებული და საქართველოსთან შეუთანხმებლად, საერთაშორისო ძებნა მომიხსნეს, ამიტომ არ ვარ იმ სიაში, თუმცა საქართველოში ჩემს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და ეს განაჩენი არსებობს.

- როდის დაიწყო თქვენი დევნა?

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის რეჟიმმა ვითომ კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადა და მასობრივად დაიწყო მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების, ასევე მეწარმეთა დაპატიმრება. მათ, სპეციალურ ანგარიშებზე სოლიდური თანხების შეტანის შემდეგ ათავისუფლებდნენ. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. "ნაცმოძრაობის" მოსვლიდან ორი კვირის შემდეგ ეკონომიკის იმჟამინდელმა მინისტრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ დამირეკა და გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჩიძისგან მიწოდებული ინფორმაცია გადმომცა. ზურაბ ჟვანიამ "მადნეულისა" და "კვარციტის" ხელმძღვანელობიდან თქვენი გადადგომის უზრუნველყოფა დამავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპატიმრება მომიწევსო. ეკონომიკის მინისტრმა გადადგომა მირჩია, მაგრამ უარი ვუთხარი. ამ საუბრიდან 7 დღეში, 2003 წლის 15 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა "მადნეულის" სამეთვალყურეო საბჭოს წერილით მიმართა და "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", ჩემი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. ეს მოთხოვნა სამეთვალყურეო საბჭომ არ დააკმაყოფილა. ამ პროცესის პარალელურად, ხელისუფლებამ "კვარციტის" წარმოებული დორე შენადნობი, რომელიც შესანახად ბანკში იყო მიბარებული, იქიდან ამოიღო, როგორც ნივთიერი მტკიცებულება და საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში გადაიტანა. მათი მიზანი ამ კომპანიებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა იყო... იმდენი გააკეთეს, თანამდებობიდან გამათავისუფლეს. ამას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის საჯარო ბრალდება: მან განაცხადა, თითქოს საქართველოდან 3 ტონა ოქრო უკანონოდ გავიტანე და კიდევ ერთი ტონა ოქრო, გასატანად გამზადებული, ხელისუფლებამ დააკავა. ჩემს წინააღმდეგ აღიძრა საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. მალე ინტერპოლით გამოაცხადეს ძებნა. ზურაბ ჟვანიამ ასევე ფინანსურ მაქინაციებში დამადანაშაულა. ამას მოჰყვა სააკაშვილის მორიგი ბრიფინგი და ოქროს ექსპორტის ოპერაციების შედეგად, 40 მილიონი დოლარის მითვისებაში დამდო ბრალი, თან დაამატა, თითქოს შვეიცარიაში დამაკავეს. "ეგონა, არ დააკავებდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, დააკავეს..." - თქვა მან. ეს განცხადება მაშინდელმა გენპროკურორმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც დაადასტურა, რაც სიცრუე იყო, - არავის დავუკავებივარ. მერე ჩემს საქმეში ახალი ბრალდება გაჩნდა - განსაკუთრებით დიდი ოდენობითა და არაერთგზის, გადასახადებისთვის თავის არიდება. მივხვდი, საქართველოში ცხოვრება ამ უსამართლობის პირობებში შეუძლებელი იყო და 2004 წელს ჩემი უძრავი ქონება გავყიდე: თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ბინა, მარგიანის ქუჩაზე არსებული სახლი და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მდებარე აგარაკი. თუმცა, მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს ბრძანებით, უკვე გასხვისებულ ამ ქონებას ყადაღა დაედო.

- როგორც მახსოვს, მაშინ სოლიდური თანხა შეგატანინეს სახელმწიფოს ანგარიშზე.

- 2004 წლის 11 ოქტომბერს, გენერალური პროკურატურის გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე მილიონ-ნახევარი ლარი შევიტანე. ამას წინა პირობა ჰქონდა. ჩემი ბიზნესპარტნიორის, ბიზნესმენთა ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბადრი პატარკაციშვილის მეშვეობით შემომითვალეს, თუ ამ თანხას შევიტანდი, ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმეები შეწყდებოდა, საქართველოში დამაბრუნებდნენ და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას მომცემდნენ. შეთავაზება მივიღე. იმ ეტაპზე დანაპირები ხელისუფლებამაც შეასრულა, პატიმრობა გირაოთი შემიცვალეს; ჩემი ძებნა შეწყვიტეს; 2004 წლის 24 დეკემბრის კანონით იმ ორ ბრალდებას, რომელიც წარდგენილი მქონდა, ამნისტია შეეხო. მაგრამ საქართველოში მაინც არ ჩამოვსულვარ.

- რატომ?

- ხელისუფლებასთან დაახლოებული პირისგან შევიტყვე, თუ დავბრუნდებოდი, ჩემს დაპატიმრებას გეგმავდნენ და ამ გზით ჩემს იძულებას, რომ უარი მეთქვა საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ 817 ათას 484 დოლარზე და მაიძულებდნენ, ასევე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების სასარგებლოდ დამეთმო საქართველოში არსებული ჩემი აქტივები. ეს ინფორმაცია რეალური იყო: იცით, ბიზნესმენები შუაღამისას იძულებით, როგორ მიდიოდნენ ნოტარიუსთან და უფორმებდნენ ბიზნესწილებს სახელმწიფოს. სამწუხაროდ, მაშინ მამის დაკრძალვასაც ვერ დავესწარი... მოგვიანებით, დაუსწრებლად, ახალი ბრალდებები წამიყენეს. თითქოს 1998-2001 წლებში, სოფელ კვარიათში, უკანონო გზით "მადნეულიდან" და "კვარციტიდან" მიღებული ფულადი სახსრებით ავაშენე აგარაკი, რომელიც ჩემი სიდედრის - ფატი ფერაძის სახელზე იყო. არადა, ეს სახლი 1999 წელს აშენდა, როცა არც "კვარციტში" ვმუშაობდი და არც "მადნეულში". აღნიშნული ქონების არამართლზომიერი წარმოშობის შენიღბვის მიზნით, თითქოს წავაქეზე საკუთარი სიდედრი, დაემზადებინა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ - ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ეს სახლი ცნობილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს გადაეცემოდა. ანალოგიური ბრალი ჩემს სიდედრსაც წაუყენეს. ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ კვარიათის აგარაკს თვალი დაადგეს. ჯერ კიდევ 2004 წელს დავით ბეჟუაშვილი ჩემთან შვეიცარიაში ორჯერ ჩამოვიდა ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად: მთავრობის სახელით მთხოვდა სახლის გადაფორმებას, მაგრამ არ დავთანხმდი. ამის მიუხედავად, სახლს უკანონოდ ლუქები დაადეს და დაცვა ჩაუყენეს... მოგვიანებით კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენეს - თითქოს ოპოზიცია 1 მილიონი დოლარით დავაფინანსე. ხელისუფლება იმან გააბრაზა, რომ ჯოზეფ ქეის სასამართლო პროცესზე, როცა მოწმედ დამკითხეს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სასარგებლო ჩვენება მივეცი. ასევე ბეჟუაშვილები მოითხოვდნენ, "რუსთავცემენტისა" და "კასპიცემენტის" წილები მათთვის გამეფორმებინა. არც ეს გავაკეთე. ამას მოჰყვა ჩემს სახლში ვანო მერაბიშვილის შეჭრა.

- მიხეილ ყაველაშვილს რა კავშირი ჰქონდა თქვენს სახლთან?

- მიხეილი შვეიცარიაში ცხოვრობს და იქ შევხვდით ერთმანეთს. მას ჩემი აგარაკის ყიდვა სურდა. ჩემმა სიდედრმა გაუფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ნოტარიუსთან, მაგრამ ქონების მის სახელზე ბოლომდე დარეგისტრირება ვერ შევძელით, რადგან ამ სახლს ვანო მერაბიშვილი დაეპატრონა. ამ ვითარების გამო ჩვენი გარიგება ვერ შედგა და ხელშეკრულება საბოლოოდ, ჩაიშალა. მაშინ მე და ჩემი სიდედრი უკანონოდ გაგვასამართლეს და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯეს.

- თქვენი სიდედრი ციხეში იჯდა?

- არა, ის ჩვენთან ერთად, შვეიცარიაში ცხოვრობს.B ბევრჯერ მივმართეთ პროკურატურას - მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეეწყვიტა, მაგრამ - ამაოდ. სასამართლო პროცესზე მიხეილ ყაველაშვილი არც დაუკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ მზად იყო, ჩვენება მიეცა და ხელშეკრულების ნამდვილობა დაედასტურებინა. მისი დაკითხვა არ აძლევდათ ხელს - ასე ხომ სიმართლე გაირკვეოდა! ყველამ იცის, რომ ამ წლების მანძილზე მერაბიშვილი უკანონოდ, ყოველგვარი საბუთის გარეშე ცხოვრობდა კვარიათის სახლში. ძალით შეიჭრნენ იქ სამინისტროს თანამშრომლები, აგარაკიდან გააძევეს დარაჯები, მერე თავიანთი დაცვა დააყენეს და ახლოს არავის აკარებდნენ. სახლში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარეს, შეცვალეს იქ არსებული ავეჯი, გაიყვანეს სახლამდე მისასვლელი ახალი გზა, ზღვაში შესასვლელი არხი სკუტერისათვის და ა.შ. ვანო მერაბიშვილს იქ ცოლთან, თამარ სალაყაიასთან ერთად, ხშირად ხედავდნენ.

- გამოძიების მასალებში აღნიშნულია, რომ ეს სახლი შპს-ს საკუთრება იყო და იქ თქვენი გვარი არ ფიგურირებს. ამას როგორ ახსნით?

- როცა ვნახე, რა მანქანა მებრძოდა, სახლი შვეიცარიული კომპანიის - "მეტალიკ 1871"-ის სახელზე გაფორმდა. ეს კომპანია 2003 წელს ყიდულობდა პროდუქციას ზესტაფონის "ფეროსგან" და "ჭიათურმანგანუმისგან", მაგრამ მათაც დაურღვიეს კონტრაქტი და, გადახდილი თანხის მიუხედავად, აღარ მიაწოდეს პროდუქცია. "მეტალიკმა" სასამართლო პროცესი ზესტაფონს ლონდონის არბიტრაჟში მოუგო, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა არ მისცა ამ გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება. "მეტალიკი" საქართველოში სხვა აქტივებსაც ფლობს და საერთაშორისო სასამართლოებში შესატანად, ახალ სარჩელებსაც ამზადებს. ეს ცალკე თემაა და მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამჟამად, "მეტალიკ 1871"-ში დირექტორად ვმუშაობ, მაგრამ აქციონერი არ ვარ. კვარიათის სახლი ჩვენმა ოჯახმა 2007 წელს გაასხვისა "მეტალიკის" შვილობილი, ქართული კომპანიის სახელზე, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის გავლით, მაგრამ ვერც ამან შეაჩერა ვანო მერაბიშვილი. არაერთხელ მივწერე სხვადასხვა უწყებას და ვითხოვდი, ჩემი სახლიდან შს მინისტრი გამოეყვანათ, მაგრამ ვინ გამოიყვანდა?! მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს უშედეგოდ ვწერდი საჩივრებს. მერაბიშვილი მოლაპარაკებას ცდილობდა. მოითხოვდა, სახლი ჩემი ნებით დამეთმო, და სანაცვლოდ, საქმის შეწყვეტას მპირდებოდა. ერთხელ მოსალაპარაკებლად მეუფე პეტრეც კი გამომიგზავნა...

- ელოდით ვანო მერაბიშვილის დაკავებას?

- ის უფრო ადრე უნდა დაეკავებინათ. ამის სამხილი დიდი ხანია, დევს პროკურატურაში. ისე, ადამიანის დაპატიმრება ნამდვილად არ მახარებს, მაგრამ ის იმდენ უბედურებას სჩადიოდა, უნდა დაისაჯოს. არჩევნების შემდეგაც ჩემს სახლთან იდგნენ დაცვის თანამშრომლები და სახლში არავის უშვებდნენ. ერთი თვის წინ კი ვნახე ჩემი სახლის კადრები, საიდანაც ჩანს, რომ იქ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობაშია.

- თქვენი მეზობლები ამბობენ, რომ სახლი გაპარტახებული და გაძარცულია. ასევე, დატოვეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სოლიდური დავალიანება. თუ გაქვთ ინფორმაცია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მართლა გაიძარცვა თქვენი სახლი?

- ერთი თვის წინ ყველაფერი წესრიგში იყო, შემდეგ კი მართლა გაიძარცვა. ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს ვინ გააკეთა. ალბათ სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან...

- ბატონო ზურაბ, თქვენ სოლიდურ წილებს ფლობდით საქართველოში არსებულ სხვადასხვა კომპანიაში, ეს წილები შეინარჩუნეთ?

- არა. უკანონოდ საქმის აღძვრა არ მაკმარეს, პარალელურად, ხელისუფლების ჩარევით, აქტივები დავკარგე. კერძოდ, 30% ორ ყველაზე დიდ და ტრადიციულ, ცემენტის მწარმოებელ ქართულ საწარმოში, რომელიც სს "საქცემენტის" საკუთრებას წარმოადგენდა. "საქცემენტის" აქციათა 30%-იანი პაკეტის ბენეფიციარი მესაკუთრე ვიყავი. აღნიშნული აქტივის წართმევა განხორციელდა პარლამენტის წევრის, დავით ბეჟუაშვილისა და მთავრობის წევრის, გელა ბეჟუაშვილის სასარგებლოდ, რომლებიც აქციათა დანარჩენი 70%-ის მესაკუთრეები იყვნენ. ასევე დავკარგე აქციათა 16,7% რუსთავის მეტალურგიულ წარმოებაში. ამავე წარმოებაში 83.3-პროცენტიანი წილი წაართვეს ჩემს ბიზნესპარტნიორ ბადრი პატარკაციშვილს, სხვა აქტივებთან, მათ შორის, დამოუკიდებელ ტელეკომპანია "იმედთან" ერთად, რომელიც ყველამ იცის, რომ მას შემდეგ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა არაოფიციალური კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ჩემს ქონებას არ დავთმობ. წლებია, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ველოდები. საჩივარს იქიდან არავითარ შემთხვევაში არ გამოვიტან. მასში დასაბუთებული მაქვს, თუ როგორ განხორციელდა ჩემსა და ჩემს ოჯახზე ოფიციალური პირების მხრიდან დევნა, ქონების ჩამორთმევა და მისაკუთრება. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს მოვიგებ და სიმართლე გაიმარჯვებს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ