"მილანის" გუნდის სიმბოლური შემადგებლობა უკვე თბილისშია. გუნდის ძირითადი შემადგენლობა სასტუმრო "რედისონში" დაბინავდა. ისინი სასტუმროში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. ესკორტს წინ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი მოუძღოდა.
მასთან ერთად სასტუმროში მივიდნენ პაოლო მალდინი, ინძაგი, სერჟინიო და რამდენიმე სხვა ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ ძირითად გუნდთან შედარებით ადრე სასტუმროში დაბინავდნენ ანდრეი შევჩენკო და ალბერტინი. ისინი რამდენიმე ქართველ ფეხბურთელთან ერთად დახვდნენ "მილანის" გუნდის მოთამაშეებს. მათთან ერთად იმყოფებოდა დღევანდელი დღის მასპინძელი კახი კალაძეც.
კახი კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა მცირე კომენტარი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისთვის ერთის მხრივ სასიხარულო და მეორეს მხრივ დასანანი დღეა, რადგან უკვე დღეს ოფიციალურად გამოემშვიდობება გულშემატკივარს.
რაც შეეხება სტუმარ ფეხბურთელებს, ისინი აღნიშნავდნენ, რომ დღეს კახი კალაძესთან სტუმრობა მათთვის სასიამოვნოა და ქართველი გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს.
ფეხბურთელები სასტუმრო "რედისონში" რამდენიმე საათს გაჩერდებიან, შემდეგ კი გაემართებიან "დინამო არენაზე", სადან 20:30 საათზე კახი კალაძის მეგობრებისა და მილანის სიმბოლური შემადგენლობების მატჩი დაიწყება.
სასტუმრო "რედისონთან" "მილანის" ფეხბურთელებს რამდენიმე ათეული გულშემატკივარი დახვდა, რომლებიც შეეგებნენ ფეხბურთელებს "მილანის" ჰიმნით და სკანდირებით "ჩვენს კაპიტანს გაუმარჯოს". ისინი სპეციალურად მივიდნენ სასტუმროსთან "მილანის" ფორმებით და პლაკატებით, რომლებზეც გაკეთებული იყო წარწერები ფეხბურთელების გვარებით და გუნდის სიმბოლიკა. ასევე, ტრადიციისამებრ, გულშემატკივრებმა ავტოგრაფები ჩამოართვეს ფეხბურთელებს. მათ მოუწყეს საკმაოდ გულთბილი დახვედრა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.