ჩვენი რუბრიკის სტუმარია მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი. იგი "რუსთავი 2"-ის დილის ეთერიდან ყოველდღიურად ამინდის პროგნოზს გვამცნობს. ხოლო თუ რა ამინდია მის ხასიათსა და ცხოვრებაში - ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ნანუკა, დილით ადრე გიწევს გაღვიძება, დილის ძილი არ გენატრება?!
- არა, ისედაც 5 საათი ძილი მიწევდა, ასე რომ, მიჩვეული ვარ ასეთ გრაფიკს.
- გარდა იმისა, რომ დილით ამინდს გვამცნობ, რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?
- ჩემი სამსახურის წყალობით, დილას აქტიურად ვიწყებ, შინ გვიან ვბრუნდები, მაგრამ სახლში ყოფნის დროს მიღებული ენერგია მთელი დღე მყოფნის. დღე-ღამის განმავლობაში სულ ოთხი საათი მძინავს, მაქვს გადაღებები, ჩაწერა, სხვადასხვა დიზაინერთან სამოსის მოზომვაც მიხდება.
- როგორც ვიცი, იტალიაში იყავი მიწვეული.
- 3 თვის განმავლობაში ორჯერ ვიყავი იტალიაში. პირველად მეგობრებთან ერთად რომს და მილანს ვეწვიე, დაუვიწყარი დრო გავატარეთ. მეორე ვიზიტი საქმიანი იყო. მოდის კვირეულზე რამდენიმე ქართველ გოგონას ფლორენციაში მოგვიწია გამგზავრებამ, სადაც საკმაოდ გადატვირთული განრიგი მქონდა. ძალიან მნიშვნელოვანი კვირეული იყო, უამრავი უცხოელი დიზაინერი ესწრებოდა. იტალია ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანაა თავისი ხალხით.
- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?
- პირადი ცხოვრება კიდევ ცოტა ხნით უკომენტაროდ დავტოვოთ. არასოდეს მიყვარდა პირადი ცხოვრების გასაჯაროება. თუმცა, ვფიქრობ, მალე ყველაფერს ვიტყვი.
- როგორი უნდა იყოს მამაკაცი, შენი გული რომ დაიპყროს?
- ყველანაირი ადამიანი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ თვითონაც არ ვიცი, რა მინდა. ჩემთვის მამაკაცის იდეალი მამაჩემთან ასოცირდება, ჩემზე კარგად მას არავინ იცნობს, მისი ხედვა, სიკეთე, განათლება, იუმორი - ყველაფერი მომწონს. ამიტომაც ჩემთვის ძნელია, ვინმე კონკრეტულ ადამიანზე ვთქვა "მომწონს" ან "მომეწონება."
- წარმოიდგინე, რომ მამაკაცი, რომელმაც სიგიჟემდე შეგაყვარა თავი, გეი აღმოჩნდა.
- (იცინის) "არასოდეს თქვა არასოდეს" - ეს ცნობილი გამონათქვამია. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ვფიქრობ, ამის შანსი 0%-ია მაგრამ თუ მაინცდამაინც ასე მოხდა, არ ვიდარდებ, ცხოვრება გრძელდება. საკმაოდ ოპტიმისტი ვარ, არაფერი მაშინებს. თუ რამე ხდება, ყველაფერს ჩემ სასიკეთოდ ვიყენებ.
- წარმოიდგინე, რომ "ვოგის" გარეკანზე შენი შიშველი ფოტოა, რა რეაქცია გექნება?
- ვააა, რა ვიცი, ყველა მოდელისთვის ეს ოცნებაა! საერთოდ შეიძლება, ჩაცმული უფრო ვულგარული იყო, ვიდრე გახდილი. უამრავი პოზა არსებობს, ასევე განათება, რითაც შეიძლება გახდილი მოდელი ისე გაალამაზო, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს, ოჯახის წევრებიც.
- თაყვანისმცემლები საჩუქრებით თუ განებივრებენ?
- საჩუქრებს მიჩვეული ვარ (იღიმის).
- პრეზიდენტმა რომ ძვირფასი საჩუქარი მოგართვას, რა რეაქცია გექნება?
- ზოგადად, ძვირფას საჩუქრებს მიჩვეული ვარ, მაგრამ ჩემი დევიზია, არასდროს მივიღო ძვირად ღირებული საჩუქრები. მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი კლასელი მომართმევს თუ ქვეყნის პირველი პირი. არ მჯერა იმის, რომ ადამიანმა კეთილი ღიმილის სანაცვლოდ რამე გაჩუქოს.
- არასდროს მიგიღია ძვირფასი საჩუქარი?
- არავის ვუშვებ ისე ახლოს, რომ მანქანები და სახლები მაჩუქონ. მსგავსი მცდელობები ყოფილა, თუმცა ყველა კრახით დასრულდა.
ფსიქოლოგის დასკვნა
გიორგი დონაძე, ფსიქოლოგი: - ძალიან ფრთხილი ადამიანია. იცის, რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება. რეალისტია და კარგად ჩანს, რომ ილუზიებით არ ცხოვრობს.
მაკა ქობალია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)