"საქართველოს ვარსკვლავის" ყველაზე პატარა მონაწილე, ირაკლი ფუტკარაძე, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხიდან გახლავთ. ის ყოველთვის იმსახურებს ჟიურის კომპლიმენტებს და გამარჯვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატადაც განიხილავენ.
- 15 წლის ვარ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხიდან. დაბადებიდან იქ ვცხოვრობ. მყავს დედა, მამა, ძმა და ტყუპისცალი და. საკუთარი თავი შვიდი წლიდან მახსოვს, რატომ არ ვიცი, მანამდე ყველაფერს მახსენებენ. ძველებურ კასეტაზე ვუყურებ, სამი წლის ასაკში ხალხურ და უცხოურ სიმღერებს რომ ვასრულებ. ოთხი-ხუთი წელი დავდიოდი მუსიკაზე, ზუგდიდში სტუდია "მეგრიონში", მანამდე სკოლასთან არსებულ სამუსიკო წრეზე დავდიოდი, სამი წელიწადი. ათი წლის ასაკში გოგი დოლიძის სახელობის ფესტივალში მივიღე მონაწილეობა და ორი ტური წარმატებით გავიარე. ფინალში გავედი და გალაკონცერტი ოპერის თეატრში მე გავხსენი.
- როგორ გაგრძელდა შენი მუსიკალური კარიერა?
- 11-12 წლის ვიყავი, ნანი ბრეგვაძის ფესტივალზე რომ გამოვედი. პირველ ტურზე გავედი და შემდეგ ტურზე ორი სიმღერა შევასრულე. მესამე ტურში გადავედი, მაგრამ არ მამღერეს და მხოლოდ ლაურეატის წოდება მივიღე. შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი კონკურსში მონაწილეობაზე, მაგრამ მინდოდა, უფრო მეტი მესწავლა, რომ უკეთესად გამოვსულიყავი. "საქართველოს ვარსკვლავში" მინდოდა მონაწილეობა, წინა სეზონს აქტიურად ვუყურებდი. მინდოდა, ჟიურის წინაშე დავმდგარიყავი და თავი მომეწონებინა.
- მუსიკის პარალელურად საინტერესო გზა გაქვს გავლილი, ცხოვრობდი სოფელში, სადაც ფიზიკურად მუშაობა გიწევდა.
- ყოველთვის ვოცნებობდი, რომ დიდ სცენაზე, ბევრი მაყურებლის წინაშე ვმდგარიყავი. ძალიან მინდოდა, ხალხის სიყვარული მომეპოვებინა. სოფელში მამას შეშის მოტანაში ვეხმარებოდი. სოფლისგან ცოტა მოშორებით მდინარე ენგური ჩამოდის, ზაფხულობით ბავშვებთან ერთად საბანაოდ მივდივართ. არ მეზარება ფიზიკური შრომა, მაგრამ თამაშისთვისაც ვიტოვებ დროს.
- შენი სკოლის შესახებ მოგვიყევი.
- რუხში დიდი სკოლა გვაქვს. ყოველთვის გამოვდიოდი სასკოლო ღონისძიებებზე. ძალიან კარგად ვსწავლობ. დედა ოცი წელი ასწავლიდა რუხის სკოლაში მათემატიკას. შემდეგ, შვილებისთვის მეტი დრო რომ დარჩენოდა, სკოლა დატოვა და აბიტურიენტებს ამეცადინებს. მამა ზუგდიდის ანსამბლ "ჩელაში" მღერის, უკვე ოცდასამი წელია. მე ჯერ დაბადებულიც არ ვიყავი. ხშირად ვესწრებოდი მის კონცერტებს.