ბოლო დროს ეს კითხვა მეტად აქტუალურია. ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია. ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურს აღარც ეძებს, რადგან დასაქმების იმედი არა აქვთ. ზოგს ასაკი არ უწყობს ხელს, ზოგმა ინგლისური არ იცის, ზოგს კი შესაბამისი განათლება არა აქვს. სპეციალისტების დახმარებით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათეული შევადგინეთ.
1. მარკეტინგის სპეციალისტი. "ამ პროფესიის კვალიფიციურ კადრს სამსახურის მოძებნა არ გაუჭირდება. რადგან დღესდღეობით უამრავი ახალი პროდუქტი გაჩნდა ბაზარზე. კარგმა სპეციალისტმა მაღალი კონკურენციის პირობებში გაყიდვა უნდა გაზარდოს, ეს კი ადვილი ნამდვილად არაა. საჭიროა ზედმიწევნით კარგად იცოდე, რას მოითხოვს სამომხმარებლო ბაზარი. უნდა გაითვალისწინო მომხმარებლის მოთხოვნები და ისე იმოქმედო. ამ სფეროში სპეციალისტების ნაკლებობაა, ამიტომ კარგ სპეციალისტზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა."
2. ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტი. "ამ პროფესიაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია მოთხოვნა. კომპანიებს მუდმივად სჭირდებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს მყისიერად აღმოფხვრიან და პასუხისმგებელიც იქნებიან ქსელის გამართულ მუშაობაზე. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ერაა და შესაბამისად, ნებისმიერ კომპანიას, იქნება ეს მსხვილი საწარმო, სუპერმარკეტი, ჰოლდინგი თუ მცირე საწარმო, ყოველთვის სჭირდება სპეციალისტი, რომელიც ამ სფეროს გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს."
3. ვებდიზაინერი. "ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პოპულარულია მისი მიმართულებები: გრაფიკული დიზაინი, მულტიმედია, ვიზუალური ხელოვნება. ბოლო დროს საცხოვრებელი სახლისა თუ ოფისის მოსაწყობად სპეციალისტის მომსახურებით ბევრი სარგებლობს, რამაც ამ პროფესიაზე მოთხოვნა გაზარდა."
4. დისტრიბუტორი. "სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში დისტრიბუტორების საჭიროება დიდია: ბაზარზე უამრავი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა, მათ კი მომარაგება სჭირდება. თბილისი ერთი დიდი სავაჭრო სახლია. ყველგან მაღაზიები და საწყობებია. თითქმის ყველა ვაჭრობს და დისტრიბუტორიც ყველას სჭირდება. ამ სფეროში განსაკუთრებით დიდია კონკურენცია. დისტრიბუტორს სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე უწევს ზრუნვა."
5. ტურიზმის სპეციალისტი - გიდი. "ამ სპეციალობის პოპულარობა ბოლო დროს ტურიზმის მთავარ მიმართულებად გამოცხადებამ გამოიწვია, ეს მზარდი სექტორია. ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა დაიწყო, საქართველოს პოტენციალის საერთაშორისო რეკლამირებამ კი ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი გამოიწვია. მოთხოვნა გიდებზე, გამყოლებზე გაიზარდა, რამაც გასულ წლებში კადრების დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებული მოთხოვნაა ინგლისურენოვან გიდებზე. თუ გსურთ კარგი გიდი გახდეთ, მნიშვნელოვანია ორგანიზატორული უნარი."
6. ბუღალტერ-ფინანსისტი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბუღალტერი, ფინანსისტი საკმაოდ პერსპექტიული პროფესიაა. შრომის ბაზარზე ამ სპეციალობის პირებს საკმაოდ მაღალი შემოსავალიც აქვთ და მათი საქმიანობაც მეტად პრესტიჟულია. ბუღალტერი, ისევე როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიის სპეციალისტი, ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება."
7. მიმტანი, ბარმენი, სასტუმროს ადმინისტრატორი (მომსახურე პერსონალი). "ეს ის სფეროა, სადაც მომსახურების დონე, სერვისი უნაკლო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებას ვერ მიაღწევ. კვლევამ აჩვენა, რომ მოთხოვნა ამ პროფესიებზე დიდია, კომპეტენტური კადრების მოძიება კი - ძნელი."
8. ექიმი. "მედიცინა მუდმივად ვითარდება, იქმნება ახალი მედიკამენტები, იხსნება ახალი საავადმყოფოები, სამწუხაროდ, მატულობს დაავადებული ადამიანების რიცხვიც, რაც ექიმებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, პერსონალზე მოთხოვნას ზრდის. მოთხოვნაა ფარმაცევტზე, სადაზღვევო აგენტზე, ექიმის ასისტენტზე, სტომატოლოგზე."
9. იურისტი. "იურისტი, როგორც ექიმი, ყოველთვის საჭიროა. სამართალმცოდნეობა მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაა. ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია".
10. პედაგოგი. "გასაკვირი არაა პედაგოგებზე მოთხოვნის მზარდი მაჩვენებელი. ამის მიზეზი ისაა, რომ მასწავლებლობა დღეს აღარავის სურს. კვალიფიციური კადრები სამუშაოდ სკოლაში აღარ მიდიან, რადგან პედაგოგის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, პასუხისმგებლობა კი ძალიან დიდი. მალე სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები სანთლით საძებარი იქნება".
მარი მგელაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)