მართალია, საბოლოო გადაწყვეტილებას არ ახმაურებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერს აღარ გამართავს. "თუ ვანო მერაბიშვილს არ მიეცა პრაიმერში მონაწილეობის საშუალება, ეს პროცესი აზრს კარგავს". - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაცია სწორედ პროტესტის ნიშნად არ დაესწრო საპარლამენტო სხდომას. "საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის და შურისძიების მიმართულებით და დააპატიმრა ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, ამიტომ ჩვენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოვიყენებთ - რაიონული ორგანიზაციების მხარდამჭერებთან ერთად 8 რეგიონში საოლქო პროკურატურებთან გაიმართება საპროტესტო აქციები ივანიშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან", - განაცხადა ბარამიძემ. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ღვინიაშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:
- ვიწყებთ საპროტესტო მოძრაობას, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და კანონიერი ხერხებით და ეს გაგრძელდება, ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან. ეს იქნება ძალიან აქტიური პროცესი, კონკრეტულად რა და როგორ წარიმართება - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები. ფაქტია, რომ ყველა ბრალდება, რომელიც ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს წაუყენეს, სავსებით აბსურდულია. იურისპრუდენციას რომ თავი დავანებოთ და ადამიანურ ენაზე ვილაპარაკოთ, გამოვიდა ისე, რომ ქვეყანაში, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა, ის ადამიანები დაიჭირეს, რომლებიც დასაქმების პროგრამაზე მუშაობდნენ. ამ მოტივით ადამიანების დაჭერა საზოგადოებისთვის ყოვლად გაუგებარია და პირდაპირ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილისადმი წასაყენებელ ბრალს, ეს საერთოდ უცნაური რამაა: კარგა ხნით ადრე ამბობდნენ, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება დასრულებული იყო, თუმცა ამ დაანონსების შემდეგაც ჯერ არაფერია საჯაროდ ამის შესახებ ცნობილი.
- ვანო მერაბიშვილს კონკრეტული ბრალი წაუყენეს, მაინც რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ის პოლიტპატიმარია?
- ე.ი. ჯაშუშობისთვის გასამართლებული სკრილნიკოვია პოლიტპატიმარი, კიდევ ადამიანი, რომელმაც მეორე ადამიანს ექვსი ტყვია ესროლა და ვანო მერაბიშვილი არ არის?! კარგი რა, ხალხო!
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ზურაბ ჭიაბერაშვილი იყოს, რას გვეტყვით ამაზე?
- გამორიცხული არაფერია, განიხილება არაერთი კანდიდატურა, მათ შორის ზურაბ ჭიაბერაშვილისაც, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია.
- გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის შემდეგ, შესაძლოა, თქვენ და ქალაქის მერი გიგი უგულავაც დაგაკავონ, ელით პროცესების ასეთ განვითარებას?
- ერთი რამ შემიძლია გითხრათ: არც მე და არც გიგი უგულავას ისე არ გვიცხოვრია, რომ დასაჭერები ვიყოთ, მაგრამ რა ვიცი, რა უდევს ამ ხელისუფლებას გულში?!
- თქვენ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე დაგიბარეს, თუმცა, როგორც მახსოვს, უარი განაცხადეთ იქ მისვლაზე და პროკურორებს ურჩიეთ, პარლამენტში მოეკითხათ თქვენთვის, თუ დაიკითხეთ ამ საქმეზე?
- არა, არ დავუკითხივარ არავის. მაშინ უარი პროკურატურაში მისვლაზე იმიტომ კი არ ვთქვი, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შემეძლო, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი - პარლამენტარების პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რისი უფლებაც კანონით გვქონდა. ვიმეორებ, არანაირ კითხვას არ ვარიდებ თავს. არ ვიცი, დღეს ამ საქმის გამოძიებაში რა ხდება, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, ვინც რობაქიძის მკვლელი დაიჭირა და ჩასვა ციხეში.
- თუმცა, წლების განმავლობაში გამუდმებით ისმოდა, რომ მკვლელობის რეალური სურათი შეცვლილი და გაყალბებული იყო...
- აგერ ხომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, მათ ხელშია ყველა საშუალება, გამოიძიონ ეს საქმე და აჩვენონ საზოგადოებას რეალური სურათი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თუ კითხვები არსებობდა, მათზე პასუხი არ უნდა გაცემულიყო. კი ბატონო, გასცენ პასუხი, ოღონდ ობიექტური გამოძიების შემდეგ.
- კიდევ ერთი უმძიმესი საქმე უნდა გაგახსენოთ, ათი თვის ბარბარე რაფალიანცის ტრაგიკულ სიკვდილს ვგულისხმობ.
- აქ ვახსენეთ გირგვლიანი, რობაქიძე, მე ხშირად არ ვლაპარაკობ ამ მკვლელობებზე, რადგან ეს მოხდა სწორედ ხელისუფლებაში ჩემი ყოფნის დროს და ეს იყო დიდი ტრაგედიები. თუ ვინმემ განიცადა ეს მკვლელობები, ერთ-ერთი მეც ვიყავი, რადგან შეხება მქონდა ამ საქმეებთან. უმძიმესი იყო ამ ორი ახალგაზრდის დაღუპვა, მაგრამ მათზე ნაკლები მნიშვნელობის არ არის ათი თვის ბავშვის სოცოცხლე, რაც ჯერ კიდევ ვერ გამოიძიეს და რომელშიც ჩემი ყოფილი კონკურენტი მანანა ბერიკაშვილი, აწ უკვე მინისტრის მოადგილე, უშუალოდ მე მდებდა ბრალს. ამასაც არ სჯერდებოდა, ამბობდა, რომ თურმე მანამდეც არაერთი მკვლელობა მქონდა ჩადენილი. უკვე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ტრაგედია რაფალიანცების ოჯახში დღეს ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ორგანიზებული იყო.
ხომ აცხადებს კბილაშვილი, რომ ჩვენს დროს თურმე ბევრი საქმე თაროზე იყო შემოდებული და არ იძიებდნენ, ახლა რა ქნეს, რაფალიანცის საქმე თაროზე შემოდეს? მეორე დღეს ზუგდიდში ჰქონდა არჩევნები ირაკლი ალასანიას და რატომღაც ღამის ორ საათზე საეჭვოდ აღმოჩნდა გურჯაანში, განა ეს არ აჩენს კითხვებს? ადრე ხომ მე მაბრალებდნენ ამ საშინელებაში მონაწილეობას, ახლა მე მაქვს ძალიან ლეგიტიმური ეჭვი, რომ რაც მოხდა, ეს იყო მაგათი ბრალი. თუ ასე არ არის, მაშინ გამოიძიონ და გვითხრან რეალურად რა მოხდა, თვითონ მოკვდა, ვინმემ მოკლა ეს ბავშვი თუ რა უბედურება დატრიალდა? თუ არა და, მანანა ბერიკაშვილმა აგოს პასუხი. მას იმის განცდაც არ გასჩენია, რომ გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა, ადამიანურად, როგორც შვილების დედასა და ქალბატონს. ვითომც არაფერი, ზის მინისტრის მოადგილის სავარძელში ბედნიერად და სულ დაავიწყდა რაფალიანცები. სამძიმარზეც კი არ მისულა წესიერად. ყველა ქმედებას ხომ თავისი ლოგიკა აქვს, სულ რომ გადავრეულიყავი და ამგვარი საშინელება ჩამედინა, მაინც რა უნდა მიმეღო ამის სანაცვლოდ?! თანაც ბერიკაშვილთან მე არანაირი ხრიკები არ მჭირდებოდა და არც დამჭირდება არასდროს. მას თავის სოფელში მოვუგე არჩევნებში, იმიტომ, რომ ერთი დღე არ გაუთენებია იმ სოფელში. მე კიდევ მთელი ცხოვრება გურჯაანის რაიონისა და მთელი კახეთის ცხოვრებით ვცხოვრობ. ვერ მომიგებდა არჩევნებს მანანა ბერიკაშვილი, ჰოდა ადგა და ასეთი ბინძური თამაში ითამაშა. ადგეს ახლა ხელისუფლება და გამოიძიოს, რა და როგორ მოხდა.
- არჩევნების შემდეგ თითქმის ერთი თვე ისევ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, რატომ ვერ მოხერხდა იმ პერიოდში ცხელ კვალზე რაიმეს გარკვევა? ან იქნებ გაქვთ ინფორმაცია, რა მოხდა რეალურად?
- მე იურისტი ვარ და ფაქტების გარეშე ვერ ვილაპარაკებ. თან ეს ისეთი უმძიმესი ამბავია. კი ბატონო, იყო ათასი მითქმა-მოთქმა, ოჯახზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ძნელია, რაიმე დასკვნების გაკეთება იმის მიხედვით, სოფლის ბირჟაზე რას ლაპარაკობენ. ამ საქმეზე სიმართლე ჯერ არ დადგენილა, მაგრამ დადგენილია მანანა ბერიკაშვილის დანაშაუალი: როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს კვალიფიცირდება როგორც მძიმე დანაშაული - ცრუ ბრალდება.
- აპირებთ უჩივლოთ?
- ველოდები გამოძიების შედეგს, ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ გაირკვევა სიმართლე, ამის შემდეგ რას გავაკეთებ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.
- ბატონო გიორგი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად სოფელ დიცთან გადმოსწიეს, იქ ჩასულ თქვენი პარტიის ლიდერებს გიგი წერეთელსა და გივი თარგამაძეს საკმაოდ აგრესიულად შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა.
- რა გამოდის? თურმე ჩვენი ხელისუფლების ბრალი ყოფილა, რუსები ნელ-ნელა რომ მოცოცავენ და ამის წინააღმდეგ პროტესტს არავინ გამოხატავს. ბოლო ხანს ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ, თურმე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაიკარგა ცხინვალი და აფხაზეთი, კი ბატონო, 1921 წლის ანექსიაც ჩვენ დაგვაბრალონ, როგორც ჩანს, ჯალალედინის, თემურ ლენგისა და აღა-მაჰმად-ხანის თარეშიც ჩვენი ბრალი იყო, მაგრამ ახლა ხომ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში? მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა, დაუპირისპირდნენ რუსეთის ოკუპაციას? რუსეთთან ისე ლაპარაკი, როგორც ესენი ლაპარაკობენ, არ შეიძლება. ლამის თბილისში ჩამოვიდნენ.. იქ ვიღაცები აგრესიით თუ დახვდნენ ჩვენს წარმომადგენლებს, ეს არაფერს ნიშნავს, არა მგონია, იმ სოფელში ან ზოგადად საქართველოში ასე ფიქრობდეს ვინმე. ესენი, ალბათ, "ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ, რომელთაც არ სიამოვნებთ, სიმართლეს რომ ვლაპარაკობთ. რუსეთის საქციელი ყოვლად არაპროგნოზირებადია, არავინ იცის, ხვალ რას გააკეთებს, მაგრამ საჭიროა, გვქონდეს პრინციპული პოზიცია. ძალიანაც მინდა, ჩვენი მანდარინი და ღვინო სხვადასხვა ბაზარზე გავიდეს და ამოისუნთქოს ქართველმა გლეხმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ უპირველესი ჩვენი სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობაა და მერე - მანდარინი.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)